ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძველი კონგრესის შეფასება და ახლის მოლოდინი


ძველი კონგრესის შეფასება და ახლის მოლოდინი
ძველი კონგრესის შეფასება და ახლის მოლოდინი

რესპუბლიკელებს პრეზიდენტ ობამასთვის ბევრი პრობლემის შექმნა შეეძლებათ

ბევრი ანალიტიკოსი ეთანხმება მოსაზრებას, რომ შეერთებული შტატების ამჟამინდელი კონგრესი გასული საუკუნის მანძილზე ყველაზე პროდუქტიული აღმოჩნდა კანონების მიღების თვალსაზრისით. ამასთანავე არსებობს შიში, რომ კონგრესის ახალი შემადგენლობა, რომელიც 2011 წლიდან შეუდგება მუშაობას, შესაძლოა პარტიებს შორის კინკლაობის ჩიხში აღმოჩნდეს.

როგორც ცნობილია, გასული თვის კონგრესის არჩევნების შედეგად დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დაკარგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი წლიდან პალატის სპიკერის თანამდებობას ნენსი პელოსის ნაცვლად რესპუბლიკელი ჯონ ბეინერი დაიკავებს. რაც შეეხება სენატს, აქ დემოკრატებს ძალიან მყიფე უმრავლესობა აქვთ. ყოველივე ამის ფონზე, პოლიტიკის ექსპერტები უკვე წარმავალი კონგრესის გასული წლის მუშაობას დადებითად აფასებენ. მათ შორისაა ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის ანალიტიკოსი ნორმან ორშტეინი.

„შესაძლოა ირონიულიც კი იყოს, რომ ასმეთერთმეტე კონგრესი მუშაობას ასრულებს, როგორც ყველაზე პროდუქტიული ორგანო საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის თვალსაზრისით. არა მხოლოდ ჩვენს დროში, არამედ მეოცე საუკუნის განმავლობაშიც. თუმცა, ამ კონგრესს ბევრი ამერიკელი აძაგებდა. ისინი ამბობდნენ, რომ მათ არაფერი გაუკეთებიათ, მაგრამ ეს თითქმის იმავე რანგის კონგრესია, როგორიც იყო ყოფილი პრეზიდენტის ლინდონ ჯონსონის დროინდელი 89-ე კონგრესი, რომელსაც „დიდ საზოგადოებასაც“ უწოდებდნენ,“ - აცხადებს ორნშტეინი.

მისი თქმით, ამერიკელმა ამომრჩეველმა დემოკრატები ნოემბერში უმუშევრობის მაღალი დონის და მწვავე ფინანსური პრობლემების გამო დასაჯა. ასევე დიდი როლი ითამაშა რესპუბლიკელების მოკავშირემ „ჩაის სმის მოძრაობამ“, რომელიც გადასახადების შემცირების და სამთავრობო ბიუროკრატიის შეკვეცის მოთხოვნებით გამოდიოდა.

ორნშტეინი მიიჩნევს, რომ რამდენადაც დემოკრატების ნაცვლად უმრავლესობას კონგრესის ქვედა პალატაში ამჟამად რესპუბლიკელები ფლობენ, ვაშინგტონში პოლიტიკური კლიმატი მომავალ წელს საკმაოდ პოლარიზებული და წინააღმდეგობებით აღსავსე იქნება.

პოლიტიკის ანალიტიკოსი დევიდ ჰოვკინსიც, მისი კოლეგის მსგავსად მიიჩნევს, რომ ახალი კონგრესისგან ბევრს არაფერს უნდა ველოდოთ. მისი თქმით, რესპუბლიკელებს საკმაოდ დიდი ძალა ექნებათ პრეზიდენტ ბარაკ ობამასთვის პრობლემების შესაქმნელად.

„რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ, ადმინისტრაციას მაინც ქარცეცხლში მოუწევს გავლა. კონგრესმენებს აქვთ სასამართლოში გამოძახების ძალაუფლება, მათ შეუძლიათ შეუზღუდავი რაოდენობის გამოძიების წარმართვა, უამრავი მოსმენის ჩატარება და პრეზიდენტ ობამას თანაშემწეების და კაბინეტის წევრების გამოძახება. მე ვფიქრობ, უახლოესი ორი წლის მანძილზე ჩვენ ბევრ ასეთ შემთხევვას ვიხილავთ,“ - აცხადებს ჰოვკინსი.

ანალიტიკოსების თქმით, პრეზიდენტმა ობამამ უკვე აჩვენა კომპრომისის სურვილი, როდესაც დათანხმდა, ბუშის დროინდელი შემცირებული გადასახადების შენარჩუნებას, უმდიდრესი ამერიკელების მიმართაც კი. ამან კი დემოკრატების გარკვეული ნაწილის გულისწყრომა გამოიწვია. ანალიტიკოსების აზრით, პრეზიდენტს მომავალი ორი წლის მანძილზე კონგრესის ორ პარტიას შორის მკაცრი ბალანსის დაცვა მოუწევს.

XS
SM
MD
LG