ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ამერიკელ ხალხს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს


ობამა ამერიკელ ხალხს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს
ობამა ამერიკელ ხალხს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს

დღეს საღამოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკელ ხალხს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი დენ რობინსონი თეთრი სახლიდან იუწყება, ბატონი ობამა ყურადღებას გაამახვილებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და იმ ძალისხმევაზე, რომელიც ამერიკის ეკონომიკის გლობალურ ასპარეზზე კონკურენტუნარიანობის გასაზრდელადაა საჭირო. ამას გარდა, პრეზიდენტი აგრეთვე ფედერალური მთავრობის საბიუჯეტო დეფიციტისა და ეროვნული დავალიანების შემცირებას შეეხება.

გასულ წელს პრეზიდენტი ობამას პირველი ანგარიშისგან განსხვავებით, ახლა პოლიტიკური მდგომარეობა მკვეთრად შეცვლილია რადგან რესპუბლიკელები შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ხმების უმრავლესობას ფლობენ.

გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატამ ბატონ ობამას ისტორიული მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღო, რაც პოლიტიკურ ანალიტიკოსთა აზრით იმის მანიშნებელია, რომ მომდევნო ორი წლის მანძილზე რესპუბლიკელები პრეზიდენტი ობამას და მისი მომხრე დემოკრატების დასუსტების მიზნით ყველა ღონეს იხმარენ.

გასულ შაბათ-კვირას პრეზიდენტმა ობამამ მომხრეებს მიმართა. მიმართვაში ობამამ აღნიშნა, რომ დღევანდელი ყოველწლიური ანგარიშის მთავარი თემა ამერიკელებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.

„ჩემი მთავარი ფოკუსი, ჩემი პირველი პრიორიტეტი იქნება ის, რომ ყველა ღონე ვიხმარო რათა ჩვენ კონკურენტუნარიანობა შევინარჩუნოთ, რათა ეკონომიკური ზრდა არ შეჩერდეს და რათა დღეს და მომავალში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას,“ განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

როგორც მოსალოდნელია, თავის დღევანდელ ანგარიშში პრეზიდენტი განათლებაში, სამეცნიერო და ტექნიკურ გამოგონებებსა და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების დაბანდების აუცილებლობას დაუბრუნდება.

მაგრამ როგორც თეთრი სახლის პრეს მდივანმა რობერტ გიბსმა ჟურნალისტებს ორშაბათს მოახსენა, ბატონი ობამა გულახდილად ისაუბრებს იმ რთულ გადაწყვეტილებებზე, რომელიც დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის თანამშრომლობაზე იქნება დამოკიდებული. კერძოდ ლაპარაკია გრძელვადიან პერსპექტივაში ფედერალური მთავრობის საბიუჯეტო დეფიციტისა და ეროვნული დავალიანების შემცირებაზე.

„ვაშინგტონში გაიმართება დებატები არა იმაზე თუ რა ცვლილებებია საჭირო ან თუ როგორ უნდა შევამციროთ დანახარჯები, არამედ ეს იქნება ორპარტიული დისკუსია, რომლის დროსაც მხარეები ითანამშრომლობენ იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა გაკეთდეს ხსენებული პრობლემების მოსაგვარებლად,“ აღნიშნა გიბსმა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტი ობამა დაკავებულია ახალი, ცენტრისტული იმიჯის შექმნით, რომელმაც გასულ წელს მას საგადასახადო შეღავათების გაგრძელებისა და უმუშევართა სოციალური დახმარების საკითხებთან დაკავშირებით რესპუბლიკელებთან მნიშვნელოვანი კომპრომისები მოუტანა.

ტელეკომპანია ენ-ბი-სი-ზე ცოტა ხნის წინ გამოსვლისას წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა ერიკ კანტორმა აღნიშნა, რომ ბატონ ობამას მიერ ნახსენები ინვესტიციების თემა სინამდვილეში ფედერალური მთავრობის დანახარჯების გაზრდას ითვალისწინებს მაშინ როცა მთელი ყურადღება სახელმწიფო ხარჯების შემცირებას უნდა დაეთმოს.

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის რასაც ჩვენ ქვეყანაში ოჯახები, ბიზნესები აკეთებენ. ჩვენ შეზღუდული რესურსებით უფრო მეტის გაკეთება უნდა ვისწავლოთ. ჩვენ სესხების აღებისა და დანახარჯების ამგვარ დონეს უბრალოდ ვერ გავუწვდებით,“ აღნიშნა კანტორმა.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი აზრის რამდენიმე ახლახან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად პრეზიდენტ ობამას პოპულარობის რეიტინგი 50 პროცენტს აღემატება.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის სფეროს, თეთრი სახლის პრეს მდივნის რობერტ გიბსის თქმით, პრეზიდენტი ობამა ავღანეთის ომს შეეხება. როგორც მოსალოდნელია პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს იმას, რომ შეერთებულ შტატებს ალ ყაიდასა და სხვა მსგავსი ექსტრემისტული დაჯგუფებების განადგურება მტკიცედ აქვს განზრახული.

XS
SM
MD
LG