ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე სამი ჯარისკაცი დაიღუპა


კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე სამი ჯარისკაცი დაიღუპა

დღეს დილით 11 საათზე კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე ნაღმმტყორცნის ჭურვის აფეთქების შედეგად სამი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 13 კი დაიჭრა. თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, წვრთნის დროს დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ განაპირობა. დაჭრილები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებიან. რუსთავის საქალაქო საავადმყოფოს მედპერსონალის ინფორმაციით, 13 დაჭრილი ჯარისკაციდან 9 ჯარისკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 4 სამხედრო პირი კი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მათ ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარეს. საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში რიჩარდ ჰოლბრუკისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება, მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და მოითხოვა მომხდარის სასწრაფოდ გამოძიება. დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიუსამძიმრა: -„უაღრესად ვაჟკაცური და კეთილშობილური პროფესიის წარმომადგენლების, ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე, ისევე როგორც თითოეული ჩვენთაგანის სიცოცხლე უძვირფასესია ჩვენი ქვეყნისთვის. იმედია გამოძიება დროულად დაადგენს ამ ტრაგედიის ყველა დეტალს„ - აცხადებს დავით ბაქრაძე. ინციდენტს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია იძიებენ.

XS
SM
MD
LG