ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„არაბული გაზაფხული“, „რუსული ზაფხული“ და სურსათი


„არაბული გაზაფხული“, „რუსული ზაფხული“ და სურსათი
„არაბული გაზაფხული“, „რუსული ზაფხული“ და სურსათი

ანალიტიკოსების აზრით სასურსათო კრიზისი მომავალშიც გაგრძელდება

2011 წელი იწურება. მსოფლიოში სურსათის ფასები კი ისევ მაღალია. საკვები პროდუქტი ბოლო სამი წლის განმავლობაში უკვე მეორეჯერ გაძვირდა. როგორც ექსპერტები ფიქრობენ, ფასების მატება ამ დონეზე არ შეჩერდება. მსოფლიო სასურსათო პრობლემას „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სტივ ბარაგონა იკვლევდა.

2011 წლის მთავარი მოვლენა არაბულ სამყაროში დაწყებული პროტესტის სერია. ამის ერთერთი მიზეზი კი სურსათის გაძვირებაში უნდა ვეძებოთ, რადგან სწორედ ამან შეუწყო ხელი არაბულ ქვეყნებში რეჟიმების მხრიდან ჩაგვრის გაძლიერებას. სწორედ ამის შედეგად გაიზარდა კორუფციის და შესაბამისად სიღატაკის მასშტაბები, ხოლო რეჟიმების რეპრესიული ხასიათი კიდევ უფრო აუტანელი გახდა.

ამ ყველაფერს, ქაიროში თაჰრირის მოედანზე გამოსული ეგვიპტელებიც აპროტესტებდნენ.

„ყველაფერი გაძვირდა. ჩვენ აქ უნდა დავრჩეთ, სანამ ეს რეჟიმი არ წავა. სხვა გამოსავალი არ გვაქვს,“ - ამბოდა ერთერთი დემონსტრანტი.

ის პოლიტიკური ცეცხლი, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაში გაღვივდა, ერთგვარად შარშანდელი რუსული ზაფხულის შედეგია. ყველას ახსოვს რუსეთში მძვინვარე ხანძრის კერები, რომელმაც ქვეყნის ხორბლის მოსავლის თითქმის მესამედი შეიწირა. მოსკოვმა ხორბლის ექსპორტი შეაჩერა, რის გამოც მსოფლიო ბაზრები პანიკამ მოიცვა. ყოველივე ამის შედეგად სურსათზე ფასებმა ზრდა დაიწყო და წელს პიკს მიაღწია. საერთაშორისო სასურსათო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი შენგენ ფანი თვლის, რომ არაბული გაზაფხული სწორედ ამ მოვლენებმა გამოიწვია.

2008 წელს, როდესაც სურსათზე ფასებმა პირველად მოიმატა. რამდენიმე ქვეყანაში და მათ შორის ეგვიპტეში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა. შენგენ ფანი ამბობს, რომ 2011 წლის მოვლენები უკვე გაკვეთილი უნდა გახდეს.

„სურსათზე ფასები უფრო ხშირად და სწრაფად მოიმატებს. ამდენად, ეს არის პირველი გაკვეთილი რაც ჩვენ ვისწავლეთ. მეორე ის არის, რომ სურსათზე მაღალი ფასები შენარჩუნდება,“ - ამბობს ფანი.

მისი თქმით, პროდუქტებზე ფასები მაღალი და მყიფე იქნება, რადგანაც მიწოდება მოთხოვნის ზრდას ვერ ეწევა. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ წელს მსოფლიოს მოსახლეობამ 7 მილიარდს მიაღწია. ასევე მოსალოდნელია, რომ დაახლოებით ნახევარ საუკუნეში კიდევ ორი მილიარდით მოიმატებს. მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში კი, მაგალითად ჩინეთში, მოსახლეობა უფრო მეტ ხორცს ჭამს, რასაც შესაბამისად მეტი პირუტყვის მოშენება სჭირდება.

როგორც კორნელის უნივერსიტეტის ეკონომისტი კრის ბარეტი ამბობს, სურსათზე მოთხოვნის ზრდა პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა.

„პრობლემაა ასევე სურსათის განაწილება და ბიოსაწვავის წარმოება,“ -აცხადებს კრის ბარეტი.

შეერთებულ შტატებში 2011 წელს სიმინდის გამოყენება უფრო მეტად ბიოსაწვავის მისაღებად დაიწყეს ვიდრე პირუტყვის გამოსაკვებად. ამავდროულად, სოფლის მეურნეობის წარმოების ტემპები შენელდა.

„რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს ბოლო ორმოცი წლის მანძილზე სოფლის მეურნეობაში ყველაზე ცუდი ინვესტიციაა,“ - ამბობს ბარეტი.

მსოფლიოს სურსათის ბაზარს ასევე დიდ ზიანს აყენებს უამინდობა. კლიმატური ცვლილებები პრობლემის ერთერთი უმთავრესი მიზეზია.

წელს „დიდი ოცეულის“ ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრებმა სასურსათო კრიზისის მოგვარების გზებზე იმსჯელეს. „დიდი რვიანის“ ლიდერებმა კი მსოფლიოს სოფლის მეურნეობის გასავითარებლად 22 მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობა დადეს. თუმცა, როგორც ბარეტი ამბობს, ამ ქვეყნების ნაწილსაც საკუთარი ფინანსური პრობლემები აფიქრებთ.

შენგენ ფანი კი აცხადებს, რომ სანამ ეს შიდა პრობლემები გაგრძელდება, იქამდე სურსათზე ფასები არ დაეცემა.

„თუკი ჩვენ არ ჩავდებთ ინვესტიციებს სოფლის მეურნეობაში და საკვების წარმოებაში, მანამდე მიწოდება არ გაუმჯობესდება და სურსათზე ფასებიც არ დაეცემა,“ - ამბობს შენგენ ფანი.

ამ პრობლემას დადებითი მხარეც აქვს. კერძოდ ის, რომ მაღალი ფასები ფერმერებს წარმოების გაძლიერების სტიმულს მატებს. შესაბამისად 2011 წელს რეკორდული მოსავალი იყო, რამაც ბევრ ქვეყანაში სურსათზე ფასების შერბილება გამოიწვია. თუმცა, ბევრგან ეს არ მოხდა. მათ შორის ეგვიპტეში, სადაც საკვებზე ფასების ზრდა გრძელდება. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ეს პროცესი 2012 წელსაც გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG