ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეთნიკური წმენდის სავალალო შედეგები ყაზახეთში


დაღუპულთა რეალური რიცხვი ხუთჯერ მაინც აღემატება ოფიციალურად გამოცხადებულ რადენობას.

ასობით დაღუპული, ათასობით დაჭრილი, ასი ათასობით ლტოლვილი, ასეთია ყირგიზეთში ეთნიკური წმენდის სავალალო შედეგები. გამხეცებული ბრბოს მსხვერპლთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

ხშირია გაუპატიურების, ძარცვის და გაუგონარი სისასტიკის შემთხვევები, რომლებიც კაცობრიობის ყველაზე უფრო შავბნელი პერიოდის, დაუნდობელი ბარბაროსების თარეშის ხანას გვაგონებს.

ყირგიზეთის სამხრეთში ყირგიზები უზბეკებს დაერივნენ. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 200 ადამიანი, მაგრამ როგორც ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ლიდერი როზა ოტუნბაევა აცხადებს, დაღუპულთა რეალური რაოდენობა ხუთჯერ მაინც აღემატება ამ რიცხვს. ყირგიზეთში გამეფებულ ქაოსში არავინაა გამკითხავი.

გადამწვარია ასობით სახლი, გაძრცვულია და დარბეულია უამრავი მაღაზია. გაეროს მონაცემებით, 400 000 ადამიანი გამოძევებულია საკუთარი სახლკარიდან. გაუპატიურებულია უამრავი ახალგაზრდა ქალიშვილი.

როგორც ქალაქ ოშის მაცხოვრებელი მატლუბა აკრამოვა აცხადებს, მისი 16 წლის ნათესავი მაშინ გააუპატიურეს, როდესაც მამისთვის თავზე ჭრილობის გადახვევას ცდილობდა. მისი თქმით:

’’ გოგონა საკუთარი მამის თვალწინ შეურაცხყვეს, ისეთი რაღაც ჩაიდინეს რასაც ცხოველიც კი არ გააკეთებს.“

როგორც ოშში მცხოვრებმა უზბეკმა ექიმმა ჟურნალისტებს უთხრა:

"ძალდობის მსხვერპლთ უჭირთ თავს გადახდენილ უბედურებაზე საუბარი. ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციის "ჰუმან რაითს ვოჩის" წარმომდგენელის ანა ნეისტატის განცხადებით, დაზარალებულთა რაოდენობის განსაზღვრა ძალზე ძნელია. მისი თქმით:

“ მე მხოლოდ ერთი დოკუმენტურად დასაბუთებული გაუპატიურების შემთხვევა ვიცი, რადგან ამ ქალს თავად ველაპარაკე, თუმცა არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ ამ რაიონში უამრავი ამგვარი ფაქტი მოხდა.“

როგორც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის შუა აზიის მკვლევარი ალიშერ ხამიდოვი აცხადებს, კრიმინალები ყაჩაღობასთან ერთად ადამიანთა გატაცებითაც არიან დაკავებულნი:

"მათ მდიდარი ხალხი აჰყავთ მძევლად და მერე გამოსასყიდს თხოულობენ, სახელმწიფოს კი არაფერი არ შეუძლია ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად.“

გაერო, შეერთებული შტატები და რუსეთი ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას ცდილობენ. დაახლოებით 100 000-მდე ლტოლვილმა უზბეკეთის ტერიტორიას შეაფარა თავი. დანარჩენები უზბეკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე არიან თავმოყრილები.

კელვინ უაიტი ორგანიზაცია ექიმები საზღვრებს გარეშეს წარმომადგენელია, რომელმაც ლტოლვილთა ერთ-ერთი ბანაკი მოინახულა. მისი თქმით:

“რაც უფრო მეტი დრო გადის ადამიანები მით უფრო შეშფოთებულნი არიან თავიანთი ხვედრით. ხალხმა არ იცის რა იღონოს, არავინ იცის როგორი იქნება მათი მომავალი.“

რაც შეეხება მოძალადეებს, როგორც ალიშერ ხამიდოვი ამბობს, ისინი ალბათ დაუსჯელნი დარჩებიან. მისი თქმით:

“ ამ შეტაკებებში ათასობით ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომელთა ამოცნობა თითქმის შეუძლებელია, რადგან როდესაც ყველაფერი დამთავრდება ისინი ჩვეულებრივ მშვიდობიან მოსახლეობაში გაითქვიფებიან.“

ძალადობის კლებასთან ერთად, როგორც იქნა ყირგიზეთის დროებითი მთავრობის მეთაურმა როზა ოტუნბაევამ მოახერხა ტრაღედიის ეპიცენტრში ქალაქ ოშში ჩასვლა. ის ხალხს გაპარტახებული ქალაქის აღორძინებას და ლტოლვილების დაბრუნებას დაპირდა. თუმცა რა მოხდება მომავალში არავინ უწყის...

XS
SM
MD
LG