ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში შექმნილი კრიზისის მიზეზები


იემენში შექმნილი კრიზისის მიზეზები
იემენში შექმნილი კრიზისის მიზეზები

ალ-აჰმარის საგვარეულოს წევრებს შორის მომხდარი შეტაკებების გამო სანაას რამდენიმე უბანი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ხუთშაბათს იემენის დედაქალაქ სანააში გრძელდებოდა სამხედრო დაპირისპირება პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის მომხრე სამხედრო ძალებსა და მისივე ტომის შეიარაღებულ წარმომადგენლებს შორის, რაც ქვეყანაში შექმნილ კრიზისში ღრმა პირადი დაპირისპირების ნიშნებს ასახავს, იუწყება ქაიროდან "ამერიკის ხმის" ახლო აღმოსავლეთის ბიუროს თანამშრომელი ელიზაბეთ აროტი.

პრეზიდენტ სალეჰის ყველაზე ერთგული მომხრე აწ გარდაცვლილი შეიხ აბდულა ალ-აჰმარი გახლდათ. ვიდრე სალეჰი და ალ-აჰმარი პოლიტიკური მეკავშირეები გახდნენ, მათ პირადი მეგობრობა აკავშირებდათ. ხოლო როცა ალ-აჰმარი იემენში ყველაზე გავლენიანი და ძლევამოსილი ჰაშიდის ტომების ფედერაციის ლიდერი გახდა, მათ შორის პარტნიორობა უფრო განმტკიცდა.

სპარსეთის ყურის კვლევითი ცენტრის დირექტორი მუსტაფა ალანი აღნიშნავს, რომ ალ-აჰმარის ალიანსი სალეჰთან შეიხის ათ შვილზე არ გადავიდა.

„შეიხის შვილები ალი აბდულა სალეჰის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რაც თავის თავად ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ალი აბდულა სალეჰი ალ-აჰმარის საგვარეულოს წევრი გახლავთ. სალეჰი ალ-აჰმარის საგვარეულოს ერთ-ერთ განშტოებას ეკუთვნის, რომელიც ქალაქ სანჰანიდან არის წარმოშობით. ამდენად სახეზეა შიდატომობრივი კონფლიქტი, ანუ დაპირისპირება ერთი ოჯახის წევრებს შორის “ - აღნიშნავს მუსტაფა ალანი.

არსებითად ნათესაობრივი დაპირისპირება საჯაროდ გამოვლინდა ყველაზე საშიშ დროს. მართალია ტომობრივი დაყოფა იემენში გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს, მდგომარეობას მნიშვნელოვნად ართულებს ეგრეთწოდებული „არაბული გაზაფხულით“ გამოწვეული საპროტესტო დემონსტრაციები, სამხედროთა უკმაყოფილება და ისლმისტების მზარდი პოლიტიკური ამბიციები.

სანააში მყოფი დასავლელი ჟურნალისტი ტომ ფინი იემენში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას ამგვარად აღწერს:

„იემენში ამჟამად პრეზიდენტ სალეჰის წინააღმდეგ ბევრი გამოდის, მაგრამ ანტი-სამთავრობო ოპოზიციის შიგნით მნიშვნელოვანი გაყოფა შეინიშნება. ჰაშიდის მსგავსი ტომები მთავრობის წინააღმდეგ გამოდიან სხვა მიზეზების გამო, რომელიც ხშირ შემთხევაში დღევანდელ არეულობამდე დიდი ხნით ადრე მომხდარ ამბებს უკავშირდება. მაგრამ თვით ის ფაქტი, რომ ისინი ახლა დედაქალაქის ქუჩებში იბრძვიან და რომ სამხედრო დაპირისპირება გრძელდება ცენტრალური მოედნის მახლობლად, სადაც ათასობით დემონსტრანტი კარვებში ცხოვრობს, თავის თავად სიმბოლურია.“

ალ-აჰმარის საგვარეულოს წევრებს შორის მომხდარი შეტაკებების გამო სანაას რამდენიმე უბანი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ალ-აჰმარის კლანის შეიარაღებული წევრები იემენის დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საგვარეულო ციხე-სიმაგრიდან მთავრობის მომხრე სამხედრო ძალებს უტევენ.

დუბაიში მდებარე სპარსეთის ყურის კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი ალანი აღნიშნავს, რომ იემენში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება ჰაშიდის ტომის ახალ შეიხს და ალ-აჰმარების უფროს ძმას სადექს არ უნდა დაბრალდეს.

„სადექს პოლიტიკური ამბიციები არ გააჩნია. მას ქვეყნის მართვა არ სურს. მაგრამ რაც შეეხება მესამე ძმას, ჰამიდს, სადექმა მას მემკვიდრეობითი პროცესი დაუბლოკა. იმავდროულად მან დიდი ძალისხმევა შეალია იმას, რომ ალი აბდულა სალეჰს ძალაუფლება შვილისთვის არ გადაეცა რადგან სადექს ჰგონია, რომ იგი პრეზიდენტობისთვის უფრო გამოსადეგია ვიდრე პრეზიდენტის შვილი,“ დასძენს ალანი.

ძლევამოსილი ბიზნესმენის ჰამიდ ალ-აჰმარის გავლენა იემენის ეკონომიკის ყველა საკვანძო სექტორში იგრძნობა, სათანამგზავრო კავშირგაბმულობის ჩათვლით. ოჯახის წევრებისა და ნათესავების საპირისპიროდ მან ტომობრივი მემკვიდრეობის წესები უგულვებელყო და ლიბიელი და ეგვიპტელი ოპოზიციონერების მსგავსად ქვეყნის მემკვირედობითი მართვის წინააღმდეგ გამოვიდა.

როცა თებერვლის დასაწყისში იემენში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების ტალღა აგორდა, ბატონმა სალეჰმა ახალ საპრეზიდენტო ვადაზე უარი განაცხადა და ოპოზიციას აღუთქვა, რომ შვილს პრეზიდენტის სავარძელს არ გადააბარებს.

მაგრამ ეს განრისხებული ხალხისთვის საკმარისი არ იყო. მდგომარეობა უფრო დაიძაბა მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა რეგიონალური დიპლომატიური ძალისხმევით შემუშავებული გარიგება სამჯერ უარყო. აღსანიშნავია, რომ ხსენებული გარიგება პრეზიდენტ სალეჰის ხელისუფლებიდან წასვლასა და ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას ითვალისწინებდა.

ჯერ-ჯერობით სამხედრო დაპირისპირებაში მხოლოდ ალ-აჰმარის ტომის უახლოესი მხარდამჭერები მონაწილეობენ და ჰაშიდის ტომობრივი ფედერაცია კონფლიქტში არ ჩართულა.

XS
SM
MD
LG