ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს საშინაო პოლიტიკამ ცენტრისკენ გადაიხარა


აშშ-ს საშინაო პოლიტიკამ ცენტრისკენ გადაიხარა
აშშ-ს საშინაო პოლიტიკამ ცენტრისკენ გადაიხარა

მიმდინარე კვირის მანძილზე ვაშინგტონში ყველაზე ხშირად სიტყვებს კომპრომისსა და ორპარტიულობას იხსენებდნენ. როგორც ჩანს, შეერთებული შტატების საშინაო პოლიტიკა დღეს-დღეობით ცენტრისტული მიმართულებით მოძრაობს. ეს კი განპირობებულია იმით, რომ კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ ოპოზიციაში მყოფმა რესპუბლიკელებმა საკუთარი პოზიციები გააძლიერეს, რაც პრეზიდენტ ობამასთვის შემდეგი ორი წლის მანძილზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამოწვევას წარმოადგენს.

როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯიმ მალოუნი ვაშინგტონიდან იუწყება, შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის დამარცხებამ ისევე როგორც დემოკრატიული პარტიის შიგნით ზოგიერთი მრჩევლის რეკომენდაციებმა დაარწმუნეს პრეზიდენტი ობამა, რომ აუცილებელია ცენტრისტული პოზიციის დაკავება და რესპუბლიკელებთან კომპრომისზე წასვლა.

ყოველივე ეს გამოიხატა იმ კომპრომისში, რომელიც მიღწეულ იქნა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროინდელი საგადასახადო შეღავაღების გაგრძელებასთან დაკავშირებით. შედეგად ყველა ამერიკელისთვის საგადასახადო შეღავათები ორი წლით გაგრძელდება.

„ეს ადასტურებს იმას, რომ ორ პარტიას ჩვენი ეკონომიკის საკეთილდღეოდ და ამერიკელი ხალხის ინტერესების დასაცავად ერთმანეთთან თანამშრომლობა შეუძლია,“ განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

კონგრესში საგადასახადო შეღავათების განხილვის ფონზე პრეზიდენტმა სენატში რესპუბლიკელების ლიდერისგან მოულოდნელად ქება დაიმსახურა.

„ამით ჩვენ ამერიკელ ხალხს ვაცნობებთ, რომ ეს ფული მათ ეკუთვნით და რომ მათ ამ სახსრების ხარჯვა საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით შეუძლიათ. ეს მნიშვნელოვანი მომენტია და თეთრი სახლი ქებას იმსახურებს იმის გამო, რომ ისინი ამაზე დათანხმდნენ,“ განაცხადა სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა სენატორმა კენტუკის შტატიდან მიტჩ მაკონელმა.

თუმცა მდიდრებისთვის საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას დემოკრატიული პარტიის ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან.

მათ დასარწმუნებლად პრეზიდენტმა ობამამ თეთრ სახლში ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი დაპატიჟა.

„ვფიქრობ გაყოფილ მთავრობაში, როგორც წესი, ხალხი პრინციპებზე დამყარებულ კომპრომისს სისუსტის ნიშნად აღიქვამს. უნდა გავიხსენოთ, რომ ეს პოლიტიკური სისტემა სწორედ პრინციპებზე დამყარებული კომპრომისების შემუშავებას ეფუძნება,“ აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, არ არის გამორიცხული, რომ თავისი მოქმედებით პრეზიდენტმა გამოუსწორებლად დააზიანა ურთიერთობა უმთავრეს ლიბერალ მომხრეებთან, რომლებმაც ორი წლის წინ მის არჩევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

ფაიზ შაკირი ვაშინგტონში მდებარე ლიბერალური ორიენტაციის ანალიტიკურ ორგანიზაცია ამერიკული პროგრესის ცენტრის თანამშრომელია. შაკირი აღნიშნავს, რომ დემოკრატების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ რესპუბლიკელები დაინტერესებულები არიან, რომ პრეზიდენტმა ობამამ მეორე საპრეზიდენტო ვადა არ მოიპოვოს. მათ მასთან თანამშრომლობა მართვის გაუმჯობესების მიზნით ნაკლებად აინტერესებთ.

„რესპუბლიკური პარტია ხედავს, რომ ის რასაც პრეზიდენტი ობამა აკეთებს და რასაც იგი აღწევს, მას ქულებს უმატებს. ამდენად ეს რომ არ მოხდეს რესპუბლიკურმა პარტიამ მას ხელი უნდა შეუშალოს,“ აღნიშნავს შაკირი.

ფაიზ შაკირმა და კონსერვატიული პოლიტიკური ორიენტაციის ორგანიზაციის ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის ექსპერტმა ჯონ ფორტიემ ცოტა ხნის წინ ამერიკის ხმის სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობა მიიღეს.

„ამერიკულ პოლიტიკაში ამჟამად შუათანა პოზიციებს არავინ იკავებს. არჩევნების შემდეგ ორივე პარტია ძალიან პოლარიზებულია. ვერ ვიტყვი, რომ პრეზიდენტი ძალიან არაპოპულარულია, მაგრამ იგი ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. არჩევნებმა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ ცხადყო, რომ მას ბევრი სამუშაო მოუწევს და ახლა იგი მეორე საპრეზიდენტო ვადის მოპოვებისთვის იღწვის,“ აღნიშნა ფორტიემ.

ბევრ ანალიტიკოსს ეეჭვება, რომ ორპარტიულობის განწყობა ვაშინგტონში დიდ ხანს გასტანს.

პოლიტიკური ექსპერტი ნორმან ორნშტეინი აღნიშნავს, რომ მიუხედავად საგადასახადო შეღავათების გაგრძელებასთან დაკავშირებული გარიგებისა პოლიტიკური დაპირისპირება კვლავინდებურად შეინიშნება.

„დამოუკიდებელი ამომრჩევლები და დემოკრატები თითქმის ორი ერთზე შეფარდებით ითხოვენ, ‘ითანამშრომლეთ და კომპრომისს მიაღწიეთ.’ ხოლო რესპუბლიკელები იგივე შეფარდებით აცხადებენ, ‘პრინციპს არ უღალატოთ მიუხედავად იმისა, რომ შედეგად შეიძლება არაფერი გაკეთდეს.’ როგორ მოხერხდება ამ ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებს შორის საერთო ენის გამონახვა საკითხავი რჩება,“ დასძინა ორნშტეინმა.

ეს პროცესი იანვრში დაიწყება, როცა ახალი კონგრესი, რომელშიც რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას ფლობენ, ხოლო დემოკრატები სენატში, მუშაობას შეუდგება.

XS
SM
MD
LG