ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვის ხელში გადავიდა სინამდვილეში თბილისის ტელეანძა?


თბილისის ტელეანძა

მესამე დღეა ქართული მედია ცდილობს გაარკვიოს, ვინ არის მოქალაქე ვასილ ბოლაშვილი, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრომ ოთხწლიანი მართვის უფლებით, „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მრავალმილიონიანი უძრავ-მოძრავი ქონება მიჰყიდა.

მათ შორის, 1972 წელს აშენებული 275 მეტრიანი თბილისის ტელეანძა და 30-ზე მეტი სხვა სატელევიზო ანძა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამ ტექნიკური საშუალებებით, 30 რადიო და 16 ტელეკომპანია სარგებლობს.

ტელეანძის გაყიდვა მაფიოზურ ოპერაციას უფრო ჩამოჰგავს, ვიდრე საჯარო პრივატიზაციას. თავად განსაჯეთ, 4 ივლისს.სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ მოულოდნელად სახელი შეუცვალეს და „ალფა კომი“ დაარქვეს.

11 ივლისს, მოქალაქე ვასილ ბოლაშვილმა დაარსა შპს „გოლდენ კომი“. უკვე 18 ივლისს, ეკონომიკის სამინისტრომ „ალფა კომის“ მართვაზე აუქციონი გამოაცხადა. 22 ივლისს კი „გოლდენ კომმა“ აუქციონზე პირველი ბიჯი შეიტანა, 1 აგვისტოს ვასილ ბოლაშვილი 110 ათასი ლარის გადახდის შემდეგ აუქციონის გამარჯვებულად გამოცხადდა.

მოქალაქე ბოლაშვილმა მომავალი ოთხი წლის მანძილზე 12 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციოლოს. ეკომონიკის სამინისტროს წარმომადგენელს გიორგი კალანდაძეს ვთხოვეთ აეხსნა, რა კრიტერიუმით შეირჩა ვასილ ბოლაშვილი, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ

„მოხდება ანძის ტექნიკური გადაიარაღება, დაინერგება ახალი ტიპის სატელეკომუნიკაციო სერვისები და გაუმჯობესდება არსებული. მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ იმაში, რაც უკვე არაერთხელ ავღნიშნეთ - კომპანიის მართვა განხორციელდება მაუწყებლობის შესახებ კანონთან სრულ შესაბამისობაში.

რაც გულისხმობს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა მაუწყებლისთვის, იქნება ეს ტელერადიო თუ სხვა მომსახურების მიწოდება განხორციელდება არადისკრიმინაციულ და არა შერჩევით საფუძველზე. ხოლო მომსახურების ტარიფები იქნება სამართლიანი და გონივრული, რაც ასევე კანონით დადგენილი მოთხოვნა გახლავთ“.

58 წლის ვასილ ბოლაშვილი ბიზნესმენია. იგი სიღნაღსა და თბილისში ფლობს რამდენიმე რესტორანსა და სასტუმროს, მათ შორის, - „ფიროსმანს“, „ლევილსა“ და „გოლდენ პალასს“.

სწორედ „გოლდენ პალასის“ იურიდიულ მისამართზე, აღმაშენებლის ხეივნის მეხუთე კილომეტრზე არის დარეგისტრირებული აუქციონში გამარჯვებული კომპანია „გოლდონ კომი“.

2008 წელს, პარლამენტის მაშინდელი თავჯდომარის ნინო ბურჯანაძის რეკომენდაციით, ვასილ ბოლაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად კენჭი სიღნაღის რაიონში უნდა ეყარა, თუმცა ბურჯანაძისა და სააკაშვილის ცნობილი კონფლიქტის შემდეგ, ბოლაშვილი მმართველი პარტიის საარჩევნო სიიდან ამოიღეს.

2009 წლის მარტში, კი უკვე ოპოზიციაში მყოფი ნინო ბურჯანაძის პარტიის „დემოკრატიული საქართველოს“ ათამდე წევრთან ერთად, ვასილ ბოლაშვილის ვაჟი - გიორგი ბოლაშვილი დააპატიმრეს. მაშინ ბრალდება ამტკიცებდა, რომ ბოლაშვილი საბრძოლო იარაღის შეძენას ცდილობდა.

გიორგი ბოლაშვილმა ციხეში ექვსი თვე გაატარა და პირობითი სასჯელით, სოლიდური თანხის გადახდის შემდეგ საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა.

პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ ვასილ ბოლაშვილს ტელეანძა არაფერში სჭირდება, უბრალოდ მმართველ პარტიას ბიზნესმენი ყურებით ჰყავს დაჭერილი.

„მისი შვილი იყო ჩემი შვილის თანაკლასელი და მეგობარი. 2009 წელს დააპატიმრეს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ. რაც შეეხება თავად ვასილ ბოლაშვილს, იმის გათვალისწინებით, რომ მას კახეთში ავტორიტეტი ჰქონდა, მე თავის დროზე ნამდვილად გავუწიე გარკვეული რეკომენდაცია საპარლამენტო სიის განხილვის დროს, თუმცა შემდეგ ეს საკითხი ნეგატიურად გადაწყდა.

მას შემდეგ ვასილ ბოლაშვილზე ძალიან დიდი ზეწოლა განხორციელდა. მისი შვილის მეშვეობით, როდესაც სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა ექვსი თვე ჰყავდათ ციხეში გამომწყვდეული.

როგორც ჩანს ამ ადამიანს კვლავ დააშანტაჟებენ, ის რომ რეალური მმართველი ვერ იქნება ამ ანძის ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. ხელისუფლება დაავალებდა მას ამ ანძის შეძენას, იმიტომ რომ მას არავითარი ინტერესი და მართვის გამოცდილება ანძასთან დაკავშირებით არ აქვს.

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ბოლაშვილი დამოუკიდებელი ანძის მართვის დროს ვერ იქნება. მე ასევე გამოვრიცხავ იმას, რომ ბოლაშვილს ჰქონდეს ისეთი ბიზნესი ანძაში 12 მილიონი დოლარის ინვესტირების საშუალებას რომ მისცემდა.

ეს არის ბლეფი. ამ ადამიანს თავზე პრაქტიკულად ყულფი ჩამოაცვეს იმით, რომ შვილი დაუპატიმრეს. დღეს მის შვილი პირობით სასჯელს იხდის და ვფიქრობ, ეს რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული ბერკეტია რომ ადამიანმა შეზღუდულად იმოქმედოს.“

2009 წლის 25 მარტს, გიორგი ბოლაშვილის დაპატიმრების შემდეგ, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ასეთ კომენტარს აკეთებდა: „რაც შეეხება გიორგი ბოლაშვილის მამას ვასო ბოლაშვილს მის კანდიდატურაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ უარი იმის გამო ითქვა, რომ მისი ბიზნესი გარკვეულ ეჭვებს იწვევდა.“

2010 წლის მარტში, როცა გიორგი ბოლაშვილი უკვე თავისუფალი იყო, ვასილ ბოლაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ყულაბაში 2000 ლარი გადარიცხა.

დღეს ვასილ ბოლაშვილი უკვე საქართველოს ტელერადიოცენტრის კერძო მეპატრონეა. ბოლაშვილი შევიდა იმ კომპანიის სამართავად, რომლის დებიტორული ვალი 7 მილიონს, ხოლო კრედიტორული ვალი 3 მილიონ ლარს აღწევს.

ტელე და რადიო მედიის იმ მცირე ნაწილმა, რომელსაც ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებს, ფარული პრივატიზაციის ამ კლასიკურ ნიმუშს დამოუკიდებელი მედიის გაკოტრების წინაპირობა უწოდეს.

დღეიდან უკვე სხვა საკითხია აქტუალური, კონკრეტულად, ხელისუფლების რომელი წარმომადგენელი დგას მოქალაქე ვასილ ბოლაშვილის უკან და, ვის ხელში გადავიდა სინამდვილეში თბილისის ტელეანძა?!

XS
SM
MD
LG