ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენეტ იალოვიცი: მსურს, საქართველოში უფრო მეტი გამჭვირვალობა ვიხილო


კენეტ იალოვიცი: მსურს, საქართველოში უფრო მეტი გამჭვირვალობა ვიხილო
კენეტ იალოვიცი: მსურს, საქართველოში უფრო მეტი გამჭვირვალობა ვიხილო

„საქართველოს ძალიან ესაჭიროება პასუხისმგებლობით სავსე ოპოზიცია, როგორც მმართველი პარტიის რეალური ალტერნატივა“

ბატონი კენეტ იალოვიცი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩად 1998-2001 წლებში მსახურობდა. 2001 წლის 30 სექტემბერს მან დიპლომატიური კარიერა დატოვა და სამეცნიერო-ანალიტიკური საქმიანობაზე გადაერთო. ამჟამად ბატონი იალოვიცი ნიუ-ჰემპშირში დორთმუტის კოლეჯში საერთაშორისო ურთიერთობის ჯონ დიკის ცენტრს ხელმძღვანელობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი საქართველოში ელჩად მუშაობიდან ათი წელი გავიდა, ბატონი იალოვიცი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს აქტიურად ადევნებს. შესაბამისად, „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია დაინტერესდა, თუ როგორ აფასებს ბატონი იალოვიცი საქართველოში არსებულ ვითარებას.

ბატონო ელჩო, მოგესალმებით და დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით საუბარზე. შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა 1990-იანი წლების ბოლოს გააქტიურა, რაც თქვენი ელჩობის პერიოდს დაემთხვა. როგორ ფიქრობთ, გაამართლა საქართველომ შეერთებული შტატების მოლოდინი, როგორც დემოკრატიულმა და სანდო პარტნიორმა?

ძალიან კარგი შეკითხვაა. ჩემთვის საქართველო ევოლუციურ მდგომარეობაში იმყოფება. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. თუმცა, ჯერ კიდევ უამრავი საკითხია მოსაგვარებელი. მე ყურადღებას ვამახვილებ მოახლოებულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ჩემთვის, როგორც დამკვირვებლისთვის, საქართველოს ძალიან ესაჭიროება პასუხისმგებლობით სავსე ოპოზიცია, როგორც მმართველი პარტიის რეალური ალტერნატივა. ვფიქრობ, ეს არის საქართველოსთვის ერთერთი მთავარი საკითხი, რადგან დემოკრატიამ რომ რეალურად იმუშაოს, ერთ პარტიაზე მეტი პარტია უნდა არსებობდეს. ამისთვის კი ოპოზიცია უნდა იყოს ძლიერი. დემოკრატიის მშენებლობის კუთხით არის პროგრესი, თუმცა ჯერ კიდევ უამრავი რამეა გასაკეთებელი. ამდენად, მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი იქნება ამ კუთხით.

არსებობს მოსაზრება, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მისი მეორე ვადის დასრულების შემდეგ, ხელისუფლებაში ყველაზე გავლენიან და ძლიერ ფიგურად დარჩენას შეეცდება. ახალი კონსტიტუციის პირობებში შესაძლოა პრემიერ-მინსიტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს. როგორ ფიქრობთ, რა გავლენა ექნება ამ მცდელობას დემოკრატიის განვითარებაზე?

მე არ შემიძლია გითხრათ, რა უნდა ქნას პრეზიდენტმა და რა არა. თუმცა, ვფიქრობ, რომ საქართველოში დემოკრატიის მშენებლობისა და გრძელვადიანი ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შექმნისათვის, ალბათ უკეთესი იქნება, თუ პრეზიდენტი დაასრულებს თავის ვადას და სხვებს მიეცემათ ამის შანსი. მას აქვს არაორდინალური მიღწევები. მე მას დიდი ხანია ვიცნობ. დღევანდელი საქართველო განსხვავდება ათი წლის წინანდელი საქართველოსგან.

სახელმწიფო უფრო ეფექტურად მოქმედებს, მაგრამ ისევ ვიმეორებ, რომ თქვენ გჭირდებათ ძლიერი ოპოზიცია და ერთი პირისგან ძალაუფლების მშვიდად გადაბარება. მე ვიცი, რომ ახალი კონსტიტუციის თანახმად პრემიერ-მინისტრს გაზრდილი უფლებები აქვს. თუმცა, ვფიქრობ კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი დაასრულებს თავის ვადას. პრეზიდენტი სააკაშვილი ახალგაზრდა კაცია. მას რამდენიმე წლის შემდეგ შეეძლება შეეცადოს უკან დაბრუნებას. ის საკმაოდ ნიჭიერი ადამიანია და მე მას პატივს ვცემ. მას საერთაშორისო დონეზე ბევრი საქმის გაკეთება შეუძლია.

თქვენ აღნიშნეთ, რომ სახელმწიფო უკეთ ფუნქციონირებს. თუმცა, ბევრი ანალიტიკოსი და უფლებადამცველი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა აკონტროლებს ნაციონალურ მედიაარხებს, ასევე საქართველოში არის შერჩევითი სამართალი და პოლიტიზირებული პოლიცია. ეთანხმებით თუ არა ამ შეფასებებს?

ვითარება არ უნდა დავხატოთ შავ-თეთრ ფერებში. რასაკვირველია, არსებობს საკითხები, რაც აწუხებთ დასავლეთში საქართველოს მეგობრებს. კერძოდ ის, რაც მოხდა 2007 წლის ნოემბერში და ამა წლის მაისში. ამას მოყვა ძალიან ცუდი შეფასებები პრესაში. ვფიქრობ, მთავრობამ უნდა ახსნას ეს ვითარება. საქართველოში არსებულ ვითარებაზე ბევრი კრიტიკა ისმის. ერთერთი მათგანია ის, რომ გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული ადამიანების რაოდენობა ძალიან მცირეა. ეს არის პრეზიდენტის გარშემო არსებული პატარა ჯგუფი და მათ უნდა გააფართოვონ ინტერესის სფერო. მე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მსმენია, რომ ხშირად მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ისე, რომ არ უსმენს რეალურად არასამთავრობო სექტორს და არ სურს მათგან რჩევების მიღება. მსურს, საქართველოში უფრო მეტი გამჭვირვალობა ვიხილო. ეს ძალინ მნიშვნელოვანი იქნება მოახლოებული არჩევნების წინ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყავდეს სოლიდური, ქმედუნარიანი და პასუხისმგებლობით სავსე ოპოზიცია, რომელთაც ექნებათ ძლიერი ბლოკი პარლამენტში და ასევე ექნებათ მედიის თავისუფლად გამოყენების საშუალება. აი ეს არის ის, რისი მოლოდინიც აქვთ საქართველოს მეგობრებს. როგორც ვთქვი, არსებობს პროგრესი,თუმცა უფრო მეტია გასაკეთებელი.

თქვენ აღნიშნეთ თბილისში მაისის ამბები. ევროკავშირმა უკვე მოითხოვა ამ ტრაგიკული მოვლენების გამოძიება. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ მათ 26 მაისს დემონსტრაციის დარბევით, რუსეთში დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების სცენარის თავიდან არიდება შეძლეს. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

თავდაპირველად უნდა ვთქვა, რომ შეშფოთებული ვარ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობით. ის რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, დღესაც ძალიან სერიოზული საკითხია ჩემთვის, როდესაც რუსეთი შეიჭრა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და აღიარა ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

მე მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას. თუმცა, ამავდროულად, უნდა ვიყო გულახდილი და ვთქვა, რომ რუსეთის დადანაშულება ყველაფერში, რაც ცუდი ხდება საქართველში, ცოტა არ იყოს გაზვიადებულად მეჩვენება. მე კარგად ვაკვირდებოდი, რაც ხდებოდა მაისში თბილისში და ვფიქრობ, რომ მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარების იდეა ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება.

XS
SM
MD
LG