ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რობერტ გეიტსი ვიეტნამში ჩავიდა


რობერტ გეიტსი ვიეტნამში ჩავიდა

ჰანოიში ორგანიზაცია ASEAN-ის თავდაცვის მინისტრთა უმაღლესი დონის შეხვედრაზე რვა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მიიწვიეს.

ვიეტნამში ვიზიტის დროს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა განაცხადა, რომ ამერიკა წყნარი ოკეანის რეგიონში საკუთარ პოზიციებს შეინარჩუნებს და აზიის რეგიონში აქტიურად ჩართული დარჩება. გეიტსი ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში სამხრეთაღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის თავდაცვის მინისტრთა შეხვედრას ესწრება. ASEAN-ის სახელწოდებით ცნობილი სამხრეთაღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის თავდაცვის მინისტრთა შეხვედრაზე დაპატიჟებულები არიან აგრეთვე ჩინეთის, იაპონიისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრები.

ჰანოიში მდებარე ვიეტნამის ეროვნულ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა ვიეტნამელ სამხედროებსა და სტუდენტებს მოახსენა, რომ შეერთებული შტატები სამხრეაღმოსავლეთ აზიის რეგიონში კიდევ უფრო გააქტიურდება.

„მინდა დავარწმუნო აზიის რეგიონი, რომ შეერთებული შტატები აზიაში აქტიურად ჩართული იქნება, ისევე როგორც ეს იყო ათწლეულების მანძილზე. ჩვენ აქტიურად ჩართულები ვიქნებით არა მხოლო ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში არამედ თავდაცვით და უშიშროების საკითხებშიც,“ განაცხადა გეიტსმა.

აღსანიშნავია, რომ ჰანოიში მიმდინარე ორგანიზაცია ASEAN-ის თავდაცვის მინისტრთა უმაღლესი დონის შეხვედრაზე განგებ მოიწვიეს რვა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რომლებიც ხსენებულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულები არ არიან. შეერთებული შტატების, ჩინეთის, იაპონიის, რუსეთისა და სხვა რეგიონალური თვალსაზრისით ძლევამოსილი სახელმწიფოების მოწვევა ამ შეხვედრაზე ემსახურებოდა ერთ მიზანს - რათა მხარეებმა წყნარი ოკეანის რეგიონში არსებული უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრის დიპლომატიური ხერხები მონახონ.

შეერთებულ შტატებს აღევლებს ის, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე კუნძულების ირგვლივ არსებული დავა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ სანაოსნო გზას საფრთხეს შეუქმნის. მართალია ხსენებულ კუნძულებზე თითქმის არავინ ცხოვრობს, კუნძულების ადგილმდებარეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება რამდენიმე ფაქტორის გამო. წინასწარი ვარაუდით კუნძულების ქვეშ განლაგებულია ნავთობისა და ბუნებრივი აირის წყალქვეშა საბადოები. ამას გარდა, კუნძულების მახლობლად გამავალი სანაოსნო გზები და სათევზაო ზონები უაღრესად მნიშვნელოვანია.

პეკინი აცხადებს, რომ სპრატლისა და პარაცელის კუნძულები ჩინეთის ეროვნული ინტერესების სფეროში შედის, მაგრამ კუნძულების მთლიან ან ნაწილობრივ საკუთრებას ტაივანი, ვიეტნამი, ფილიპინები, ბრუნეი და მალაიზია იჩემებენ.

შეერთებული შტატების მთავრობა კი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნაოსნობის შენარჩუნება ამერიკის ეროვნულ ინტერესებში შედის.

თავდაცვის მინისტრმა გეიტსმა განაცხადა, რომ მცირე აზიური სახელმწიფოები რეგიონალაური უსაფრთხოების საკითხების გადაჭრას მხოლოდ ASEAN-ის ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში შესძლებენ. ამასთან დაკავშირებით გეიტსმა აღნიშნა:

„ჩვენ სულ უფრო ხშირად ვრწმუნდებით, რომ ჩვენ მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების იმედი არ უნდა გვქონდეს. რეგიონის უსაფრთხოების სფეროში არსებული ყველაზე სერიოზული გამოწვევების დასაძლევად ჩვენ მრავალმხრივი სტრუქტურები გვჭირდება.“

ორდღიანი ვიზიტის დროს გეიტსი იმ აზიური ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს შეხვდება, ვისაც შეერთებული შტატების დახმარება სჭირდება რეგიონში ჩინეთის მზარდი გავლენის დაბალანსების მიზნით.

დღეს ჰანოიში გამოსვლისას გეიტსმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ვიეტნამმა ათწლიანი დაპირისპირება დიალოგისა და მოლაპარაკებების მოხებით დასძლიეს. მან აღიარა, რომ ორ მხარეს შორის გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება. მაგალითად გეიტსმა მოიყვანა ადამიანის უფლებები, რის გამოც ვაშინგტონი ვიეტნამს ხშირად აკრიტიკებს. მაგრამ გეიტსმა იმავდროულად დასძინა, რომ უმჯობესია, როცა ორივე მხარე ამგვარ საკითხებს ღია და გულწრფელ ატმოსფეროში იხილავს.

XS
SM
MD
LG