ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი ექსპერტები ატომური უსაფრთხოების ზომების გაზრდაზე საუბრობენ


ქართველი ექსპერტები ატომური უსაფრთხოების ზომების გაზრდაზე საუბრობენ

იაპონიის წინაშე დამდგარმა საფრთხემ დღეს მთელი მსოფლიო დააფიქრა და შეაშფოთა. ჩვენი ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველოს ამჟამად არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

არის თუ არა გასათვალისწინებელი ის ფაქტორი, რომ მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში არსებობს ატომური ელექტროსადგური? როგორ უნდა მოხდეს მსოფლიოში ამ მხრივ უსაფრთხოების ზომების გაზრდა? ამ თემაზე დღეს ჩვენი რესპონდენტი პროფესორი, პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე საუბრობს.

-„ ჩემის აზრით მოულოდნელობებისაგან არავინ არ არის დაზღვეული, მათ შორის არც საქართველო. ჩვენ გვახსოვს 1989 წელს სპიტაკში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრა, რომლის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა, მაგრამ საბედნიეროდ გადარჩა სომხეთის ატომური ელექტროსადგური და მთელი სამხრეთ კავკასია, იმისაგან რა საფრთხეც და რა უბედურებაც კაცობრიობას და მათ შორის პოსტ-საბჭოურ ქვეყნების დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილს მოუტანა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტრაგედიამ და კატასტროფამ 1986 წელს. ამდენად არავინ არ არის დაზღვეული, მოულოდნელობებისაგან, მითუმეტეს, რომ სეისმურად მძიმე არეალში იმყოფება ჩვენი ქვეყანა და მათ შორის სამხრეთ კავკასია. ამიტომ საჭირო არის მუდმივი ყურადღება და ამავე დროს სომეხ მეგობრებთან, კოლეგებთან ჩვენი სპეციალისტების ყოველდღიური, ყოველწამიერი ურთიერთობა, რადგან რაც შეიძლება მეტად მყარი იყოს უსაფრთხოების გარანტიები ამ ატომურ ელექტროსადგურზე. „

ა.შ.შ-ში სწორედ ელექტროენერგიის 20%-ს ატომური რეაქტორები უზრუნველყოფენ. ამჟამად ა.შ.შ-ში 23 ატომური ელექტროსადგურია. ბატონმა ედიშერმა ასევე ისაუბრა უსაფრთხოების ზომების გაზრდასა და ალტერნატიული წყაროების შესახებ.

-„ალბათ კაცობრიობამ უკვე უნდა იმუშაოს იმ ალტერნატიული წყაროების შესახებ, რომლის მეშვეობითაც მოხდება მომავალში ამ ატომური ელექტოსადგურების ნაწილობრივ ჩანაცვლება. მართალია დღეს ენერგოსისტემაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ატომურ ელექტროსადგურებს, მაგრამ შეიძლება მოხდეს კატასტროფა და ეს კატასტროფა ბუმერანგივით დაუბრუნდეს კაცობრიობას უკან. ამიტომ კაცობრიობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაფიქრდეს იმის შესახებ, რომ მან საკუთარ თავს არ გამოუტანოს სასიკვდილო განაჩენი. ამდენად საჭირო არის აბსოლუტურად მთელი მსოფლიო და თითოეული ადამიანი გაუფრთხილდეს იმ პლანეტას, რომელშიც ვცხოვრობთ ჩვენ და აუცილებლად უნდა მოხდეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაღაც ალტერნატიული წყაროების ძიება, მითუმეტეს როდესაც დღევანდელ სიტუაციაში მეცნიერებისა და ტექნიკის ბუმია და აქედან გამომდინარე მე სავსებით შესაძლებლად და რეალურად მიმაჩნია, რომ გამოგონებულ იქნას ისეთი საშუალებები, რომელიც ჩაანაცვლებს ატომურ ელექტროსადგურებს. „

ბატონმა ედიშერმა ასევე დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მიერ ატომური ელექტროსადგურების მშენებლობაზე გარკვეული დროით მორატომიუმის გამოცხადების შესახებაც ისაუბრა :

-„ ამ ფაქტის ახსნა მხოლოდ და მხოლოდ იმით შეიძლება, რომ კაცობრიობის გონი მიხვდა იმას, რომ აუცილებელია უსაფრთხოების ზომების გატარება ატომური ენერგიის მიმართ. ამიტომ ის დრო, როდესაც ამბობდნენ „მშვიდობიანი ატომი“ ჩემის აზრით უკვე ისტორიას ჩაბარდა და საჭიროა ალტერნატიული გზების ძიება, რომლისაკენაც უკვე მიისწრაფის მსოფლიოს პოგრესული კაცობრიობა.“

XS
SM
MD
LG