ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საგანგაშო მონაცემებს აქვეყნებს


დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისთვის დონორთა მიერ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების ხარჯვის მონიტორინგის ანგარიში ახალგაზრდა იურისთა ასოციაციამ 20 ივნისს, დევნილთა საერთაშორისო დღეს დაამთხვია და გორში წარმოადგინა, რასაც საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად დევნილებიც ესწრებოდნენ. ანგარიში სრულყოფილად დამუშავებულ მონაცემებს შეიცავს იმის შესახებ, როგორ იხარჯებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დევნილთათვის გამოყოფილი თანხები. მონაცემები სრულიად შოკისმომგვრელია.

ომის შემდგომ საცხოვრებლით უზრუნლევყოფის მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოსთვის 68 მილიონ ევროზე მეტი გაიღეს. 2008-2009 წლებში კი საქართველოს მთავრობამ 8 განკარგულება მიიღო, რომლითაც გამოიყო თანხები საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, სსიპ მუნიციპლური განვითარების ფონდისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გამგეობებისთვის, რამაც ჯამში 199 მილიონ ლარამდე შეადგინა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იკვლევდა, რამდენად სწორად, კანონიერად და ეფექტურად გაიხარჯა ეს თანხა იმ ფონზე, როდესაც საცხოვრებლით კმაყოფილი დენილის პოვნა საქართველოში, პრაქტიკულად შეუძლებელია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა მოიცავს სატენდერო დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვათა დეტალურ ანალიზს და ნაჩვენებია მთელი კორუფციული სქემა, როგორ უჩინარდებოდა თანხა დევნილთა ხარჯზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თათული თოდუა სხვებთან ერთად რუისში მცხოვრები ქალბატონის სახლის საშეხებაც საუბრობს, რომელსაც ომის დროს ბომბი დაეცა. მისი სახლის რეაბილიტაციაში, საბუთების მიხედვით, სახელმწიფოს 160 ათასი ლარი აქვს გადახდილი მაშინ, როდესაც სახლის პატრონმა არათუ ამის შესახებ არაფერი იცის, არამედ სახლის სანახევროდ აღდგენაც საკუთარი სახსრებით მოახდინა.

ზაურ ზუბაშვილი დევნილია სოფელ ხეითიდან და ამჟამად სკრის ჩასახლებაში ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ საშინელ პირობებში უწევს თავის გატანა. კოტეჯები, ნესტიან ადილასაა აშენებული და იატაკის გაწეული ფიცრებიდან ამოსულ ჭაობის ბალახს ყოველდღე საკუთარი ხელით აცილებს კედლებს. იგი ამბობს, რომ თავს თავისუფალ პატიმრად გრძნობს. რადგან ცხოვრობს იქ, სადაც ნესტი და სიბინძურეა, ფაქტობრივად თავისუფალია, რეალურად კი გასაქცევი არსად აქვს.

ახალგაზრდა იურისთტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, თამარ ხიდაშელი ყურადღებას ამახვილებს ტენტერების მიკერძოებულად გამართვის თაობაზე. იგი ამბობს, რომ სახელმწიფო ხელოვნულად დევნიდა ისეთ სამშენებლო კომპანიებს, რომელიც არ აწყობდა, რჩეულთ კი საგანგებო პირობებს უქმნიდა. ანგარიშში წარმოდგენილი დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ ფავორიტი კომპანიები ტენდერში გამარჯვებას ხელოვნურად დაწეული ფასით აღწევდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი სამუშაოს შემსრულებლად დასახელდებოდნენ, მომენტალურად ზრდიდნენ სახელმწიფოსგან მოსათხოვი თანხის ოდენობას, ზოგიერთ შემთხვევაში 300 პროცენტითაც კი. მუნიციპალური განვითარები ფონდი ამას შესასრულებელი სამუშაოს გაზრდით ხსნის, ამავდროულად კი თავად აწერს ხელს, ხშირ შემთხვევაში გადაუმოწმებლადაც კი, უხარისხო სამუშაოს ჩაბარებას. თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ ოფიციალური ცნობების მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის ყველაზე სოლიდური დონორები სწორედ ის სამშენებლო კომპანიები არიან, რომლებიც ყველაზე ხშირად იგებდნენ დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების აგებისთვის გამართულ ტენდერებში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები დღესვე ანგარიშს საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოს კონტროლის პალატასა და პროკურატურას გადაუგზავნიან შესწავლისა და რეაგირების მოხდენის მიზნით.

XS
SM
MD
LG