ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის მოვლენები ახლო აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებზე ახდენს გავლენას


ეგვიპტის მოვლენები ახლო აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებზე ახდენს გავლენას
ეგვიპტის მოვლენები ახლო აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებზე ახდენს გავლენას

თავდაპირველად შეერთებული შტატების მთავრობა ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებს სიფრთხილით ეკიდებოდა.

ეგვიპტეში მასობრივი სახალხო გამოსვლების შედეგად მუბარაქის გადადგომის შემდეგ ახალო აღმოსავლეთის რეგიონი ახალი ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების ტალღამ მოიცვა. მოვლენების ამგვარი განვითარება რეგიონში შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისთვის როგორც გამოწვევებს ისე შესაძლებლობებს შეიცავს, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი კაროლინ პრესუტი.

ერთი ქვეყნის ლტოლვამ თავისუფლებისაკენ ისტორიული მნიშვნელობის ცვლილება მოახდინა. თავდაპირველად შეერთებული შტატების მთავრობა ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებს სიფრთხილით ეკიდებოდა. ასე თითქმის ბოლომდე გაგრძელდა, სანამ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აშკარად არ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ეგვიპტის ახალ მთავრობას მხარს დაუჭერდა.

„ეგვიპტელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა. ხალხის ხმამ მიზანს მიაღწია “- განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

ახლა, ახლო აღმოსავლეთის სხვა ხალხებმაც აიმაღლეს ხმა. ეს კი ობამას ადმინისტრაციას რთულ მდგომარეობაში აყენებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უნდა დაუჭიროს მხარი ვაშინგტონმა და ვის არა.

ბაჰრეინში პოლიციამ მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაცია დაარბია. ორი დღის მანძილზე ძალოვნებმა ორი დემონსტრანტი მოკლეს.

იემენში სტუდენტ დემონსტრანტებს, მთავრობის მომხრეებსა და პოლიციას შორის გააფთრებული შეტაკებები მოხდა. დემონსტრანტები პრეზიდენტ ალი აბდულა სალეს გადადგომას ითხოვენ. ნიშანდობლივია, რომ მეზობელ სახელმწიფოებში დესტაბილიზაციის ფონზე სალემ ახლახანს განაცხადა, რომ იგი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ლიბიელი მოყვარულის მიერ გადაღებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ დემონსტრანტები მუამარ კადაფის გადადგომას ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ კადაფი ლიბიას უკვე თითქმის 42 წლის მანძილზე მართავს.

თეირანის ქუჩებში პოლიცია შიიტ დემონსტრანტებს ებრძოდა. 2009 წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომლითაც მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ახალი საპრეზიდენტო ვადა უზრუნველყო, ეს ყველაზე დიდი საპროტესტო გამოსვლები გახლავთ.

პრეზიდენტი ობამა ირანში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობას გამოეხმაურა.

„ირონიულად მეჩვენება ის, რომ ირანული რეჟიმი ეგვიპტეში მომხდარ მოვლენებს თითქოს ზეიმობს, მაგრამ სინამდვილეში ეგვიპტისგან განსხვავებით მთავრობა სულ სხვა ზომებს მიმართავს და საკუთარი აზრის გამოხატვის მსურველ ხალხს ესვრის და ცემს “- განაცხადა ობამამ.

ვაშინგტონში მდებარე კონსერვატიული ანალიტიკური ორგანიზაცია ჰერიტაჯის ფონდის მკვლევარს ჯეიმს ფილიპს მიაჩნია, რომ პრეზიდენტს უფრო მკაცრი განცხადება უნდა გაეკეთებინა.

„შეერთებულმა შტატებმა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ მაქსიმალური ზეწოლა უნდა გამოიყენოს რათა რეჟიმსა და ხალხს შორის გაყოფა მოხდეს. ხოლო ამის მიღწევა შეიძლება იმ შემთხვევაში თუ გაეროს უშიშროების საბჭო უფრო მკაცრ სანქციებს დააწესებს “- აღნიშნა ამერიკელმა ექსპერტმა.

მაგრამ შეერთებული შტატების პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სხვადასხვა ქვეყნებს განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებს. შეერთებული შტატების მთავრობის დაფინანსებაზე მყოფ არაბულენოვან ტელეკომპანია „ალ-ჰურასთვის“ მიცემულ ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამასთან დაკავშირებით კერძოდ აღნიშნა:

„ჩვენ მეგობრებს ყოველთვის ერთი და იგივე გზავნილით მივმართავთ: ცვლილება აუცილებლად უნდა მოხდეს.“

ეს კი არაბ-ამერიკული ინსტიტუტის მკვლევარის ჯეიმს ზოგბის აზრით, შეერთებული შტატების პოლიტიკას არათანაბარს ხდის.

„ის მთავრობები, რომლებიც ახლა სირთულეებს განიცდიან, არიან ის რეჟიმები, რომლებიც ჩვენ გვემხრობოდნენ და რომლებსაც ჩვენ დახმარებას ვაწვდიდით ისეთი პოლიტიკის განხორციელების პარალელურად, რომელიც რეგიონში უაღრესად არაპოპულარული იყო. ამდენად ახლა მხარეების შეცვლა შეუფერებელია “ -დასძენს ზოგბი.

შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა და ამერიკის მხარდაჭერა ისრაელის მიმართ ახლო აღმოსავლური განტოლების მნიშველოვან ელემენტებს წარმოადგენს. ობამას ადმინისტრაციას სჯერა, რომ რეგიონში ცვლილების შემდეგ დემონსტრანტები ენერგიას ახალ შესაძლებლობებსა და არა ანტი-ამერიკულ და ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას შეალევენ. დემონსტრანტებს ახლა ხომ სწორედ ახალი შესაძლებლობების მიღწევის წყურვილი ამოძრავებს.

XS
SM
MD
LG