ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატად პუტინს წარადგენს


რუსეთის მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატად პუტინს წარადგენს

ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მედვედევმა რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაში აუცილებელ ცვლილებებზე და სიახლეებზე ისაუბრა.

ხუთშაბათს რუსეთის მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ ლიდერმა იური შუვალოვმა ღიად განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე მათი კანდიდატი იქნება. ამ ნაბიჯმა წინასაარჩევნო მზადებაში ერთგვარი დაძაბულობა შეიტანა.

უნდა ვივარაუდოთ, რომ პუტინ-მედვედევის სამი წლის ჰარმონიული ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა. მათი პოლიტიკური ამბიციები აშკარად აღარ ემთხვევა ერთმანეთს. ამას რუსეთის პრეზიდენტის გასული კვირის ინტერვიუც ადასტურებს. ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მედვედევმა რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაში აუცილებელ ცვლილებებზე და სიახლეებზე ისაუბრა:

“ჩვენ ცვლილება გვჭირდება. ეკონომიკის, სოციალური სისტემის და პოლიტიკის მოდერნიზაცია უნდა მოხდეს. მმართველობაში ახალი ხალხი უნდა მოვიდეს, ახალი პოლიტიკოსები უნდა გამოჩნდნენ.“

მედვედევმა დასასრულს განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ახალი საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ ისინი მალე მიიღებენ. მედვედევის ინტერვიუს მეორე დღესვე პრემიერ მინისტრის ვლადიმიტ პუტინის გამოსვლა მოჰყვა, რომელშიც მან ყველა პოლიტიკოსს მოუწოდა, რომ „რიტორიკის ტონისთვის" დაეწიათ.

ხაზი გაუსვა რა საკუთარი ათწლიანი ლიდერობის გამოცდილებას, პრემიერმა განაცხადა, რომ არჩევნების წინ პარტიამ გარკვეული და ერთმნიშვნელოვანი განცხადებები თუ არ გააკეთა, ქვეყანა უმართავი აღმოჩნდება.

„ჯერ კიდევ ერთი წელია არჩევნებამდე და ეს ზედმეტი ფუსფუსი მუშაობაში ჩვენ მხოლოდ ხელს შეგვიშლის. მთავრობის ნახევარი მუშაობას შეწყვეტს ამ რაღაც „ცვლილებების“ მოლოდინში“ - გააფრთხილა ყველა პუტინმა.

მედვედევის დამოუკიდებელ ფიგურად გამოკვეთა და პუტინის საერთო პოლიტიკიდან გამოყოფა დაახლოებით სამი კვირის წინ დაიწყო. მედვედევმა ჯერ იგნორირება გაუკეთა პუტინის მიერ რუსული საგარეო პოლიტიკის კრიტიკას ლიბიასთან დაკავშირებით. შემდეგ კი განაცხადა, რომ მთავრობის წარმომადგენლები კომპანიების დირექტორთა საბჭოების წევრები არ უნდა იყვნენ. შედეგად იგორ სეჩინი, პუტინის მარჯვენა ხელი, თანამდებობიდან გადადგა. იგი „როსნეფტის“, რუსეთის ყველაზე დიდი ნავთობკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო.

რუსეთის მომავალი ლიდერი ყველაზე ცოტა 2018 წლამდე უხელმძღვანელებს მსოფლიოს ზომით ყველაზე დიდ და ბუნებრივი რესურსებით ერთერთ ყველაზე მდიდარ სახელმწიფოს. მეორე ვადა მის ძალაუფლებას 2024 წლამდე გააგრძელებს. თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის მთავრობა მკაცრად აკონტროლებს პრესას და მთელი ქვეყნის პოლიტიკურ აქტიურობას, მესამე სიცოცხლისუნარიანი კანდიდატის გამოჩენას არც უნდა ველოდოთ.

ალექსეი მუშკინი, პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ პუტინი მედვედევს არ მისცემს საშუალებას მეორე ვადით აირჩიონ. ეს პუტინს არ უნდა აწყობდეს, რადგან მისთვის საკმაოდ სარისკოა.

„მმართველობის დამატებითი 6 წელი მედვედევს სერიოზული პოლიტიკური ძალაუფლების აშენების საშუალებას მისცემს“ - აღნიშნავს მუშკინი.

საზოგადოებრივი გამოკითხვებით, ორივე ლიდერს პოპულარობის მაღალი და თითქმის თანაბარი რეიტინგი აქვს: 69 პუტინს და 66 მედვედევს. მმართველმა პარტიამაც „ერთიანი რუსეთი“ გასული თვის რეგიონალურ არჩევნებში 46 პროცენტით გაიმარჯვა.

ანალიტიკოსი გლებ პავლოვსკი ფიქრობს, რომ ორივე კანდიდატს აქვს პრეზიდენტობის ამბიცია და მათი შანსებიც თანაბრად არის განაწილებული. ის თვლის, რომ მედვედევს ერთგვარი უპირატესობაც კი აქვს. პუტინი მის ვალშია და ერთგულებისა და ლოიალობისთვის გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევს. და თუ ეს პრეზიდენტობა არ იქნება, მაშინ მედვედევს რაიმე ექსტრაორდინალური თანამდებობა უნდა შესთავაზონ.

XS
SM
MD
LG