ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო-რუსეთი - ლისაბონის სამიტის მთავარი შედეგი


ნატო-რუსეთი - ლისაბონის სამიტის მთავარი შედეგი
ნატო-რუსეთი - ლისაბონის სამიტის მთავარი შედეგი

ანალიტიკოსები ალიანსის გადაწყვეტილების შესახებ მსჯელობენ

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ბრიუსელის წლევანდელ სამიტზე შეკრებილი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ავღანეთის სამხედრო კამპანია 2014 წლისთვის უნდა დასრულდეს. თუმცა ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ამ ისტორიული სამიტის მთავარი მოვლენა ნატო-რუსეთის ურთიერთობები და შესაბამისად ალიანსის ლიდერების და პრეზიდენტ მედვედევის შეხვედრა გახდა. ეს თემა, „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტმა ანდრე დე ნეშნერამ გააშუქა.

ნატოს ლიდერების და მედვედევის შეხვედრა ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში გაიმართა. ის სამიტის პარალელურად ჩატარდა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის ადგილი გახდა. ერთერთი მთავარი თემა კი სარაკეტო თავდაცვა იყო. როგორც ცნობილია, ბუშის დროინდელმა ადმინისტრაციამ ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემების განთავსება პოლონეთსა და ჩეხეთში განიზრახა, რასაც მოსკოვის მხრიდან მკვეთრი წინააღმდეგობა შეხვდა. კრემლი აცხადებდა, რომ ეს გეგმა რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული, რასაც ვაშინგტონი არ ეთანხმებოდა.

ოჰაიოს უნივერსიტეტის ნატოს საკითხების ექსპერტი ნატოს საკითხებში, შონ კეი ამბობს, რომ ბუშის შემდეგ, ობამას ადმინისტრაციამ უფრო მეტად მობილური და მოქნილი, რეგიონალური სარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნის იდეა წამოაყენა, რაც ნატოს დანარჩენმა ლიდერებმა მოიწონეს და დაამტკიცეს კიდეც.

„ისინი შეთანხმდნენ პრინციპზე, რომ დაიწყოს ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის სისტემის არქიტექტურის მშენებლობა, რომელმაც მთელი ევროპა უნდა დაფაროს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ამ ეტაპზე ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა ეს უკვე ობამას ადმინისტრაციის დიპლომატიის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ეს არის უდიდესი ცვლილება ბუშის ადმინისტრაციის პერიოდთან შედარებით, როდესაც ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის იდეას ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა თავად ალიანსშიც და რასაკვირველია ეს არის რუსების იმედგაცრუებაც,“ - განაცხადა შონ კეიმ.

თუმცა, აქვე ბევრი ანალიტიკოსი მიუთითებს, რომ პრეზიდენტმა მედვედევმა მიიღო ნატოს შეთავაზება სარაკეტო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ლოველ შვარცი „რენდ კორპორაციაში“ ნატოს და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტია.

„რუსეთი მყარ ოპოზიციას წარმოადგენდა. და ეს იყო უთანხმოების მთავარი მომენტი. და ის ფაქტი, რომ რუსეთმა და პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადეს თანხმობა და გამოთქვეს მონაწილეობის და დახმარების სურვილი, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა,“ - აცხადებს შვარცი.

რაც შეეხება ავღანეთის საკითხს, რუსეთი დათანხმდა, რომ ხელს შეუწყობს ალაინსის კამპანიას და გააფართოვებს სარკინიგზო ტრანზიტს ევროპიდან წამოსული ტვირთების ავღანეთში გადაზიდვისათვის. შეიარაღების კონტროლის ასოციაციის ხელმძღვანელი დერილ კიმბელი თვლის, რომ ეს ობამას ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული პოლიტიკის, კერძოდ კი რუსეთთან გადატვირთვის სტრატეგიის შედეგია.

მეორე ექსპერტი შონ კეი მიუთითებს ერთ საინტერესო გარემოებაზე. მისი აზრით, რუსეთის მიერ ავღანეთში ალანსისადმი გაწეული დახმარება შეიძლება ორლესულ ხმალს შევადაროთ. ანალიტიკოსის აზრით, რუსეთმა მიანიშნა, რომ ამ მხარდაჭერის მიუხედავად მათ შეუძლიათ ავღანეთისაკენ მიმავალი დერეფნის გადაკეტვაც, თუკი მათი ინტერესები ამას მოითხოვს.

ნატოს სამიტზე ობამას ადმინისტრაციამ ასევე მიიღო მხარდაჭერა ევროპელი მოკავშირეებისგან რუსეთ-ამერიკის ბირთვული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების საკითხში, რამაც შესაძლოა სენატის მიერ ამ დოკუმენტის რატიფიცირებას ხელი შეუწყოს.

XS
SM
MD
LG