ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოიწვევს თუ არა ფასების ზრდა სექტემბერში ხალხის ქუჩაში გამოსვლას?


გამოიწვევს თუ არა ფასების ზრდა სექტემბერში ხალხის ქუჩაში გამოსვლას?

"როცა ხალხს პურის ფული არა აქვს, ამას მოჰყვება რევოლუცია" -აცხადებს საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

"პურზე ფასის ზრდა კატასტროფის მომტანია, მთავრობამ ეს უნდა შეაჩეროს, თორემ სხვა შემთხვევაში დაიწყება შიმშილობა” - აცხადებს ექსპრეზიდენტი შევარდნაძე.

საარსებო მინიმუმის და პენსიის საკვებ პროდუქტებზე ფასების მიხედვით განსაზღვრას მოითხოვს პარლამენტის წევრი ჯონდი ბაღათურია. ”ქართული დასის” ლიდერის თქმით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები, რომელთა თანახმად საკვები პროდუქტები 5%-ით გაძვირდა, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში ვითარება გაცილებით რთულია, სასურსათო კალათის ფასი დაახლოებით 20%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ საარსებო მინიმუმიც შესაბამისად უნდა გაიზარდოს და 150 ლარის ნაცვლად 180 ლარით განისაზღვროს.

ეროვნული ბანკის ცნობით, ინფლაციის მონაცემები 4,9%-ს შეადგენს. პურზე ფასების ზრდა პირდაპირპროპორციულია ინფლაციის მაჩვენებლის ზრდის. პურის ფასების ზრდა სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით გაზრდის ინფლაციის მაჩვენებელს დაახლოებით 08% - 09 %-ით.

ინფლაცია სექტემბერ-ოქტომბერში უფრო მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს. ასეთ პროგნოზს აქვეყნებს გაზეთი ”ბანკები და ფინანსები”. ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში ინფლაციის ზრდას არა მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებენ, არამედ ამის მიზეზს მსოფლიო სასურსათო ბაზარზე არსებულ სიტუაციაში ხედავენ. შაქრის, პურის და საწვავის ფასები მსოფლიო ფასებზეა დამოკიდებული, თუმცა საქართველოში ყველა ამ პროდუქტზე გაცილებით მეტად იზრდება ფასები, ვიდრე ეს საერთაშორისო ბაზარზე ხდება, აღნიშნავს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე.

"თუ მასას, რომელშიც საკმაოდ დიდი უკმაყოფილების მუხტი დაგროვდა გამოუჩნდა ორგანიზატორი, ამ უკმაყოფილებამ შესაძლოა სამზარეულოებიდან ქუჩაში გადაინაცვლოს" - მიიჩნევს გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი გია ვოლსკი. კითხვაზე, არსებობს თუ არა დღეს ისეთი ოპოზიციური ძალა, რომელიც ხალხის ქუჩაში გამოყვანას შესძლებს, გია ვოლსკი პასუხობს:

”პოტენციალი რამდენიმე ოპოზიციურ ძალას გააჩნია, მაგრამ ვფიქრობ, რომ არარეალიზებული პოტენციალი ენერგიის წყაროდ უკვე აღარ ითვლება. არარეალიზებული პოტენციალი გააჩნია ირაკლი ალასანიას გუნდს, ასევე მისგან საპირისპირო პოზიციაზე მდგომ ნინო ბურჯანაძის გუნდს და ვფიქრობ, არარეალიზებული პოტენციალი გააჩნია ფორუმს, რომელსაც იმედი აქვს, რომ სექტემბრიდან ხალხს აიყოლიებს მთელი რიგი მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური და სოციალური მიმართულებითაც.”

ამ დღეებში საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მომავალი წლის პირველ თვეებში ფქვილის დარიგების საკითხის განხილვა დაავალა. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ხორბალზე ფასის მეტი მატების საფრთხე დღის წესრიგიდან მოხსნილია.

XS
SM
MD
LG