ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატია ახლო აღმოსავლეთში


დემოკრატია ახლო აღმოსავლეთში
დემოკრატია ახლო აღმოსავლეთში

ერთი წლის წინ ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში პრეზიდენტმა ობამამ მუსლიმანური და არაბული სამყაროს სახელმწიფოებს ისტორიული სიტყვით მიმართა.

ერთი წლის წინ ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში,პრეზიდენტმა ობამამ მუსლიმანური და არაბული სამყაროს სახელმწიფოებს ისტორიული სიტყვით მიმართა. თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლება მზად არის ხელი შეუწყოს იმ მუსლიმანური სახელმწიფოების მთავრობებს, რომლებიც იცავენ საკუთარი მოქალაქეების აზრის გამოხატვის თავისუფლებას, კანონის უზენაესობას ემხრობიან და თანაბარ მართლმსაჯულებას ყურადღებას ანიჭებენ.

ვაშინგტონში მდებარე ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ისევე როგორც პრეზიდენტმა ობამამ ეგვიპტე თავისი ისტორიული მნიშვნელობის გამოსვლისთვის განგებ შეარჩია, სწორედ ეს ქვეყანა გახდება რეგიონში დემოკრატიული განვითარების მიმართ პრეზიდენტი ობამას დამოკიდებულების ნამდვილი ტესტი.

ახლო აღმოსავლეთში ფართოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, პრეზიდენტ ობამას გამოსვლა ქაიროში ბევრ დადებით მომენტს შეიცავდა. მაგრამ ვაშინგტონში მდებარე დამოუკიდებელი ორგანიზაცია ახლო აღმოსავლეთის დემოკრატიის პროექტის აღმასრულებელი დირექტორის ანდრიუ ალბერტსონის თქმით, რეგიონის მოსახლეობა შეერთებული შტატებისგან ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური რეფორმების მიმართ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელის. მისი თქმით:

„ობამას ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რეგიონში რეფორმების ჩატარებას ხელს შეუწყობს დახურულ კარს მიღმა ჩუმი და პირადი დიპლომატიის მეოხებით. მე ვფიქრობ, რომ ამგვარი განცხადება წარმოადგენს ერთგვარ გზავნილს, რომ საჯარო საუბარი პოლიტიკური რეფორმების ჩატარების აუცილებლობის შესახებ არ არის იმდენად მნიშვნელოვანი. ამდენად ისინი იფიქრებენ, რომ მათი ჩართვა ცვლილებების პროცესში აუცილებელი არ არის. ხოლო ეს კი პრობლემებს შექმნის. ანუ სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ეს განცხადება მთავრობებსა და ხალხს ცუდ გზავნილს აწვდის.“

ობამას ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სწორედ ეს არის ის, რასაც ვაშინგტონი ამჟამად ახორციელებს ეგვიპტეში. მაგრამ ვაშინგტონში მდებარე ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი დინა გირგისი აღნიშნავს, რომ ეს მიდგომა უნაყოფო აღმოჩნდა. მას მიაჩნია, რომ ობამას ადმინისტრაციამ ქაიროს მიმართვიდან ერთი წლის შემდეგ, პოლიტიკური კურსი ხელახლად უნდა შეაფასოს რათა გაირკვას ის, თუ რა აღმოჩნდა ეფექტური და რა არა. ამასთან დაკავშირებით დინა გირგისი აღნიშნავს:

„მდგომარეობა ეგვიპტეში გაურესდა, რაც უწინარეს ყოვლისა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული წესების განახლებაში გამოიხატა. ცხადია, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ვერ მიაღწია იმ პროგრესს, რომლის მიღწევას ვაშინგტონი ჩუმი დიპლომატიის გამოყენებით აპირებდა. ამდენად სხვა საშუალებების გამოყენების დრო დადგა.“

სტივენ გრანდი ბრუკინგსისი ინსტიტუტში ისლამურ სამყაროსთან შეერთებული შტატების ურთიერთობების პროექტის ხელმძღვანელია. მისი თქმით, ობამას ადმინისტრაციის დამოკიდებულება ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიული განვითარების მიმართ გამოაშკარავდება ეგვიპტეში მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნებისა და მომავალ წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების დროს. სტივენ გრანდი აღნიშნავს:

„იმედია ადმინისტრაცია ყველა ღონეს იხმარს რათა არჩევნები გაიმართოს თავისუფალ და სამართლიან ატმოსფეროში და რიგითი ეგვიპტელი მოქალაქეების ხმები უგულვებელყოფილი არ იყოს. მე ვფიქრობ, რომ თუ შეერთებული შტატები ამ გამოწვევას თავს აარიდებს და მმართველ რეჟიმს საკუთარი მემკვიდრის არჩევის უფლებას მისცემს, ეს მცდარი ნაბიჯი იქნება.“

ახლო აღმოსავლეთში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში აისახა შეხედულება, რომ მართალია პრეზიდენტმა ობამამ რეგიონის ხალხს დახმარება აღუთქვა, იმ შემთხვევაში თუ შეერთებული შტატები აღმოჩნდება არჩევანის წინაშე, ვაშინგტონი არადემოკრატიული ლიდერების სტაბილურობას დაუჭერს მხარს,ვიდრე არასტაბილურ დემოკრატიას. მაგრამ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ახლო აღმოსავლეთის საკითხებში.თამარა ვიტესი აღნიშნავს, რომ რეგიონში დემოკრატიისადმი მხარდაჭერასა და ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს შორის რაიმე წინააღმდეგობა არ შეინიშნება. ვიტესი დასძენს:

„დემოკრატიული განვითარება და ადამიანის უფლებების დაცვა უშიშროების სფეროში ჩვენ ინტერესებს ხელს უწყობს და მე ვფიქრობ, რომ ეს კანონზომიერება ამ რეგიონის ქვეყნებსაც ეხება. ჩემი აზრით,ეს რეგიონი ბევრად უფრო სტაბილური, წარმატებული და უსაფრთხო იქნება, თუ იქ დემოკრატიამ ფეხი მოიკიდა. სწორედ ეს არის ის წინაპირობა, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენ საქმიანობაში.“

მიმდინარე თვის დასაწყისში,ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ ალ-შეიჰში ეგვიპტეს პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკთან შეხვედრის შემდეგ ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ეგვიპტის მთავრობამ ქვეყნაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ღია პოლიტიკური შეჯიბრს ხელი უნდა შეუწყოს. მისი თქმით, ამ ამოცანებს გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს,თუ ეგვიპტეს სურს შეინარჩუნოს მტკიცე სახელმწიფოებრიობა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის წამყვანი ქვეყნის სტატუსი.

ექსპერტები აღიარებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს შეერთებული შტატების გრძელვადიან ამოცანას, რომლის მიღწევა პრეზიდენტ ობამას ქაიროს მიმართვიდან ერთი წლის შემდეგ უბრალოდ არარეალისტურია. ისინი აღნიშნავენ, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დემოკრატიის გავრცელების თვალსაზრისით ობამას ადმინისტრაციას ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი.

XS
SM
MD
LG