ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელენე ბონერი გარდაიცვალა


შეერთებულ შტატებში ქალაქ ბოსტონში 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი დისიდენტი და საბჭოთა კავშირის მკაცრი კრიტიკოსი ელენე ბონერი.

მისი ნამდვილი სახელი და გვარი ლუსიკ ალიხანოვა იყო. ის თურქმენეთში დაიბადა კომუნისტი ფუნქციონერის და ებრაული წარმოშობის კომუნისტური პარტიის აქტივისტის ოჯახში.

მისი მშობლები 1937 წლის დიდ რეპრესიებს შეეწირნენ. მამამისი დახვრიტეს, დედას კი 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

1960-იან წლებში ელენა ბონერი საბჭოთა კავშირში ახლად შექმნილ ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტებს შეუერთდა.

1972 წელს მან საბჭოთა ბირთვული იარაღის შემქმნელს და ცნობილ დისიდენტს, ანდრეი სახაროვს დაუკავშირა თავისი ბედი. 1976 წელს ცოლქმარი საბჭოთა კავშირში ჰელსინკის ჯგუფის დამფუძნებლები გახდნენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტებისთვის საბჭოთა კავშირში ცხოვრება ხიფათით იყო აღსავსე. დისიდენტები მუდამ დაპატიმრების საფრთხის ქვეშ ცხოვრობდნენ.

ბონერი და სახაროვი დისიდენტების იმ მცირერიცხოვანი ჯგუფის წევრები იყვნენ, რომლებსაც გამუდმებით აკვირდებოდა საბჭოთა უშიშროების სამსახური.

ბევრი მათგანი დააპატიმრეს, ან საზღვარგარეთ წასვლა აიძულეს. 1984 წელს ელენე ბონერს ანტი-საბჭოთა აგიტაცია პროპაგანდისთვის ქალაქ გორკში გადასახლება მიუსაჯეს, თავის მეუღლესთან, რომელიც 1980 წლიდან იმავე ქალაქში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

1986 წელს მათ მოსკოვში დაბრუნების უფლება მისცეს, თუმცა სამი წლის შემდეგ ანდრეი სახაროვი გარდაიცვალა.

ელენე ბონერი რუსეთში უდიდესი ცვლილებების მოწმე გახდა, თუმცა არასოდეს შეუწყვეტია პოლიტიკური და ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლა.

2003 წლიდან ელენე ბონერი ემიგრაციაში წავიდა შეერთებულ შტატებში, მაგრამ ის ყოველთვის მკაცრად აკრიტიკებდა კრემლის პოლიტიკას და განსაკუთრებით მძაფრად გამოდიოდა ჩეჩნეთში მიმდინარე სისხლიანი ომის წინააღმდეგ.

ელენე ბონერის სიკვდილი დიდი დანაკლისია რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა დაცვის მოძრაობისათვის. ის იყო არაჩვეულებრივად მტკიცე მებრძოლი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, არა მარტო რუსეთში არამედ მთელს მსოფლიოში.

XS
SM
MD
LG