ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის დასავლეთთან დაახლოების პერსპექტივა - მითი თუ რეალობა?


რუსეთის დასავლეთთან დაახლოების პერსპექტივა - მითი თუ რეალობა?
რუსეთის დასავლეთთან დაახლოების პერსპექტივა - მითი თუ რეალობა?

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ლიბერალური ცვლილებების აქტიური მომხრეა.

გასულ კვირას საფრანგეთში გერმანიის, რუსეთის და საფრანგეთის ლიდერების შეხვედრამ, რუსი ექსპერტები დააფიქრა კრემლის მიერ აღებული კურსის მართებულებაში. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ლიბერალური ცვლილებების აქტიური მომხრეა. რამდენად შეძლებს ქვეყნის ლიდერი რუსეთის ნატოს რელსებზე გადაყვანას - ამ თემაზე “ამერიკის ხმა“ რუს ექსპერტებს გაესაუბრა.

პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი ალექსეი მუხინი თვლის, რომ რუსეთის და ნატოს დაახლოება ადვილი არ იქნება. მისი აზრით, მოსკოვმა, მისთვის ჯერ უცნობ ფორმატში, აზროვნება უნდა ისწავლოს:

“ვფიქრობ, მედვედევს გაუჭირდება ნატოსთან დაახლოება. იცით, დასავლეთი აბსოლუტურად სხვა სამყაროა, საბჭოთა რეალობაში გაზრდილ ლიდერს პოლიტიკა სხვანაირად ესმის. მოხარული ვარ, რომ არსებობს ფუნდამენტური მზადყოფნა - განხილულ იქნას ისეთი მწვავე საკითხები, როგორიცაა ევროპის ანტისარაკეტო სისტემები. თუმცა, რუსეთმა ნატოსთან საერთო ენა შეიძლება გამონახოს ისეთ საკითხებში, როგორიცაა ტერორიზმი და ბირთვული იარაღი. როგორ ითანამშრობლებენ და გადაწყვეტენ აფხაზეთის და ოსეთის საკითხს- ეს ჩემთვის გაურკვეველია. ჩვენ მშვენივრად ვიცით რასმუსენის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით“.

დამოუკიდებელი პოლიტოლოგი დიმიტრი ორეშკინი მიიჩნევს, რომ სანამ პუტინი ხელისუფლებაშია, ნატოსთან თანამშრომლობა შეუძლებელი იქნება:

“იცით, მედვედევს შეიძლება მართლა უნდა ამერიკას მიბაძოს და ქვეყანას საბჭოთა ფორმატი შეუცვალოს, მაგრამ ვლადიმერ პუტინი ის ადამიანია, ადვილად რომ არ დათმობს საკუთარ პრინციპებს. პერსპექტივაში, რუსეთი მხოლოდ შეზუდულ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაში მონაწილეობას დათანხმდება“.

ეფექტური პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი გლებ პავლოვსკი რუსეთ-ნატოს დაახლოების პერსპექტივას ოპტიმისტურად უყურებს:

“რუსეთთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებისათვის ნატო კონცეპტუალურ საფუძველსაც ქმნის. ლისაბონის სამიტზე მიღებული იქნება ალიანსის ახალი, ათწლიანი სტრატეგია, რომელშიც, ნატოს არსებობის განმავლობაში პირველად, რუსეთი არ იქნება მოხსენიებული როგორც “საფრთხე“. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, ცოტა ხნის წინათ რუსეთს უწოდა “პარტნიორი“ მათ შორის, ერთობლივი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შესაძლო შექმნის თვალსაზრისით. რუსეთის ხელისუფლებაც ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად საუბრობს ნატოსთან შეხედულებების დაახლოებასა და ურთიერსასარგებლო პარტნიორობის გაღრმავებაზე. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს გარანტია ვაშინგტონისგან და ბრიუსელისგან, რომ “უახლოეს მომავალში ნატოს გაფართოება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხარჯზე არ მოხდება“. თუმცა ლისაბონის სამიტი ალბათ უკეთ გასცემს პასუხებს, შეკითხვაზე, თუ რამდენად მყარი და გულწრფელია ნატოსა და რუსეთის დაახლოების სურვილი“.

საფრანგეთში ყოფნის დროს დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ნატომ აუცილებლად უნდა გაარკვიოს, თუ რა სახით წარმოუდგენია რუსეთთან თანამშრომლობა. მედვედევი ცდილობს რუსეთი ნატოს თანასწორ პარტნიორად წარმოადგინოს. “გადატვირთვა“ და “მოდერნიზაცია“ - ამ ტერმინების გარეშე არ მთავრდება მედვედევის არც ერთი გამოსვლა. დასავლეთთან დაახლოების პერსპექტივა - მითი თუ რეალობა, ეს დღევანდელ რუსეთში ისევ აქტუალურია.

XS
SM
MD
LG