ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრო და ანტი-პუტინისტური მიტინგები რუსეთში


პრო და ანტი-პუტინისტური მიტინგები რუსეთში

ძლიერი ყინვების მიუხედავად მოსკოვის ქუჩებში საპროტესტო აქციაზე ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა

შობის შემდეგ მოსკოვში საპროტესტო აქციები მიწყნარდა. ძლიერმა ყინვებმა რუსეთს, ისევე როგორც მთელ აღმოსავლეთ ევროპას, თავისი კვალი დაატყო. ამის მიუხედავად უქმეებზე არქტიკული ტემპერატურის პირობებშიც კი ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია მაინც შედგა.

„რუსეთი პუტინის გარეშე“! - სკანდირებენ მომიტინგეები კრემლთან ახლოს გაყინული მდინარე მოსკოვის ნაპირთან. ტრანსპარანტებს შორის ერთ-ერთზე წერია: „იმპერია წარსულში! მშვიდობა მეზობლებში! რუსეთი ევროპაში! საქართველოდან ჯარების გამოყვანა“!

რამდენიმე კილომეტრში, მდინარის მოსახვევთან პუტინის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს. „საკმარისია რევოლუციები“, „პუტინი ჩვენი პრეზიდენტია“ - ეს უკვე პრო-პუტინისტების ტრანსპარანტებია.

როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე განწყობები რუსულ პოლიტიკურ წრეებში ეკვატორულ ტემპერატურასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე არქტიკულთან. ოპოზიციის ლიდერების თქმით მათ მიტინგებს შაბათს 100 ათასზე მეტი მონაწილე ჰყავდა. მოსკოვის პოლიცია ამტკიცებს, რომ პრო-პუტინისტურ აქციაზე კიდევ უფრო მეტი, 138 ათასი ადამიანი იყო მისული. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი დუელის ტიპის მიტინგები, ოღონდ უფრო მცირე მოცულობით რუსეთის კიდევ ბევრ ქალაქში გაიმართა.

ოპოზიციისთვის შაბათის აქცია საპრეზიდენტო არჩევნებამდე ძალების მოსინჯვას უფრო ჰგავდა. გამოზამთრების შემდეგ ანტისამთავრობო მოძრაობამ დაამტკიცა, რომ ის არსად წასულა და ძალებს იკრებს.

„ძალიან ბევრნი ვართ. ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია. იმედია ამ ფაქტს ანგარიშს გაუწევენ. უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ანგარიში გაგვიწიოს“ - აცხადებს სერგეი, ანტისამთავრობო მიტინგის 56 წლის მონაწილე, რომელიც სადაზღვევო კომპანიაში მუშაობს. „გაოცებული ვარ ხალხის რაოდენობით, აბა შეხედეთ, რამდენია“ - ამბობს ის და ხელს ადამიანთა მოზრდილი ჯგუფისკენ იშვერს.

დაბამბულ ქურთუკებში, ქუდებში და თავშალში შეფუთულ მოსკოველებს ყინვისგან ცხვირი ყველას გაწითლებული აქვს. ტრანსპარანტების მიხედვით ეტყობათ, რომ ძალზე მრავალფეროვანი ჯგუფია. აქ ნაციონალისტებიც არიან და კომუნისტებიც, ლიბერალებიც და ანარქისტებიც. ამ უცნაურ თავყრილობას 4 მარტს სამართლიანი და თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნების ერთსულოვანი მოთხოვნა აერთიანებს.

რეჟისორი გრიგორი კატაევიც ამბობს, რომ ბედნიერია, მინუს 20 გრადუს ყინვაში მიტინგზე ამდენ ხალხს რომ ხედავს:

უკეთესი რუსეთი მინდა და უფრო დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება. ამისათვის რაიმე უნდა მოვიმოქმედოთ. როგორც ჩვენთან ამბობენ, სამზარეულოში ჯდომით და ლაპარაკით არაფერი გამოვა“.

მიტინგზე მოსულთა შორის ზოგს განმასხვავებელი ნიშანი უკეთია. ისინი არჩევნებზე თავისუფალი დამკვირვებლის სტატუსით მოხალისეებად ეწერებიან. ოპოზიცია აცხადებს, რომ 4 დეკემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე მათ სულ ცოტა ერთი მილიონი ხმა წაართვეს.

ანტისამთავრობო მიტინგზე ძალიან ბევრი ახალგაზრდაა. ელენა გრაბერი 20 წლისაა და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობს. აქციაზე ის მეგობრებთან ერთად მოვიდა.

„აქ იმიტომ მოვედი, რომ 4 დეკემბერს დუმის არჩევნებზე ჩვენი ხმები მოიპარეს. მოგვატყუეს, გვითხრეს, რომ არჩევნებმა სამართლიანად ჩაიარა. მომხდარმა გაყალბებებმა ჩემი თაობა შოკში ჩააგდო და ის ძალაუნებურად პოლიტიკურად უფრო აქტიური გახდა“ - ყვება სტუდენტი გოგონა და იმედოვნებს, რომ მოძრაობა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება და იმ ინსტიტუტების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, რომელიც საბოლოო ჯამში რუსეთს ავტორიტარული რეჟიმის გზას ჩამოაცილებს. „სამოქალაქო საზოგადოების აშენება რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - დასძენს ის.

მოსკოვური „ანტიდან“ „პრომდე“ მანძილი სულ ხუთი კილომეტრია. პრო-პუტინისტთა აქციაზე მოსული მომიტინგეები ბევრად უფრო ორგანიზებულნი ჩანან, თუმცა - ნაკლებად ემოციურები. უმეტესობა სპეციალური ავტობუსებით მოვიდა. უფლებადამცველთა და ზოგიერთი მედია-საშუალების განცხადებით მოსკოველების ნაწილი ჩიოდა, რომ ისინი აქციაში მონაწილეობის გამო სამსახურებში უფროსებისგან ზეწოლას განიცდიდნენ, ზოგს ფულსაც ჰპირდებოდნენ.

„ვინც პუტინისკენაა, ის რუსეთისკენაც არის“. „თუ არა პუტინი, მაშინ - ვინ?“ - იქ ასეთ ტრანსპარანტებსაც ნახავთ. უკრაინული რევოლუციის კვალდაკვალ ამ მოძრაობას „ანტი-ნარინჯისფერი“ უწოდეს.

ოპოზიციის გააქტიურება რუსულ მედიასაც დაეტყო. პრესა და ტელევიზია უკვე ორივე აქციას აშუქებს. - რა თქმა უნდა, პირადად პუტინის საწინააღმდეგო მოწოდებების გვერდის ავლით. ეთერში არც მიტინგის დასასრულს ღრმა თოვლში მიმავალი მონაწილეების ყიჟინა მოხვდა „რუსეთი თავისუფალი გახდება“!

XS
SM
MD
LG