ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩერნობილის პრობლემას ბოლო არ უჩანს


ჩერნობილის პრობლემას ბოლო არ უჩანს

საბჭოთა ხელისუფლება სამი დღის განმავლობაში მალავდა აფეთქების ფაქტს. შემდეგ იძულებული გახდა 330 000 ადამიანის ევაკუაცია მოეხდინა.

ალექსანდრე სიროტას ბავშვობის სახლის ნახვა ძალიან უყვარს. იქ მას უბედნიერესი წლები აქვს გატარებული. კედლებზე ქაღალდი ჩამოხეულია. ფანჯრებზე საღებავია ამძვრალი. უცნაური შეგრძნება გეუფლება აქ ჩამოსულს - მოჩვენებათა სახლი მოჩვენებების ქალაქში.

ალექსანდრე პრიპიატში გაიზარდა, ჩერნობილის ბირთვული სადგურიდან 13 კილომეტრში მდებარე ქალაქში. პრიპიატი 1970 წელს სპეციალურად ჩერნობილზე მომსახურე პერსონალისთვის აშენდა. 25 წლის წინ 26 აპრილს მეოთხე რეაქტორი აფეთქდა და ქალაქის 50 000-ივე მაცხოვრებლის ევაკუაცია გამოცხადდა.

1970 წელს ჩერნობილი ევროპაში ყველაზე დიდი და მძლავრი ატომური სადგური

იყო. 1986 წელს კი იგი მსოფლიოში უდიდესი ბირთვული კატასტროფის ადგილი

გახდა. საბჭოთა ხელისუფლება სამი დღის განმავლობაში მალავდა აფეთქების ფაქტს.

შემდეგ იძულებული გახდა 330 000 ადამიანის ევაკუაცია მოეხდინა.

25 წელია 4, 300 კვადრატულ კილომეტრზე გაშლილი ტერიტორია დახურულ ზონად

არის გამოცხადებული. ამ წლის იანვარში კი უკრაინის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ

ჩერნობილი ტურიზმისთვის უკვე უსაფრთხო გახდა. თუმცა ტურისტების უმრავლესობა აქ ნიღაბს და რადიაციის სპეციალურ დეტექტორს - დოზიმეტრს ატარებს. ბევრს თან სუვენირად ჩერნობილის გამოსახულებიანი კალამი მიაქვს.

დონეცკელი მაქსიმი ამბობს, რომ ჩერნობილი ძალიან საინტერესოა ტურისტებისთვის. თან იმასაც აღიარებს, რომ აქ წამოსვლაზე ვერცერთი თავისი მეგობარი ვერ დაიყოლია:

„ისინი მეუბნებიან გიჟი ხარო. რა სისულელეა. მათ უბრალოდ ეშინიათ. - რადიაციის ეშინიათ“.

მთავარი ტურისტული პუნქტი პრიპიატია. ოდესღაც ცნობილ და სანიმუშო კომუნისტურ ქალაქს დღეს საბჭოთა პომპეის უწოდებენ და ასობით ათასი ადამიანის ტრაგიკულ ბედს ტურისტების მოსაზიდ სანახაობად იყენებენ. ავტობუსი ლენინის გამზირით იწყებს ტურს. მიკროფონში განგაშის და ევაკუაციის მაშინდელი განცხადება ისმის. შემზარავი მოსასმენია. ფანჯრიდან ხეების და პარკის ფონზე ჩამომტვრეული კედლები და დამხობილი სახურავები ჩანს. ალექსანდრე თავის ყოფილ სკოლას გვაჩვენებს. დღეს ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ აქ ოდესღაც ბავშვების ჟრიამული ავსებდა დერეფნებს და ეზოს.

„წარმოუდგენელი კონტრასტია“ - ამბობს ალექსანდრე.

ელექტრო გაყვანილობები მტვერში და ტალახში ყრია. ზოგი ფანჯარა ჯერ კიდევ შერჩა შენობებს, მაგრამ 25 ზამთრის და 25 ზაფხულის შემდეგ მაინც ჩამოშლილი ან ჩამსხვრეულია. ყველაზე დამთრგუნველი სანახაობა - გასართობი პარკია. თითქოს ჰაერშია გაყინული დაჟანგული საქანელები და ატრაქციონები. მაისი აქ არასოდეს მოდის და სეზონიც აღარასოდეს იხსნება. ალაგ-ალაგ საბჭოთა პროპაგანდის ნიმუშებს მოკრავთ თვალს:

„მივესალმებით საბჭოთა კავშირის შექმნის 50 წლისთავს“ და კიდევ უფრო ცინიკური - „ატომი მშვიდობისთვის!“

ინჟინრები აშენებული სარკოფაგის სიმტკიცეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. ლორინ დოდი ამერიკელი ინჟინერია, რომელიც აქ მუშაობს.

„სტრუქტურა ბანქოს ფურცლებით აშენებულ ქალაქს გავს. მშენებლები ნამდვილი გმირები იყვნენ, მაგრამ სარკოფაგი ექსტრემალურ პირობებშია აგებული და ბევრი უსაფრთხოების ზომა უბრალოდ იგნორირებულია. მასზე ფანჯრის ზომის ხვრელებია. ცხოველები და ჩიტები იქ იოლად შედიან და გამოდიან“.

დოდი ჩერნობილის რეაქტორზე ახალი დამცველი საფარის პროექტზე მუშაობს. იქ ჯერ კიდევ 200 ათასი ტონა რადიოაქტიური ნივთიერებაა დამარხული და მთელი ევრაზიის კონტინენტისთვის ის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. ძველი სარკოფაგი 1986 წელს 6 თვის მანძილზე შენდებოდა. მისი ექსპლუატაციის ვადა მხოლოდ 10 წელი იყო. ანუ, ნაგებობას უკვე 15 წელია, რაც ვადა გაუვიდა.

ლიანდაგზე აგებული ახალი დამცავი საფარი მსოფლიოში უდიდესი მოძრავი სტრუქტურა იქნება. სიმაღლეში ის 100 მეტრს აჭარბებს. ორ კვირაში უკრაინის მთავრობა მოსკოვში დონორთა კონფერენციას მართავს და იმედოვნებს, რომ ერთ მილიარდ დოლარს შეაგროვებს ამ პროექტის დასასრულებლად. ახალი საფარი უკრაინას, ბელორუსიას და დანარჩენ სამყაროს შემდეგ საუკუნემდე დაიცავს.

XS
SM
MD
LG