ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკანდალური სპექტაკლი „სტივ ჯობსის აგონია და ექსტაზი“


საზოგადოებრივი აზრი „ეფლის“ პროდუქციის მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა. ნიუ იორკის ქუჩებში საპროტესტო აქციებიც კი მოეწყო

კომპანია „ეფლის“ შესახებ ნიუ იორკში დადგმულ სპექტაკლს „სტივ ჯობსის აგონია და ექსტაზი“ უპრეცენდენტო გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოებრივი აზრი „ეფლის“ პროდუქციის მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა. ნიუ იორკის ქუჩებში საპროტესტო აქციებიც კი მოეწყო. დრამატურგის და მსახიობის, მაიკ დეიზის, გახმაურებული პიესის პოპულარობამ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია -„ეფლი“ აიძულა ჩინეთში განლაგებულ საწარმოებში სამუშაო პირობების შესწავლა დაეწყო.

მაიკ დეიზი თავის თავს „ეფლის“ ფანს უწოდებს და ამბობს, რომ სტივ ჯობსის კომპანიაში ყოფნის პერიოდში გამოშვებული მათი ყველა პროდუქტი მოსწონს. თუმცა ამას დეიზისთვის ხელი არ შეუშლია „ეფლის“ შესახებ უკიდურესად კრიტიკული ხასიათის პიესა დაეწერა.

ერთი მსახიობის მიერ გაკეთებული ორსაათიანი მონოლოგის დროს დარბაზში ხშირად სიცილი ისმის, მაგრამ მაყურებელში სპექტაკლი ამავე დროს დიდ პროტესტს იწვევს. დეიზი ამბობს, რომ „ეფლის“ პროდუქციის დამზადება ადრე მის წარმოსახვაში სადღაც, უმაღლესი დონის საწარმოში ხდებოდა, სადაც სამუშაო პროცესი ძირითადად ავტომატიზირებული იყო. შემდეგ, 2010 წელს ყური მოჰკრა ამბავს, თუ როგორ პირობებში აწყობდნენ მის საყვარელ „აი-ფოუნებს“, „აი-ფედებს“ და „აიპოდებს“ ტაივანის ფაბრიკებში და გადაწყვიტა საკითხი საფუძვლიანად შეესწავლა.

ამისათვის მაიკი სამხრეთ ჩინეთში გაემგზავრა. იქ თავი ბიზნესმენად წარმოადგინა და „ფოქსიკონის“ საწარმოს დათვალიერებისას მის თანამშრომლებს გაესაუბრა. „ის, რაც მე იქ აღმოვაჩინე, ახალი სრულებითაც არ იყო. ადამიანის უფლებათა დამცველები ამ ფაქტების შესახებ თურმე უკვე 10 წელია იტყობინებიან“ - ამბობს დრამატურგი.

არასრულწლოვანთა დასაქმება, დამნაშავეობა, 14, 16-საათიანი სამუშაო დღე... იმდენს მუშაობენ, რომ გული მისდით, ან კვდებიან კიდეც. ძალიან ხშირია თვითმკვლელობის ფაქტებიც. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ერთ-ერთი თანამშრომელი 34 საათის მუშაობის შემდეგ გარდაიცვალა“ - ყვება მაიკი.

„ფოქსიკონი“ პროდუქციით „ეფლის“ გარდა კიდევ ბევრ სხვა კომპანიას ამარაგებს. ის მუშაობს „დელზე“, „სამსუნგზე“, „სონიზე“ და კიდევ მრავალ სხვა ცნობილ ფირმაზე. „ფოქსიკონს“ ჩინეთში რამდენიმე უზარმაზარი საწარმო აქვს. ერთ-ერთ მათგანში 400 ათასზე მეტი თანამშრომელია. მათი უმრავლესობა ქარხნის ტერიტორიაზევე განლაგებულ საერთოსაცხოვრებლებში უმჭიდროვეს პირობებში სახლობს.

გასულ წელს „ფოქსიკონის“ ერთ ქარხანაში ზედიზედ ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც ოთხი მუშა შეეწირა და 74 დაშავდა. ორივე ინციდენტის მიზეზი სამუშაო ადგილების გაუნიავებლობა იყო. ვენტილაციის სისტემის არარსებობის გამო ოთახებში ალუმინის მტვრის მაღალი კონცენტრაცია დაგროვდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

„ეფლი“ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით კომენტარზე უარს ამბობს. „ფოქსკონის“ მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თანამშრომლების ჯანდაცვა და უსაფრთხოება უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამებოდეს. თანამშრომელთა 95 პროცენტი სამუშაოს დამჯდარი ასრულებს და 2012 წელს ხელმძღვანელობამ მუშა-მოსამსახურეებს ხელფასებიც კი გაუზარდა.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ბაიზუ ჩენი ამბობს, რომ „ფოქსკონის“ ხელფასები ჩინეთში იმდენად კარგად ითვლება, რომ თინეიჯერებმა იქ მუშაობის დასაწყებად საბუთებიც კი გააყალბეს.

„საწარმოს გახსნისას ქალაქ ჩენგდუში „ფოქსიკონის“ ხელფასები კონკურენტებისას იმდენად ჯობდა, რომ ხალხი იქ მოსახვედრად რიგში იდგა“.

თუმცა პროფესორი იმასაც აღნიშნავს, რომ ჩინეთში არსებულ შრომით კანონმდებლობას ყველა კომპანია არ იცავს.

კურიოზი დრამატურგის მაიკ დეიზის თქმით იმაში მდგომარეობს, რომ „ეფლი“ ზედმეტ ყურადღებას უთმობს პროდუქტის დახვეწილ ფორმას, მაგრამ მათი დამზადების პროცესს მოგების გაზრდის მიზნით სრულ იგნორირებას უკეთებს.

სპექტაკლს „სტივ ჯობსის აგონია და ექსტაზი“ მედიაში ისეთი დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებული ციკლის შემდეგ ქალაქში საპროტესტო აქციებიც კი გაიმართა.

„ეფლი“ მოვალეა ეთიკური აიფოუნი დაამზადოს“ - ამბობს ერთ-ერთი მომიტინგე, რომელიც ნიუ იორკში „ეფლის“ მაღაზიასთან მოწყობილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობს.

პიარ-კამპანიამ 2012 წლის იანვარში „ეფლი“ აიძულა ორგანიზაცია „სამართლიანი დასაქმების ასოციაციაში“ გაწევრიანებულიყო. მეწარმეთა ასოციაცია სამუშაო პირობების სტანდარტებს აწესებს და შემდეგ საწარმოებს პერიოდულად მონიტორინგს უწევს. „სამართლიანი დასაქმების ასოციაციამ“ „ეფლის“ დაკვეთით მათ მფლობელობაში მყოფ ჩინურ საწარმოებში არსებული სამუშაო პირობების გამოსაკვლევად სპეციალური ძიება დანიშნა. კრიტიკოსები ამ საქმეს სკეპტიკურად უყურებენ, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ გამოძიება ვერ იქნება ობიექტური, რადგან მას ისევ „ეფლი“ აფინანსებს.

მაიკ დეიზი თვლის, რომ ეს მაინც კარგი ჟესტია და თუკი „ეფლი“ მოინდომებს, ის ჩინეთში ახალ სტანდარტებს დღესვე დააწესებს. თან ამბობს, რომ მოხარული იქნება, თუკი ამის გამო პოპულარული სპექტაკლის დახურვა მოუწევს. დღეისათვის კი საკუთარ პიესას მსურველებს უფასოდ სთავაზობს. სპექტაკლის დადგმის სურვილი 11 ქვეყანში გამოთქვეს. მათ შორის ჯერჯერობით ჩინეთი არ იმყოფება.

XS
SM
MD
LG