ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ გაჩნდა მოსაზრება, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც წესით, დაინტერესებულები უნდა ყოფილიყვნენ დარღვევების გამოვლენით, დუმილს ამჯობინებენ.
შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში საარჩევნო დარღვევების გასაპროტესტებლად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უფრო მეტი ძალისხმევა გამოავლინეს, ვიდრე ოპოზიციონერებმა.
„სამართლიანი არჩევნების“ წარმომაგენელი გორში, თეა თედლიაშვილი ამბობს, რომ როდესაც თავად ცდილობდა უბანზე დარღვის გაპროტესტებას და ამის შესახებ საჩივრის დაწერას, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამ დოკუმენზე ხელმოწერის გაკეთებაზე უარს ამბობდნენ. „სამართლიანმა არჩევნებმა“, ისევე როგორც „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა“ გორში რამდენიმე უბანზე მომხდარი დარღვევა გააპროტესტეს, თუმცა არც საოლქო საარჩევნო კომისიამ და არც სასამართლომ არც ერთი დარღვევა არ აღიარეს იმდენად სერიოზულად, რომ უბნის შედეგები გაუქმებულიყო.
დარღვევა, რომლის შესახებაც „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ წარმომადგენელი საბა წიწიკაშვილი საუბრობს, საკმაოდ სერიოზულად გამოიყურება. იგი ამბობს, რომ ვარიანის საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესს დაეწრო, როგორც დამკვირვებელი და საკუთარი თვალით ნახა, რომ საარჩევნო ყუთში ჩაყრილი ბიულეტენების რაოდენობა რამდენიმე ათეულით აჭარბებდა სიებში ხელწერათა რაოდენობას. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი შენიშნეს კომისიის წევრებმა, გადაწყვიტეს საკუთარი ხელით ჩაემატებინათ ხელმოწერები ამომრჩეველთა გვარების გასწვრივ და და ამ გზით აღედგინათ ბალანსი ხელმოწერებსა და ბიულეტენებს შორის. ამისთვის ვარიანის უბანზე კომისიის წევრებმა ღამის 2 საათზე გახსნეს მათ მიერ რამდენიმე წუთის წინ დალუქული დოკუმენტაცია და დაიწყეს მისი კორექტირება.საბა წიწიკაშვილი ამბობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობას იღებდნენ ასევე ოპოზიციური პარტიის წევრები. მისივე თქმით, უბანზე შექმნილი გაურკვევლობის მოწესრიგების მიზნით, ვარიანში ღამის 3 საათზე მივიდა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ხორბალაძე, რომელიც უპრობლემოდ შევიდა უბანზე, სადაც ხმის დათვლის პროცედურა დამთავრებული არ იყო. საბა წიწიკაშვილმა მოახერხა ამ ყველაფრის ვიდეო კამერით დაფიქსირება და ფაქტი სასამართლოში გაასაჩივრა.
გორის სასამართლომ ვარიანის უბანზე დარღვევის ფაქტი ვერ დაადგინა, მიუხედავად წარდგენილი ვიდეომასალისა. სააპელაციო სასამართლომ კი ძალაში დატოვა გორის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ ერთ უბანზე გამოვლენილი დარღვევა საერთო სურათს ვერ შეცვლიდა. ანალოგიური მოტივით, რომ არჩევნების საერთო შედეგზე გავლენა არ ექნებოდა გამოვლენილ დარღვევას, არ დაკმაყოფილდა არც ერთი საჩივარი, რაც კი საოლქო საარჩენო კომისიაში, ან სასამართლოში შევიდა.
გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ხორბალაძე ამბობს, რომ იგი მართლაც მივიდა ვარიანის უბანზე ღამით, თუმცა აქვე დასძენს, რომ მას უბანზე შესვლის უფლებამოსილება გააჩნდა და ამით კანონი არ დაურღვევია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი განმარტავს, რომ ხმის დათვლის დროს საარჩევნო უბანი დახურულია და იქ შესვლის უფლება არავის აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადგილი აქვს ინციდენტს. ასეთ დროს საუბნო კომიის თავმჯდომარეს უფლება აქვს გამოიძახოს პოლიცია, რომელიც უბანზე წესრიგს დაამყარებს.
ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების დროს რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ქუთაისსა და ბათუმში სცემეს დამკვირვებლები „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“. მიზეზი ამ ყველაფრისა გახლდათ ის, რომ ისინი დაღვევების დაფიქსირებას ცდილობდნენ, რის საშუალებასაც საუბნო კომისიის თავმჯდომარე და წევრები მათ არ აძლევდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას შიდა ქართლში არც ერთი უბნის მაჩვენებელი არ გაუქმებულა.