ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროგრესი ბირთვული განიარაღების სფეროში


პროგრესი ბირთვული განიარაღების სფეროში
პროგრესი ბირთვული განიარაღების სფეროში

ბირთვული განიარაღების სფეროში უმნიშვნელო პროგრესი შეინიშნება და სხვადასხვა ქვეყნები ახალი შეიარაღების განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს აბანდებენ, აღნიშნულია გუშინ სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, შეერთებული შტატებისა და რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების ზომიერი შემცირება გლობალურ არსენალებს მხოლოდ უმნიშვნელოდ ამცირებს, იუწყება ლონდონიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი სელა ჰენესი.

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტის ცნობით, გლობალური მასშტაბით ბირთვული არსენალების შემცირების პერსპექტივა უიმედო როდია.

ანგარიშის თანახმად, ცივი ომიდან მოყოლებული ზოგადად ბირთვული შეიარაღების გლობალური არსენალი მნიშვნელოვნად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ცივი ომის დროს ბირთვულ შეიარაღებათა რიცხვმა 70,000-ს მიაღწია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ახლა ბირთვული შეიარაღების გლობალური არსენალი დაახლოებით 20,000-ს მიუახლოვდა. ბირთვული შეიარაღების შემცირებას ხელს უწყობს გასულ წელს შეერთებული შტატებისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება.

თუმცა სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტის შეიარაღებისა და გაუვრცელებლობის პროგრამის ხელმძღვანელი შენონ კაილი აღნიშნავს, რომ შეიარაღებათა შემცირების სფეროში გარკვეული პრობლემები შეინიშნება.

მაგალითად მკვლევარს მოჰყავს ის გარემოება, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად აღიარებულ ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფოებს გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარი ბირთვული არსენალების შენარჩუნება სურთ.

„ყველა ამ სახელმწიფომ უკვე დააპირა ან დაიწყო ბირთვული პროგრამების მოდერნიზაცია. შეერთებული შტატების შემთხვევაში ეს ძალისხმევა წინასწარ უკვე რამდენიმე ათწლეულზეა გათვლილი. ამდენად მართალია ზოგადად არსენალი კლებულობს, ცხადია ისიც, რომ სრული ბირთვული განიარაღება მხოლოდ შორეულ მომავალში გახდება რეალობა,“ აღნიშნა შენონ კაილმა.

შვედური კვლევითი ორგანიზაციის ანალიტიკურ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო მასშტაბით დღეს-დღეობით სრულ მზადყოფნაში დისლოცირებულია დაახლოებით 5,000 ბირთვული რაკეტა.

შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ყველაზე დიდი არსენალები გააჩნიათ. მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით, რუსეთს 11,000 ბირთვული რაკეტა გააჩნდა, ხოლო შეერთებულ შტატებს კი 8,500. ამასთან ერთად, როგორც რუსეთს ისე შეერთებულ შტატებს 2,000-ზე მეტი ბირთვული რაკეტა მუდმივ მზადყოფნაში აქვს დისლოცირებული.

საერთაშორისო სამართლის თანახმად, სულ მსოფლიოში ბირთვული შეიარაღების მქონე ხუთი სახელმწიფოა აღიარებული, შეერთებული შტატების, რუსეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და ჩინეთის ჩათვლით.

ინდოეთს, პაკისტანსა და ისრაელს აგრეთვე ბირთვული შეიარაღების არსენალი გააჩნია. ბირთვული შეიარაღების მქონე ქვეყნების რიცხვს ალბათ ჩრდილოეთ კორეაც მიეკუთვნება.

შენონ კაილი დასძენს, რომ სამხრეთ აზიის რეგიონში ბირთვული შეიარაღების მქონე ქვეყნები გარკვეულ შეშფოთებას იწვევს.

„ინდოეთი და პაკისტანი ფაქტობრივად გამალებულ ბირთვულ შეიარაღებაში არიან ჩართულნი. ორივე სახელმწიფო არსენალის გაზრდის მიზნით ბირთვული შეიარაღებისთვის საჭირო ატომური მასალის წარმოებას აფართოებს. ამას გარდა, ორივე მხარე ბირთვული შეიარაღების მიწოდების საშუალებათა რიცხვსა და მრავალფეროვნებაზე აქტიურად ზრუნავს. ამდენად, სამხრეთ აზიის რეგიონში ტენდენცია საპირისპირო მიმართულებით ვითარდება, რაც, ჩემი აზრით, დიდ შეშფოთებას იწვევს,“ დასძენს შენონ კაილი.

XS
SM
MD
LG