პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია ქვეყნის სენატს რუსეთთან დადებული ახალი ბირთვული ხელშეკრულების, იგივე „სტარტის“ რატიფიცირებისკენ მოუწოდებს. სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს განუცხადა, რომ მათ წინაშე აბსოლუტურად მკაფიო არჩევანი დგას.
„ჩვენ გვაქვს არჩევანი - გვქონდეს ან არ გვქონდეს. ხელშეკრულება, რომელიც რუსეთთან ბირთვულ სფეროში ურთიერთობებს განსაზღვრავს. გვქონდეს ან არ გვქონდეს რუსეთის სტრატეგიული ბირთვული შეიარაღებული ძალების ვერიფიკაციის მექანიზმები; არსებობდეს ან არ არსებობდეს რუსეთისთვის სამართლებრივი ვალდებულებები შეთანხმებული ბირთვული არსენალის შესახებ,“ განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
არმიის შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ ადმირალმა მაიკ მალენმა ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სამხედრო თვალსაზრისი განავითარა.
„სარდლობას და მე, გვჯერა, რომ ახალი „სტარტის“ ხელშეკრულება აყალიბებს მნიშვნელოვან და აუცილებელ ბალანსს სამ მიზანს შორის. საშუალება გვეძლევა შევინარჩუნოთ მოქნილი და ძლიერი ამერიკული ბირთვული შემკავებლობა; გვეხმარება გვქონდეს ღია და გამჭვირვალე ურთიერთობები რუსეთთან; ასევე აშკარას ხდის ჩვენს სახელმწიფო ვალდებულებას მსოფლიო მასშტაბით ბირთვული ინციდენტების რისკების შემცირებასთან მიმართებაში, რაც ბირთვული იარაღის გავრცელებას უკავშირდება,“ განაცხადა მალენმა.
ოფიციალური პირების განცხადებით, ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე აკრძალვას შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო პროგრამასთან დაკავშირებით. თუმცა, თავდაცვის მდივან რობერტ გეითსის განცხადებით, ეს პროგრამა არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, არამედ მისი მიზანი ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხეების შეკავებაა. ზოგიერთი სენატორი არსებულ ხელშეკრულებას, იმის გამოც აკრიტიკებს, რომ მასში არ არის დაწესებული შეზღუდვები მოკლე რადიუსის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე.
როგორც ჩანს, ეს ნაკლოვანება ადმირალ მალენსაც აქვს გაცნობიერებული.
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ერთად განვიხილოთ ეს ხელშეკრულება. აქ არ არის ყველაფერი, რაც ყველას დააკმაყოფილებდა,“ განაცხადა მალენმა.
ამასთანავე, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მათ უკვე აცნობეს რუსეთს, რომ სურთ ცალკე ხელშეკრულების გაფორმება ტაქტიკური ბირთვული იარაღის შემცირების შესახებაც. სენატორთა ის ნაწილი, ვინც ხელშეკრულებას მხარს უჭერს, იმედოვნებს, რომ დოკუმენტის რატიფიცირება უახლოეს რამდენიმე თვეში მოხერხდება.