პაკისტანმა ინდოეთის მიერ შემოთავაზებული ხუთი მილიონი დოლარის დახმარებაზე თანხმობა განაცხადა.
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის შაჰ მეჰმუდ ქურეშის განცხადებით, ინდოეთის კეთილშობილური ინიციატივა ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე ძალზე მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, ისიც, რომ შეერთებულმა შტატებმა თავისი მხრიდან მოუწოდა პაკისტანს ინდოეთის დახმარებაზე უარი არ ეთქვა, რადგან ზემოხსნებეული თანხა წყალდიდობით დაზარალებულ ოც მილიონიან მოსახლეობას ამ ეტაპზე განსაკუთრებით სჭირდება.
ბრიტანულმა გაზეთმა "Financial Times"-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ პაკისტანი საერთაშორისო სავალუტო ფონდს ათი მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის პირობების შემსუბუქებას მოსთხოვს.
ამ მიზნით მომავალ კვირას პაკისტანის ფინანსთა მინისტრი აბდულ ჰაფეზე შაიხი ვაშინგტონში ჩადის, სადაც სავალუტო ფონდის წარმომადგნელებს პირადად შეხვდება და სესხის რესტრუქტურიზაციაასა და ახალ დაფინანსებაზე გაესაუბრება.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პაკისტანს დახმარების სამომავლოდ 150 მილიონამდე გაზრდა აღუთქვა:
„ჩვენ დახმარებიდან 92 მილიონ დოლარს გაეროს ფონდში ჩავრიცხავთ . პაკისტანის ბუნებრივი კატასტროფების მენეჯმენტის უწყება და სამაშველო ორგანიზაციები ამ თანხას უახლოეს მომავალში მიიღებენ. შეერთებული შტატები ამას გარდა უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას და პაკისტანს სამხედრო და სამოქალაქო რესურსებსაც მიაწვდის. მე მოვუწოდებ ჩვეულებრივ ამერიკელებს, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის,რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღონ“