ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეფერენდუმი სამხრეთ სუდანის გაყოფას გარდაუვალს ხდის


რეფერენდუმი სამხრეთ სუდანის გაყოფას გარდაუვალს ხდის
რეფერენდუმი სამხრეთ სუდანის გაყოფას გარდაუვალს ხდის

ცოტა ხნის წინ გამართულმა ისტორიული მნიშვნელობის რეფერენდუმმა ათწლეულების მანძილზე მძვინვარე სამოქალაქო ომს ბოლო მოუღო.

სამხრეთ სუდანში ცოტა ხნის წინ ჩატარებული სახალხო რეფერენდუმის წინასწარი შედეგების თანახმად, სამხრეთ სუდანის მოსახლეობის უმრავლესობა სუდანიდან გამოყოფას ემხრობა.

სუდანის მთავრობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ისინი რეფერენდუმის შედეგებს დაემორჩილებიან. ახლა როგორც ჩრდილოეთ ისე სამხრეთ სუდანის ოფიციალური პირების ყურადღების ცენტრში აფრიკის ამ უმსხვილესი სახელმწიფოს გაყოფასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხების გადაჭრა მოექცა. როგორც "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ჯენიფერ გლასი ლონდონიდან იუწყება, გადასაჭრელ საკითხთა სიაში ახალი კონსტიტუციის შექმნა და სუდანის ნავთობის საბადოებით მდიდარი სადავო რეგიონის სტატუსის განსაზღვრა შედის.

სამხრეთ სუდანელები ახალი ეროვნული ჰიმნის შესრულებას ეჩვევიან. რეფერენდუმის წინასწარი შედეგების თანახმად, სამხრეთ სუდანი ივლისში მსოფლიოს უახლესი სახელმწიფო გახდება.

ცოტა ხნის წინ გამართულმა ისტორიული მნიშვნელობის რეფერენდუმმა ათწლეულების მანძილზე მძვინვარე სამოქალაქო ომს ბოლო მოუღო. სამხრეთ სუდანის რეფერენდუმში ამომრჩეველეთა აქტივობის მაღალი დონე დაფიქსირდა.

სამხრეთ სუდანს დამოუკიდებლობა გაუჭირდება - აღნიშნავს ლონდონში მდებარე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჩეთემ ჰაუსის“ აფრიკის საკითხების ექსპერტი როჯერ მიდლტონი.

„ეს ხომ ყველა მხრიდან ხმელეთით გარშემორტყმული სახელმწიფო იქნება და თანაც მსოფლიოში ერთერთი უღარიბესი, სადაც ინფრასტრუქტურა თითქმის საერთოდ არ არსებობს “ - აღნიშნა ბრიტანელმა მკვლევარმა.

ლონდონში სამხრეთ სუდანის მთავრობის წარმომადგენელი სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს. დანიელ ატოლი აღნიშნავს, რომ აფრიკის უახლეს სახელმწიფოს ბევრი დახმარება დასჭირდება:

„ჩემი მთავრობა მოსახლეობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დიდ ძალისხმევას იჩენს, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენს დასახმარებლად ბევრის გაკეთება შეუძლია “- აღნიშნავს სამხრეთ სუდანის მთავრობის წარმომადგენელი დანიელ ატოლი.

ვიდრე აფრიკის უმსხვილესი სახელმწიფო ორ ქვეყნად გაიყოფა, ბევრი პრაქტიკული საკითხი უნდა გადაიჭრას. ამ მხრივ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს სამხრეთ სუდანის სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრა წარმოადგენს. ჩრდილოეთ და სამხრეთ სუდანს შორის მდებარე და ნავთობის საბადოებით მდიდარი აბიეის რეგიონი მხარეებს შორის მწვავე დავის საგანი გახლავთ. რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მაცხოვრებლობის უფლებასთან დაკავშირებული დავის გამო, აბიეის მოსახლეობამ რეფერნდუმში მონაწილეობა ვერ მიიღო. აბიეის რეგიონის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები გრძელდება. სამხრეთ სუდანის მთავრობის წარმომადგენელს ლონდონში მიაჩნია, რომ ადრე თუ გვიან მხარეები აბიეის რეგიონთან დაკავშირებით გამოსავალს გამონახავენ:

„სუდანის პრეზიდენტის აპარატში გარკვეული ოპტიმიზმი შეინიშნება, რომ ეს საკითხი 9 ივლისამდე მოგვარდება, როცა სამხრეთ სუდანი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდება “ -აღნიშნა დანიელ ატოლმა.

ხართუმის მთავრობის წარმომადგენლებმა, ლონდონში მდებარე ანალიტიკოსებსა და ჟურნალისტებს აბიეის რეგიონთან დაკავშირებით, სუდანის მთავრობის პოზიცია გააცნეს:

„როგორც ჩრდილოელმა ისე სამხრეთელმა მოსახლეობამ აბიეის რეგიონში მდებარე რესურსებით თანაბრად უნდა ისარგებლოს “- აღნიშნა აბიეის რეგიონთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე სუდანის მთავრობის წარმომადგენელმა ალდირი მოჰამედ აჰმედმა.

სამხრეთ სუდანის შემოსავლის მთავარი წყარო ნავთობის ექსპორტიდან შემოსული მოგება იქნება. რადგან ახალი სახელმწიფო ყველა მხრიდან ხმელეთით იქნება გარშემორტყმული, სამხრეთ სუდანი ჩრდილოეთ სუდანზე იქნება დამოკიდებული, რადგან სწორედ ჩრდილოეთ სუდანის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენი სამხრეთ სუდანს ნავთობის ექსპორტის საშუალებას აძლევს.

დაძაბულობა სუდანის დასავლეთ დარფურის რეგიონში სამხრეთ სუდანს კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე აყენებს. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ სუდანი დარფურის რეგიონს ესაზღვრება.

XS
SM
MD
LG