ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპირისპირება კონფლიქტის ზონაში


დაპირისპირება კონფლიქტის ზონაში
დაპირისპირება კონფლიქტის ზონაში

პოლიციის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა.

დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ზეღდულეთი, რომელიც შიდა ქართლში ოსურ სოფლებს უშუალოდ ესაზღვრება შეხლა–შემოხლის ასპარეზად იქცა. საქმე იმდენად გართულდა, რომ ადგილზე პოლიციის ძალებისა მობილიზება გახდა აუცილებელი. როგორც ერთ–ერთი თვითმხილველი ამბობს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეჭვი გაუჩნდა, ადგილი ეთნიკური დაპირისპირების შემთხვევას ხომ არ აქვსო. მთელი სიფელი თავმოყრილი იყო ადმინისტრაციული ხაზის სიახლოვეს, სადაც პოლიციის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობდა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა კიდეც. ერთ–ერთს კი გორის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრეს.

ზეღდულეთში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მიწებზე, რომლებსაც ადგილობრივები საძოვრად იყენებდნენ ტრაქტორები გამოჩნდა. ზეღდულეთში ამბობენ, რომ სხვა საძოვარი არ აქვთ, ის კი, რაც დღეს დავის საგანი გახდა, ხელისუფლებამ გაუყიდა. მყიდველმა მიწის დამუშავება დაიწყო, რის წინააღმდეგაც მთელი სოფელი გამოვიდა. ერთერთი თვითმხილველი, რომელმაც სახელისა და გვარის გამხელა არ სიურვა ამბობს, რომ პოლიციამ ხალხს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ქალებიც კი სცემა.

თემურ აფხაზაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი წევრია. იგი ამბობს, რომ მისი მუშაობის პერიოდში ზეღდულეთელებს ანალოგიური პრობლემა შეექმნათ, რის გადასაჭრელადაც წინამორბედ გუბერნატორს, ლადო ვარძელაშვილს მიმართეს. აფხაზაშვილი ამბობს, რომ ვარძელაშვილი მაშინ ზეღდულეთელებს საძოვრის ხელშეუხებლობას დაპირდა, რეალურად კი მიწა მაინც გასხვისებული აღმოჩნდა.

სოზარ სუბარი, ქართული პარტიის ლიდერი ზეღდულეთში განვითარებულ მოვლენებს თავად შეესწრო. იგი ამბობს, რომ ომგამოვლილ მოსახლეობას ხელისუფელბა უკანასკნელ საარსებო საშუალებას უსპობს საძოვრის წართმევით, რითაც მიგრაციის საფრთხეს კიდევ უფრო აძლიერებს.

ხელსუფლების წარმომადგენელთაგან მხოლოდ ზეღდულეთის რწმუნებულთან გასაუბრება მოვახერხეთ, თუმცა ამომწურავი ინფორმაციის მიღება მისგან ვერ შევძელით. ილია ოქრუაშვილი ამბობს, რომ მიწა მართლაც გაყიდულია. ამ დრომდე გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი ზეღდულეთელებთან შეხვედრაზე იმყოფებიან ადმინისტრაციულ შენობაში.

ბოლო ინფორმაციით, ზეღდულეთში გაყიდული საძოვრების ხვნა გრძელდება. ვითარება თუ უცვლელი დარჩა, სოფლის მცხოვრებლები საძოვრების გარეშე დარჩებიან.

XS
SM
MD
LG