ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველომ ევროკავშირთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა


თბილისი ასევე ევროკავშირთან გააფორმებს შეთანხმებას რეადმისიის შესახებ, რაც არალეგალური პირების დაბრუნებას გულისხმობს.

დაახლოებით ორი კვირის წინ, თბილისმა გააფორმა შეთანხმება ”ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ”. შეთანხმების მხარეებს საქართველო და ევროკავშირის სახელმწიფოები წარმოადგენენ დანიის სამეფოს, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გარდა.

რატომ არ მოაწერეს აღნიშნულ შეთანხმებას ხელი დანიამ, ინგლისმა და ირლანდიამ? რაში გამოიხატება ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივება?

ამ კითხვებით ”ამერიკის ხმამ” პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსს ვასილ ჭყოიძეს მიმართა, რომელიც ამბობს, რომ ზემოაღნიშნული ქვეყნები შენგენის ზონის ქვეყნები არ არიან, შესაბამისად ის ვალდებულებები, რომლებიც ერთმანეთის მიმართ აიღეს შენგენის ზონის ქვეყნებმა მესამე ქვეყნის მოქალაქეებთან ურთიერთობისას, ამ ვალდებულებების ნაწილი დანიის , დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის შემთხვევაში არ ვრცელდება:

"თუმცა შეთანხმება მთლიანობაში მათთან მიმოსვლის ლიბერალიზაციასაც ნიშნავს, უბრალოდ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ შენგენის მიერ მინიჭებული გადაადგილების თავისუფლება მესამე ქვეყნის მოქალაქისთვის იქნება ნაწილობრივ შეზღუდული. რაც შეეხება შესვლის, ვიზის გაცემის, ვიზის საფასურის შემცირების და ა.შ. ვალდებულებებს, რომელიც ამ შეთანხმებაშია ჩასმული, ის რა თქმა უნდა ევროკავშირის ყველა წევრ-ქვეყანაზე გავრცელდება. ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივება არის რამდენიმე ფორმის. პირველი: საფასურის განახევრება , მაგალითად შენგენის ვიზა ღირდა 70 ევრო,შესაბამისად საქართველოს მოქალაქეები ამ თანხის ნახევარს გადაიხდიან. გარდა ამისა შემცირდა ვიზის გაცემის ხანგრძლიობა, ანუ, აუცილებლად ერთი სამუშაო კვირის განმავლობაში (5 დღის) პიროვნებაზე უნდა გაიცეს ვიზა. მოქალაქე მიიღებს დადებით ან უარყოფით პასუხს 5 დღეში. მაგრამ პოზიტიური პასუხების რაოდენობა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ პროცენტულად მკვეთრად მოიმატებს. გარდა ამისა არანაკლებ მნიშვნელოვანია წარსადგენი დოკუმენტების შემცირება, წარსადგენი ცნობების რაოდენობა მინიმუმამდეა დასული, 2-3 ცნობამდეა დაყვანილი, მთავარია ფიგურირებდეს მოწვევა იმ ქვეყნიდან, სადაც მოქალაქე მიემგზავრება. გარდა ამისა არის კიდევ შეღავათები, როდესაც საერთოდ უფასოა ზოგიერთი კატეგორიის მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემა: როდესაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება ადამიანს, არის ბავშვებისთვის, სტუდენტური გაცვლებისთვის.. ეს შეღავათები ვრცელდება ჟურნალისტებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ბიზნესმენებზე.. არის საკმაოდ დიდი შეღავათები ევროკავშირში ლეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრებისთვის, ადრე პირიქით იყო, ახლა ეს ადვილდება ძალიან"

გარდა ზემოაღნიშნული შეთანხმებისა თბილისი ასევე ევროკავშირთან გააფორმებს შეთანხმებას რეადმისიის შესახებ, რაც არალეგალური პირების დაბრუნებას გულისხმობს.

შეთანხმება რეადმისიის შესახებ ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ ,შეთანხმებასთან ერთად მათი ევროპარლამენტის და საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირების შემდეგ, ძალაში სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბილოს, ან 2011 წლის დასაწყისიდან შევა.

XS
SM
MD
LG