ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ინტერნეტით ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების მომხრეა


კლინტონი ინტერნეტით ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების მომხრეა

მას მერე, რაც "ვიკილიკსმა" საიდუმლო მასალები გამოაქვეყნა, სახელმწიფო მდივანს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოუხდა ჩასვლა იმ მიზნით, რომ დაძაბული ურთიერთობა მოეწესრიგებინა.

მას შემდეგ, რაც "ვიკილიკსმა" შეერთებული შტატების მთავრობის ათასობით საიდუმლო დოკუმენტი სააშკარაოზე გამოიტანა, ამერიკაში ინტერნეტის დაცულობისა და უსაფრთხოების თემაზე ალაპარაკდნენ.

სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის აზრით, ინტერნეტი არ უნდა იქცეს სიძულვილის იარაღად, როგორც ეს "ვიკილიკსის" შემთხვევაში მოხდა. ქალბატონი კლინტონის განცხადებით, ინტერნეტის თავისუფლება დღეს მსოფლიოში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ყველა სხვა სახის თავისუფლება, რომლის ჩახშობაც მრავალმხრივ წინააღმდეგობას იწვევს.

როგორც სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, ახლო აღმოსავლეთში საპროტესტო აქციებში განსაკუთრებული როლი ინტერნეტმა ითამაშა. აქტივივისტები სახალხო მოძრაობის დაწყებისთანავე აქტიურად იყენებდნენ სოციალური მედიის საშუალებებს: "ფეისბუქსა" და "ტვიტერს." მიუხედავად იმისა, რომ ამ საშუალებებს მთავრობები აქტიურად ახშობდნენ, ბლოგერები და ოპოზიციური ინტერნეტ გვერდები საკუთარი სიცოცხლის ფასად სახალხო მოძრაობას ინტერნეტ ინფორმაციებით მუდმივად უზრუნველყოფდნენ:

„ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ ინტერნეტ თავისუფლება ყველა საშუალებით შეზღუდონ, ადრე თუ გვიან დიქტატორული რეჟიმის მსხვერპლად თავად იქცევიან. ბარიერები უნდა მოიშალოს, თუ არადა სახელმწიფოებს ეს ძვირი დაუჯდებათ.“

ჰილარი კლინტონის აზრით, ქვეყნის პროგრესი დამოკიდებულია თავისუფლებასა და კანონიერებაზე. ამიტომაც, მთავრობები, რომლებიც ინტერნეტ თავისუფლებას ზღუდავენ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას საფრთხეში აგდებენ.

მას შემდეგ, რაც "ვიკილიკსმა" საიდუმლო მასალები გამოაქვეყნა, სახელმწიფო მდივანს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოუხდა ჩასვლა იმ მიზნით, რომ შეერთებულ შტატებსა და ზოგიერთ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობა მოეწესრიგებინა. კლინტონის აზრით, დიპლომატია კონფიდენციალურობისა და გამჭვირვალობის მკაცრი დაბალანსებით უნდა განისაზღვროს:

„ყველაფერი თანაბრად უნდა გადანაწილდეს. როგორც კი ვინმეს ინტერესი რომელიმე მხარეს გადაწონის - ბალანსი ირღვევა. "ვიკილიკსმა" საიდუმლო დოკუმენტაცია ინტერნეტში მას მერე გამოაქვეყნა, რაც მათი მოპოვება დანაშაულებრივი ქმედებით მოხდა. მხოლოდ ამიტომ გავაკრიტიკეთ ჩვენ "ვიკილიკსი" და არა იმიტომ, რომ თავისუფალ ინტერნეტს ვეწინააღმდეგებით.“

ქალბატონი კლინტონის განცხადებით, ამერიკის მთავრობა ექსპერტებთან ერთად ინტერნეტის ჩახშობის დამცავ მექანიზმებზე მუდმივად მუშაობს:

„ჩვენ მუდმივად ახალ მეთოდებს ვამუშავებთ, რათა რეპრესიულ მთავრობებს ინტერნეტის შეზღუდვაში ხელი შევუშალოთ. ისინი ცდილობენ ახალი ტექნოლოგიებით ხალხი ინფორმაცულ ვაკუუმში მოაქციონ და ამისთვის მუდამ ახალ საშუალებებს იყენებენ.“

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამერიკის მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს იმისათვის, რათა მსოფლიოს ხალხებთან ინტერნეტ ურთიერთობების საშუალებები გააფართოვოს. ეს გასულ კვირას იმითაც დადასტურდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ძალისხმევით, "ტვიტერის" სოციალური ქსელი უკვე არაბულ, ჩინურ, რუსულ და სპარსულ ენებზეცაა ხელმისაწვდომი.

დღეს ჰილარი კლინტონი ვიდეო ხიდის საშუალებით ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ვიდეო კონფერენცია ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით მოეწყო და მასზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, საქართველოს გარდა კიდევ მსოფლიოს 19 ქვეყნის სამოქალაქო სექტორის წარმომადგნელებს მოუსმინა.

XS
SM
MD
LG