ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო სურსათი კრიზისს განიცდის


მსოფლიო სურსათი კრიზისს განიცდის
მსოფლიო სურსათი კრიზისს განიცდის

გლობალური მოთხოვნა ხორცსა და რძის ნაწარმზე სწრაფად იზრდება.

სურსათის განაწილება მსოფლიო მასშტაბით კრიტიკულ მდგომარეობაშია, იუწყება არასამთავრობო საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ოქსფამი.“ შექმნილი ვითარების გამოსწორების მიზნით „ოქსფამმა“ მიმდინარე კვირის დასაწყისში საგანგებო საერთაშორისო კამპანია წამოიწყო, მაგრამ, როგორც "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი სელა ჰენესი ლონდონიდან იუწყება, სასურსათო კრიზისის გამომწვევ ფაქტორებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება.

„ოქსფამის“ ცნობით, მსოფლიო მოსახლეობიდან დაახლოებით 925 მილიონი ადამიანი შიმშილს განიცდის. მხოლოდ აღმოსავლეთ აფრიკის რეგიონში 8 მილიონი სურსათის მუდმივი უკმარისობის პირობებში ცხოვრობს.

ამერიკაში „ოქსფამის“ პოლიტიკისა და კვლევის დირექტორმა გავაინ კრიპკემ ამერიკის ხმას მოახსენა, რომ თუ მდგომარეობა არ შეიცვალა მსოფლიოში შიმშილის პრობლემა უფრო გამწვავდება.

„ჰორიზონტზე გამოჩენილი კრიზისი იმაში მდგომარეობს, რომ სურსათის ფასი შემდეგი ოცი წლის მანძილზე შეიძლება გაორმაგდეს, რაც მშიერი ხალხის რიცხვს მნიშვნელოვნად გაზრდის,“ აღნიშნა კრიპკემ.

მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ მსოფლიოს მოსახლეობა განუხრელად იზრდება. ექსპერტების შეფასებით 2050 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობა 9 მილიარდს მიუახლოვდება. ამას გარდა, ხალხის გამდიდრების პარალელურად მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სასურსათო პროდუქტების მოხმარების ტენდენციები იცვლება. მაგალითად, გლობალური მოთხოვნა ხორცსა და რძის ნაწარმზე სწრაფად იზრდება. სურსათის ამ კატეგორიების წარმოება კი უფრო მეტი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების მზარდ გამოყენებას მოითხოვს.

„ოქსფამის“ ცნობით, შემდეგი ორმოცი წლის მანძილზე სურსათზე მოთხოვნა 70 პროცენტით გაიზრდება.

იმავდროულად მსოფლიოს სურსათის წარმოების უნარი თანდათან მცირდება. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული სოფლის მეურნეობის სფეროში მოსავლიანობის საშუალო მაჩვენებელი თითქმის განახევრდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სასურსათო პროდუქტების გარკვეულ სახეობებს ახლა ბიოსაწვავისთვის იყენებენ, რაც საკვები პროდუქციის დეფიციტს ამწვავებს.

კრიპკე აღიარებს, რომ მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება, მაგრამ აღნიშნავს, რომ პრობლემის გადაჭრის გზები არსებობს.

„ოქსფამის“ თანამშრომელს მიაჩნია, რომ ამჟამად სასურსათო პროდუქტების ბაზარს რამდენიმე მსხვილი კომპანია აკონტროლებს. კრიპკეს აზრით, ყურადღების გადატანა მცირე ფერმერებზე ბევრ პრობლემას გადაჭრის.

„ჩვენი აზრით, ინვესტიციების დაბანდება მცირე წარმოებაში სოფლის მეურნეობის პოტენციალის აღორძინებასა და ნაყოფიერების ზრდას შეუწყობს ხელს. ამგვარი მიდგომა გამოიწვევს არა მხოლოდ სასურსათო წარმოების ზრდას არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, დაეხმარება იმ ხალხს, ვინც ყველაზე გაჭირვებულია და ვისაც სურსათზე ფასების მომატება და კლიმატის ცვლილება ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის,“ აღნიშნა გავაინ კრიპკემ.

ჰეიდი ჩოუ ბრიტანეთში მდებარე არასამთავრობო ჯგუფის „მსოფლიო განვითარების მოძრაობის“ თანამშრომელი გახლავთ.

იგი პრობლემის გადაჭრის სხვა გზას ემხრობა. მას მიაჩნია, რომ სასურსათო კრიზისს საკვები პროდუქტების ბაზარი ქმნის.

ჰეიდი ჩოუს თქმით, სურსათზე ფასი დიდ მერყეობას განიცდის იმის გამო, რომ სურსათის პროდუქტების სამომავლო მიწოდების დაპირებებით ვაჭრობა ბაზარზე მოვაჭრე პირებისთვის უაღრესად მომგებიანი გახდა.

უძრავი ქონების ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის მსგავსად, ეს სასურსათო პროდუქტების ფასს ამახინჯებს და მიწოდება-მოთხოვნის წესებს არ ასახავს.

„ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ჩვენ გავხდით მოწმენი იმისა, რომ ფასები სწრაფად იზრდება და კლებულობს. ამდენად მართალია აქ სხვა ფაქტორებიც მნიშვნელოვანია, სურსათით სპეკულაცია რეალურ გამოწვევებს უფრო ამწვავებს და ფასების ხელოვნურ ზრდას უწყობს ხელს,“ დასძენს ჰეიდი ჩოუ.

„ოქსფამის“ ცნობით, განვითარებად ქვეყნებში 500 მილიონი მცირე ფერმა მდებარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს მიაჩნიათ, რომ სამომავლო ინვესტიციები სწორედ მცირე ფერმების განვითარებას უნდა მოხმარდეს.

XS
SM
MD
LG