დღეს პრეზიდენტი ობამა თეთრი სახლის ოვალური ოფისიდან ამერიკელ ხალხს სიტყვით მიმართავს მექსიკის ყურეში მომხდარ ეკოლოგიურ კატასტროფასთან დაკავშირებით
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს საღამოს ეროვნული ტელევიზიით ამერიკელ ხალხს სიტყვით მიმართავს მისი ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ მექსიკის ყურეში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. ეს პრეზიდენტი ობამას პირველი მიმართვა იქნება თეთრი სახლის ოვალური ოფისიდან.
ხსენებულ მიმართვას პრეზიდენტი გააკეთებს ფლორიდიდან ჩამოსვლის შემდეგ. როგორც ცნობილია, დღეს პრეზიდენტი ობამა მიმოიხილავს იმ ეკოლოგიურ ზარალს, რომელიც ფლორიდის შტატის სანაპირომ განიცადა ოკეანეში ნავთობის ჩაღვრის შედეგად. გუშინ ის მეზობელი მისისისიპისა და ალაბამას შტატების სანაპირო რაიონებს ესტუმრა და აღუთქვა იქ მცხოვრებ ხალხს, რომ მათი ცხოვრება მალე ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება, მაგრამ ჩაღვრილი ნავთობის გაწმენდა მალე ვერ მოხერხდება.