ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში უმუშევრობამ იკლო


აშშ-ში უმუშევრობამ იკლო
აშშ-ში უმუშევრობამ იკლო

დასაქმების პრობლემა ამერიკის კონგრესის არჩევნებიში გადამწყვეტი საკითხი იქნება.

შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ყოველთვიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ აპრილში ამერიკის ეკონომიკას დაახლოებით 300 ათასი სამუშაო ადგილი შეემატა. ეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილების მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეკონომიკა და განსაკუთრებით კი დასაქმების პრობლემა ამერიკის კონგრესის არჩევნებიში გადამწყვეტი საკითხი იქნება. პოლიტიკოსები ორივე ძირითადი პარტიიდან ცდილობენ ყურადღებით ადევნონ თვალყური ეკონომიკურ მაჩვენებლებს.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ შრომის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში იმედის მომცემია.

მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ აპრილში უფრო მეტმა ადამიანმა გადაწყვიტა სამსახურის შოვნა, უმუშევრობის მაჩვენებელმა 9.7-დან 9.9 პროცენტამდე აიწია.

სამუშაო ადგილების შექმნა პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტი ყოველთვის იყო. ბატონმა ობამამ გააგრძელა საკუთარი საარჩევნო კაპანიის დაპირების შესრულება ეკონომიკის უკუსვლის გამოსწორებისა და დასაქმების სფეროში სიტუაციის გამოსწორების მიზნით.

მისი თქმით, „თქვენ, ვინც ჯერ ისევ ეძებთ სამსახურს, პირობას გაძლევთ, რომ ყოველ დღე გავაგრძელებ თავდაუზოგავ ბრძოლას თქვენთვის სამუშაო ადგილების შესაქმნელად. მანამ არ დავისვენებთ, ვიდრე ამ რთულ პერიოდს ისტორიას არ ჩავაბარებთ.“

რესპუბლიკელები კონცენტრაციას უმუშევრობის მაჩვენებლის მცირედ გაზრდაზე აკეთებენ. კონგრესის უმცირესობის ლიდერი ჯონ ბოუნერის განცხადებით, ამერიკელებს და მცირე ბიზნესებს აინტერესებთ სად არის დაპირებული სამსახურები.

ასევე რესპუბლიკელი კონგრესმენი კევინ ბრეიდის შრომის დეპარტამენტის ანგარიშის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში კონგრესის მოსმენაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა:

„მტკივნეული და ნელი გაუმჯობესება შედეგის საერთოდ არ ქონას სჯობს. მაგრამ 15.3 მილიონი ამერიკელისთვის, რომელიც სახლში ზის და ვაშნგტონში მყოფი დემოკრატების მიერ დასაქმების საკითხისთვის ყურადღების მიქცევას ელოდება, ეს ანგარიში იმედგაცრუების მომტანია.“

2010 წელი კონგრესის არჩევნების წელია. უმუშევრობის ეროვნული მაჩვენებელი არჩევნების დროს ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია.

როს ბეიკერი ნიუ ჯერსის შტატის როჯერსის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორია. მისი თქმით:

„ვფიქრობ, რომ არჩევნებში ეკონომიკა იქნება ყველაზე დიდი გადამწყვეტი ფაქტორი. გასულ წლებში არჩევნების შედეგებს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ თუ ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, მაშინ პრეზიდენტის პარტიაც ცუდად ამთავრებს არჩევნებს.“

ისტორიულად, ახალი პრეზიდენტის პირველი ვადის დროს მისი პარტია კონგრესის არჩევნებში ადგილებს კარგავს. როცა უმუშევრობის მაჩვენებელი 10 პროცენტის ფარგლებშია, წაგებული ადგილების რაოდენობა შეიძლება საკმაოდ მაღალი იყოს. მაგალითად, 1982 წელს, პრეზიდენტი რეიგანის მმართველობის დროს მაღალი უმუშევრობის მაჩვენებლის გამო რესპუბლიკელებმა 26 ადგილი დაკარგეს კონგრესში.

რესპუბლიკელები 2010 წლის ნოემბერში დიდ გამარჯვებას ელიან და ამ გათვლას ძირითადად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და პრეზიდენტი ობამას მიერ ჯანდაცვის სფეროს გარდაქმნის სადაო კანონის მიღებაზე აკეთებენ.

მაგრამ ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის ექსპერტი, სტივენ ვეინი აცხადებს, რომ ბოლო დროინდელი ეკონომიკური ძვრები შეიძლება დემოკრატებს დადებითად გამოადგეს და არჩევნებში წაგებული ადგილების რაოდენობა შეუმციროს.

„თუ ეკონომიკური ვითარების გამოსწორება ზაფხულის ბოლომდე და შემოდგომის დასაწყისშიც გაგრძელდა, თუ უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა, უძრავ ქონებაზე ფასმა მოიმატა და ინფლაცია სტაბილურ დონეზე დარჩა, დემოკრატები კონგრესში ადგილების გარკვეულ რაოდენობას შეინარჩუნებენ და მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელები მაინც მოიპოვებენ კონგრესში უფრო მეტ ადგილს, ეს შეიძლება არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ დემოკრატების დასაძლევი რაოდენობა დააგროვონ კონგრესში.“

თუმცა ექსპერტების უმრავლესობა მაინც ვარაუდობს ნოემბერში რესპუბლიკელების მნიშვნელოვან გამარჯვებას. ნაწილი მათგანი იმასაც ამბობს, რომ შესაძლებელი იქნება დამატებით 40 ადგილის მოგებაც, რომელიც რესპუბლიკელებს კონგრესში უმრავლესობას მიანიჭებს.

XS
SM
MD
LG