ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული შეფასებები სეპარატისტების აღიარებიდან ორი წლის შემდეგ


რუსული შეფასებები სეპარატისტების აღიარებიდან ორი წლის შემდეგ
რუსული შეფასებები სეპარატისტების აღიარებიდან ორი წლის შემდეგ

აფხაზეთის პერსპექტივა და კოკოითის სახელობის კოოპერატივი

26 აგვისტოს რუსეთის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებიდან ორი წელი შესრულდა. ორი წლის წინ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ეს ნაბიჯი საქართველოს ლიდერის მიხეილ სააკაშვილის აგრესიული ქმედებით გაამართლა. თბილისი კი პირიქით, აგრესორად რუსეთს მიიჩნევს და მას ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ოკუპაციაში სდებს ბრალს. ამ თემაზე საინტერესო მასალა მოამზადა „ამერიკის ხმის“რუსულმა განყოფილებამ. სტატიის სათაურია „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - ორი წელი საქართველოს გარეშე“. ავტორი, „ამერიკის ხმის“ მოსკოველი კორესპოდენტი ვასილი ლვოვი აღნიშნავს, რომ რუსეთთან ერთად აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი აღიარეს მხოლოდ ორმა ლათინოამერიკულმა ქვეყანამ - ნიკარაგუამ და ვენესუელამ, ასევე ჯუჯა სახელმწიფომ - ნაურუმ. თუმცა, სეპარატისტების ქომაგები იმედს არ კარგავენ. ამასთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო „ვესტნიკ კავკაზას“ რედაქტორმა ალექსეი ვლასოვმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში განაცხადა, რომ აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც საბჭოთა რუსეთის გზით ვითარდებიან, რომელმაც სახელმწიფოებრიობა 1917 წელს გამოაცხადა, თუმცა, მისი დიპლომატიური აღიარება 24-25 წელი გაჭიანურდა. აქედან გამომდინარე ვლასოვი იმედს არ კარგავს და ამბობს, რომ რუსეთის მაგალითს შესაძლოა მალე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რამდენიმე ქვეყანამაც მიბაძოს. თუმცა, მისი თქმით, უმთავრესი ეს არაა. ვლასოვი მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში ძალიან ბევრი ქვეყანა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებთან ისე დაამყარებენ პრაქტიკულ ურთიერთობებს.

მოსკოვის კარნეგის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი ალექსეი მალაშენკო ამ საკითხზე უფრო პირდაპირ აყალიბებს თავის მოსაზრებას. „აფხაზეთი ეს მართლაც ის ტერიტორიაა, რომელიც კვაზი დამოუკიდებლობაზე და უცხო სახელმწიფოებთან პირდაპირ ურთიერთობაზე აცხადებს პრეტენზიას, ხოლო სამხრეთ ოსეთი კი ეს არის კოკოითის სახელობის სააგარაკო სამშენებლო კოოპერატივი. ეს რაღაც ტერიტორიაა, რომლის პრობლემებიც ნათლად არ ჩანს,“ - ამბობს მალაშენკო.

„ამერიკის ხმას“ თავის პოზიცია გაუზიარა სახელმწიფო დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმაც. მისი თქმით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ვითარება ერთმანეთისგან განსხვავებულია. ეს განსხვავება, ზატულინის თქმით, პირველ რიგში გეორაფიულია - აფხაზეთს, რომელსაც შავი ზღვის სანაპირო აქვს, გახსნილია კომუნიკაციისთვის, ხოლო, სამხრეთ ოსეთს კი რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა აქვს - ეს არის როკის გვირაბი, რომლითაც ცხინვალი ჩრდილოეთ ოსეთს უკავშირდება.

„სწორედ ამიტომ სამხრეთ ოსეთში ბევრი უბრალოდ ელოდება იმ მომენტს, თუ როდის შეუერთდება საბოლოოდ სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთს რუსეთის შემადგენლობაში,“ - ამბობს ზატულინი. მალაშენკოს კი მსგავსი სცენარი აბსურდულად მიაჩნია. ასეთ შემთხვევაში, ეს აღარ იქნება დამოუკიდებლობა, ეს იქნება ანექსია, რაც ბოლო ათლწეულების მანძილზე არ მომხდარა, ამბობს მალაშენკო. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთი ესა რაღაც ფიქტიური ტერიტორიაა, რასაც ვერ ვიტყვით აფხაზეთზე. მალაშენკო ფიქრობს, რომ მთავარი არ არის ლათინოამერიკული ეგზოტიკური ქვეყნების პოზიცია, არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობა შეცვლის თავის დამოკიდებულებას აფხაზეთთან მიმართებაში. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ აფხაზეთში უკვე გამოიკვეთა გარკვეული რეალური ძალები, რომლებიც არა მარტო პრორუსულ პოზიციაზე არიან, არამედ არიან დამოუკიდებლად მოქმედი პოლიტიკური ძალებიც.

რა მოიგო და რა წააგო რუსეთმა აფხაზეთის და ცხინვალის აღიარებით? ამასთან დაკავშირებით კონსტანტინე ზატულინი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ „სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ურთიერთობების ასაგებად მთლიანად გამოდგება ამ დროისთვის შექმნილი ვითარება. რუსეთს გააჩნია როგორც ინტერესები ასევე შესაძლებლობები, როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთში. რუსეთის დახმარებით ახლადწარმოქმნილი ერთეულები თავიანთ მომავალ სახელმწიფოებრიობას აშენებენ.“ ამასთანავე მისი თქმით, არანაირი აზრი არ აქვს ძალისხმევის და რესურსების დახარჯვას იმის გამო, რომ თურქეთმა აღიაროს აფხაზეთი, მაშინ როდესაც თურქული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს უკვე გააჩნია განსაზღვრული ინტერესები კავკასიის შავი ზღვისპირეთში.

ალექსეი მალაშენკო კი დარწმუნებულია, რომ სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარებამ რუსეთი მნიშვნელოვნად დააზარალა და ეს ზარალი მეტწილად პოსტსაბჭოთა სივრცეში მიიღო, რადგან ეს აღიარება ყოფილმა საბჭოთა ქვეყნებმა ძალიან მტკივნეულად აღიქვეს. „დღეს რუსეთმა წაგლიჯა საქართველოს, ხოლო ხვალ წაგლიჯავს სხვას,“ - ამბობს მალაშენკო. მისი თქმით, ამის შემდეგ, რუსეთი უკვე ვერანაირად ვეღარ იქნება მედიატორი. მალაშენკოს არ ავიწყდება ის ფაქტიც, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთი თვით ლუკაშენკომაც კი არ აღიარა. ამასთან დაკავშირებით კი ზატულინი აღნიშნავს, რომ რუსეთი არ იყო დიდად დაინტერესებული აღიარებდა თუ არა ბელარუსი ამ რესპუბლიკებს. „საქმე სულ სხვა რამე იყო, კერძოდ, რამდენად მოკავშირე იყო ჩვენი მოკავშირე სახელმწიფო,“ - დასძენს ზატულინი.

რაც შეეხება რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობებს, ზატულინი კმაყოფილია, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია „თბილისის პოლიტიკურ რეჟიმს“ არ უბიძგებს სამხედრო რევანშისკენ. თუმცა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ამერიკა „სააკაშვილის არმიას“ ხელახლა აიარაღებს, რაც ზატულინის უკმაყოფილებას იწვევს. ეს უკმაყოფილება უკვე დღეს თავად რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმაც ვერ დამალა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ თეთრი სახლის ეს ნაბიჯები რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკის ჩარჩოებში არ ჯდება.

XS
SM
MD
LG