ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყანაში არაევროპელი იმიგრანტების შემოსვლაზე შეზღუდვები შემოიღო. ბრიტანეთი მსოფლიოს ყველა კუთხიდან სტუდენტებსა თუ მუშებს ყოველთვის იზიდავდა და იზიდავს. შემთხვევითი როდია ის გარემოება, რომ ბრიტანეთის მოსახლეობის ზრდა ძირითადად, სწორედ იმიგრაციის მაღალი დონით აიხსნება.
ბევრი მიმომხილველი აგრეთვე აღნიშნავს, რომ უცხოელთა ესოდენ მოზღვავებული შემოსვლა ქვეყნის სოციალური უზრუნველყოფის სისტემას საფრთხეს უქმნის. ბრიტანეთის ახალი კოალიციური მთავრობა აპირებს ქვეყანაში იმ იმიგრანტების შემოსვლა შეზღუდოს, რომლებიც ევროკავშირის გარეთ მყოფი ქვეყნებიდან არიან წარმოშობით.
კრიტიკოსები კი აღნიშნავენ, რომ ბრიტანეთის მთავრობის ეს ინიციატივა ქვეყანაში იმიგრანტების შემოსვლას მნიშვნელოვნად არ შეამცირებს, რადგან ბრიტანეთში შემოსული იმიგრანტების 85 პროცენტზე მეტი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არიან.
როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯენიფერ გლასი ლონდონიდან იუწყება, ბრიტანეთში მყოფი იმიგრანტები ქვეყანაში დარჩენას ყველანაირად ცდილობენ. მათ განსაკუთრებით აინტერესებთ ის, თუ რა შესაძლო შედეგი მოჰყვება მთავრობის მიერ შემოთავაზებულ საიმიგრაციო შეზღუდვებს.
ბრიტანეთის მთავრობამ ფიქტიური ქორწინებების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა გაააქტიურა. როგორც წესი, ამგვარ ქორწინებებში ევროკავშირის გარეთ მყოფი რომელიმე ქვეყნის მოქალაქე ევროკავშირის მოქალაქესთან დაქორწინების გზით, ბრიტანეთში დარჩენის უფლებას ღებულობს.
ცოტა ხნის წინ, ინგლისის სამხრეთში ეპისკოპოსი გაასამართლეს იმის გამო, რომ მან 360-ზე მეტი ყალბი ქორწინება გააფორმა.
სემ ბულიმორი ბრიტანეთის სასაზღვრო სააგენტოს თანამშრომელია. მისი თქმით:
„ყველაზე ხშირად ამგვარ საქმეებში დასავლეთ აფრიკის რომელიმე ქვეყნის მოქალაქე ცოლად ირთავს ან ცოლად მიჰყვება ევროკავშირის მოქალაქეს, არა აქვს მნიშვნელობა ჰოლანდიელი, ფრანგი, პორტუგალიელი, თუ ესპანელი იქნება ის და შედეგად ის ყველა უფლებას ღებულობს. ამდენად, ისინი ევროკავშირის მოქალაქეებთან ქორწინებაში ძალიან დაინტერესებულები არიან.“
ბულიმორი აღნიშნავს, რომ ფიქტიური ქორწინებების გაფორმება საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი გახდა, რომელშიც „მაჭანკალს“ ყოველი ფიქტიური ქორწინების გაფორმებისთვის ათ ათასზე მეტი დოლარის მოგება ელის.
მღვდელმა ტიმ კოდლინგმა პოლიციასთან თანამშრომლობა მაშინ გადაწყვიტა, როცა მას ბევრი ქორწინების თხოვნით მიმართავდა, რომელიც მას საკმაოდ საეჭვოდ ეჩვენებოდა. ერთი ცერემონიის დროს მან საქორწინო ფიცის ნაცვლად, მეტროსადგურების სახელების ჩამოთვლა დაიწყო და პატარძალი, რომელმაც ინგლისური საერთოდ არ იცოდა, ყველაფერს იმეორებდა. კოდლინგი აღნიშნავს, რომ ეგრეთწოდებული პარალელური სამართლებირივი სისტემის გამო, ბოროტმოქმედები ეკლესიებს ადვილად იყენებენ.
„ინგლისის ეკლესია საკმაოდ მომხიბვლელია, რადგან სამოქალაქო ანუ სეკულარული სისტემისგან განსხვავებით, ქორწინების მოთხოვნას აქ დიდი ზედმიწევნით არ ამოწმებენ,“ აღნიშნა ტიმ კოდლინგმა.
ბულიმორის თქმით, იმიგრანტები აგრეთვე ხშირად ყალბ სასწავლო დაწესებულებებს იყენებენ, რომლებიც ფიქტიურ სტუდენტურ ვიზებს იძლევიან.
„ჩვენ აგრეთვე დაგვიგროვდა ბევრი შემთხვევა, როცა იხსნება ესა თუ ის კოლეჯი და დოკუმენტების თანახმად, მასში ხუთი ათასი სტუდენტის სწავლა არის შესაძლებელი, ან ამ კოლეჯში სასწავლებლად მიღებული იქნება დოკუმენტები ხუთი ათასი სტუდენტისგან. ხოლო ინსპექციის ჩატარების დროს კი ირკვევა, რომ კოლეჯში გაკვეთილების ჩატარება მხოლოდ ორასი სტუდენტისთვის არის შესაძლებელი,“ განაცხადა ბულიმორმა.
პრემიერ მინისტრ დევიდ კამერონის მთავრობა ევროკავშირის გარეთ მყოფი სახელმწიფოებიდან იმიგრაციის შეზღუდვას ცდილობს. დიდ ბრიტანეთში იმიგრანტების ამ კატეგორიის შემოსვლაზე დაწესდა შეზღუდვა, რომელიც წელიწადში ქვეყანაში 24 ათასზე ოდნავ მეტი პირის შესვლას ითვალისწინებს. ხსენებული შეზღუდვა შუალედურ ზომას წარმოადგენს, მაგრამ როგორც მოსალოდნელია მომავალ აპრილში ის ძალაში მუდმივად შევა.
ამ ზომას ნობელის პრემიის ლაურეატები აკრიტიკებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ იმიგრაციის შეზღუდვა ბრიტანეთში ნიჭიერი სტუდენტებისა და მეცნიერების მოწვევას შეაფერხებს და ბრიტანეთის, როგორც გამოკვლევების სფეროში ლიდერი ქვეყნის, რეპუტაციას დააზიანებს.
ხოლო ბიზნესმენები აღნიშნავენ, რომ საიმიგრაციო შეზღუდვების შედეგად, ბრიტანული კომპანიები საუკეთესო საერთაშორისო პროფესიონალებს ვერ დაიქირავებენ. ავტომანქანების მწარმოებლები მსგავს შეშფოთებას გამოთქვამენ.
ბრიტანეთში იმიგრაციის კარგად დამკვიდრებული ტრადიცია არსებობს. ლონდონი ცნობილია სხვადასხვა ეთნიკური უბნებით. მაგალითად ბრიქსტონში, სამხრეთ ლონდონში, კარიბული წარმოშობის ოჯახები ცხოვრობენ, რომლებიც იქ ჯერ კიდევ 1940-იან წლებში დასახლდნენ.
ბრიტანეთში ყოველწლიურად 176 ათასი იმიგრანტი ჩადის. ახალმა პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მას სურს, ეს მაჩვენებელი რამდენიმე ათეულ ათასამდე შემცირდეს, მაგრამ იმავდროულად მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აპირებს კვალიფიცირებულ უცხოელ მუშებზე შემოღებული შეზღუდვა შეასუსტოს, რათა ბრიტანულმა კომპანიებმა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ.