ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დაამთავრე სამუშაო“


„დაამთავრე სამუშაო“

უცხოური პრესის მიმოხილვის დღევანდელი გამოშვება ლიბიის თემას ეძღვნება. მიმოხილვას ვიწყებთ ჯეიმს დუბიკის სტატიით სათაურით „დაამთავრე სამუშაო,“ რომელიც გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსში“ 25 აპრილს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„პრეზიდენტი ობამა გამუდმებით აცხადებს, რომ ლიბიაში ერთადერთ სამხედრო ამოცანას სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა წარმოადგენს და ამ ამოცანის მისაღწევად ჩვენ მხოლოდ საჰერო ძალებს გამოვიყენებთ. მაგრამ სამოქალაქო მოსახლეობაზე ლიბიის მთავრობის მიერ სამხედრო თავდასხმები გრძელდება და საჰაერო ძალების საშუალებით ჩვენ მათ ვერ შევაჩერებთ.

მოკლევადიანი დაბომბვის მომხრეები აშკარად შეცდნენ. სამოქალაქო პირები კვლავინდებურად დაუცველი რჩებიან, პოლკოვნიკი კადაფი უკან დახევას არ აპირებს, ტომები სამხედრო მოქმედებებში ჩართვით იმუქრებიან და ლიბიის სახელმწიფოებრიობას სრული დაცემა ემუქრება. ვაშინგტონი ახლა სამი არჩევანის წინაშე დგას და არცერთი მათ შორის იდეალური არ არის.

პირველი, ამერიკამ შეიძლება უკან დაიხიოს და ამით ჩუმად აღიაროს, რომ ინტერვენცია სტრატეგიული შეცდომა იყო. მაგრამ შეგულიანებული პოლკოვნიკი კადაფი მეამბოხეებსა და მათ მხარდამჭერებზე ალბათ შურს იძიებს. უფრო მეტიც, ნატოს გამბედაობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება და ამერიკის რეპუტაცია შეილახება. რეგიონში ვაშინგტონის გავლენის ნაკვალევი გაუჩინარდება და ალ ყაიდა მყისვე გამოიყენებს იმას, რომ შეერთებულმა შტატებმა მუსულმანები ბრძოლის ველზე მიატოვა.

მეორე, დამარცხების თავიდან აცილების მიზნით ჩვენ მინიმალური ჩარევა შეიძლება გავაგრძელოთ. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოლკოვნიკი კადაფი დაემხო, ომის შემდეგ ჩვენ ლიბიაში მნიშვნელოვანი და უცნობი გამოწვევების წინაშე აღვმოჩნდებით. შეერთებული შტატები და ნატო ლიბიიდან გასვლას უბრალოდ ვერ შესძლებენ. ჩვენ ეს მიდგომა უკვე ავღანეთსა და ერაყში გამოვიყენეთ და შედეგად ამბოხება მივიღეთ.

მესამე, შეერთებულ შტატებსა და მოკავშირე ქვეყნებს იმ სამხედრო რესურსების გამოყოფა შეუძლიათ, რომელიც აუცილებელია როგორც ლიბიელი სამოქალაქო პირების დასაცავად ისე პოლკოვნიკ კადაფის დასამარცხებლად. 1995 წელს ბოსნიელი ხორვატებისგან და 2001 წელს ავღანეთში ჩრდილოეთის ალიანსისგან განსხვავებით, ლიბიელი მეამბოხეები იმდენად დეზორგანიზებულები არიან, რომ ისინი ნატოს საჰაერო მხარდაჭერას სათანადოდ ვერ იყენებენ.“

უცხოური პრესის მიმოხილვას ვასრულებთ სარედაქციო წერილით სათაურით „ლიბიაში სიცოცხლის გადარჩენა,“ რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ 27 აპრილს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„ნატოს ექვსკვირიანი საჰაერო კამპანიის შედეგად კადაფის მომხრე ძალებმა ქალაქებს ბენღაზისა და აჯდაბიიდან უკან დაიხიეს. მაგრამ ქალაქ ზაუიას კვლავინდებურად სამთავრობო ძალები აკონტროლებენ, ხოლო ლიბიის მნიშვნელობით მესამე საპორტო ქალაქი მისრატა ალყაშემორტყმული რჩება. მიმდინარე კვირის მანძილზე მისრატას, სადაც პორტის ტერიტორიაზე ათასობით ლტოლვილი ევაკუაციის იმედით შეიკრიბა, საარტილერიო ჭურვებსა და რაკეტებს უშენდნენ. დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი დღითიდღე იზრდება.

ლიბიაში შეერთებული შტატების ელჩმა ჯინ გრეცმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ლიბიელ მეამბოხეთა გარდამავალ მთავრობასთან სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო წარგზავნილის თქმით, მეამბოხეები „ჩვენ დახმარებას იმსახურებენ.“ მაგრამ ბრიტანეთისგან, საფრანგეთისგან და იტალიისგან განსხვავებით, ადმინისტრაციამ გარდამავალი ეროვნული საბჭო ლიბიის ლეგიტიმურ მთავრობად ჯერ-ჯერობით არ აღიარა.

თუ ამჟამად მიმდინარე სამხედრო ოპერაცია დიდ ხანს გაგრძელდება, მდგომარეობა შეიძლება კადაფის რეჟიმის საწინააღმდეგოდ შეიცვალოს. მაგრამ დრო დაკარგულ სიცოცხლეებს ნიშნავს. ყოველდღიურად ლიბიელების დიდი რიცხვი იღუპება. შეერთებული შტატების ელჩის ცნობით, დღემდე ლიბიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს 10,000-დან 30,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თუ ლიბიელების გადასარჩენად სხვა ზომების მიღება არის საჭირო, ამერიკული თვითმფრინავების გაგზავნის, ოპოზიციისთვის შეიარაღების გადაცემისა და საჰაერო დარტყმების სიზუსტის გასაუმჯობესებლად საგანგებო პერსონალის გამოყოფის ჩათვლით, პრეზიდენტმა ამგვარ მოქმედებეზე ხელი უნდა მოაწეროს.“

XS
SM
MD
LG