ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხელოვნებაში სწორი ინვესტიცია მომგებიანია


ხელოვნებაში სწორი ინვესტიცია მომგებიანია

ცოცხალმა მუსიკამ ვაშინგტონიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარე ქალაქ -როზლინში- შუადღის აუტანელ სიცხეშიც კი ბევრი გამოიყვანა კონდიცირებული ოფისებიდან. უფასო კონცერტს ქუჩის პატარა კაფეში ორგანიზაცია -„ბიზნესის გაუმჯობესების ცენტრი“- ასპონსორებდა.

გვესაუბრება სესილია კესიდი, ორგანიზაციის წევრი და იმ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც მთელ ამ საოფისე ტერიტორიას ფლობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია სამსახურში მოსულ ადამიანს იქაურობა ხიბლავდეს და იზიდავდეს“.

როზლინელებისთვის საქმიან უბანში ოქტომბერში უზარმაზარი ხელოვნების ცენტრი -არტისფერო- გაიხსნა. ბიზნესის გაუმჯობესების ცენტრმა მასში 1. 2 მილიონი დოლარი ჩადო და ხელოვნების და დასვენების მოყვარულთა ყოველდღიურ თავშესაყარ ადგილად აქცია. არტისფეროს დირექტორი, ხოსე ორთიზი ამბობს, რომ არტისფეროში ცოტ-ცოტა ყველაფერია:

„მნახველს ხელოვნების მრავალ დარგს ვთავაზობთ, რომელთა შორის ვიზუალური ხელოვნებაც არის და წარმოდგენებიც იმართება. შესაბამისად აუდიტორიაც მრავალფეროვანი გვყავს“.

ზოგან მარტო დათვალიერებას კი არა, უშუალოდ მონაწილეობას სთავაზობენ სტუმარს. დამთვალიერებლები თვითონ ქმნიან საკუთარ შედევრებს, იღებენ ფილმებს, მონაწილეობენ სატელევიზიო გადაცემაში, ხატავენ, ძერწავენ, ცეკვავენ... ხშირად გართობის დიდი ნაწილი მათთვის უფასოა.

როზლინელი ბიზნესმენებისთვის ხელოვნებაში კაპიტალდაბანდება კეთილგონივრული ნაბიჯი გამოდგა. ის საოფისე ფართის მძებნელს ძლიერ ხიბლავს და კლიენტი მათ არასდროს არ აკლიათ. ბატონი ორთიზი გვიხსნის, რომ კომპანიები ყოველთვის იქ მიდიან, სადაც ხალხმრავლობაა. ხელოვნება კი ხალს იზიდავს და ერთმანეთთან აკავშირებს. საბოლოო ჯამში ყველა მოგებაში რჩება. ეკონომიკა ხელოვნებას ეხმარება, ხელოვნება კი ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს.

მერილენდის ქალაქ ჰეიტსვილშიც მსგავს პროექტს ახორციელებენ. გარეუბანს, რომელიც წლების განმავლობაში მიტოვებული იყო, თანდათან სიცოცხლის ნიშან-წყალი ეტყობა.

სტიუარტ ეიზენბერგი ჰეიტსვილის საზოგადოების განვითარების კორპორაციას ხელმძღვანელობს. ეს არა-მომგებიანი ორგანიზაცია მიზნად ქალაქის აღორძინებას ისახავს. ბატონი ეიზენბერგის თქმით აქ მშენებლობის დაწყებამდე დაახლოებით 50 ჰექტარი მიტოვებული და უსახური ტერიტორია იყო, ძირითადად მოუვლელი მანქანის სადგომები და ჩამონგრეული ძველი შენობები.

შემდეგ ქალაქის მერიამ ინვესტორები მოიზიდა და ხელოვანთა უბნის მშენებლობა დაიწყო, რომელშიც სპეციალურად ხელოვანი ადამიანებისთვის აშენებული საცხოვრებელი ბინებიცაა და კომერციული ფართებიც. მხატვარი კარლ ტაკერი უბნის ახალმოსახლეა. ის ამბობს რომ ბინები სპეციფიურად არის ნაგები და მორგებულია მუსიკოსების, მხატვრების, მოცეკვავეების თუ მსახიობებისთვის აუცილებელ სამუშაო პირობებზე...

კენდის ჯონსი თიშის ხელოვნების სკოლის თეატრის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ისიც აქ ცხოვრობს. ქალბატონი ჯონსი ამბობს, რომ აქაურობა ადრე მიწურებით და ბარაკებით იყო სავსე. ახლა კი ახალ საცეკვაო სტუდიებს და თეატრს ააშენებენ. თეატრის მშენებლობის პროცესი უკვე დაიწყო. მისთვის ჰეიტსვილის უძველესი შენობის რესტავრაციაა დაგეგმილი. ბატონი ეიზენბერგის თქმით ყოველი დოლარი, რომელიც აქ ჩაიდება, 7-ჯერ მეტ მოგებას მოიტანს.

„იგებს ეკონომიკა, ლამაზდება ქალაქი, და საბოლოო ჯამში იცვლება საზოგადოებრივი ცხოვრებაც - მოსაწყენი ყოველდღიურობა საინტერესო და მხიარული ხდება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა“.

აქ ყველა მოგებული რჩება: ლამაზი და საინტერესო უბანი ბიზნესებს მოიზიდავს. მოგება კი სპეციალურად ხელოვანი ადამიანებისთვის აშენებულ ბინებს მათთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

XS
SM
MD
LG