გასულ თვეს შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დონე 9.8 პროცენტიდან 9.4 პროცენტამდე შემცირდა, რაც 19 თვის მანძილზე ყველაზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს. მაგრამ დეკემბერში 100,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნის მიუხედავად, შეერთებული შტატების დასაქმების დეპარტამენტის ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში მოცემული დასკვნები, ნაკლებად იმედისმომცემი აღმოჩნდა, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი მილ არსეგა.
დეკემბერში საცალო ვაჭრობის სფეროში საშობაო და საახალწლო სეზონის გამო კარგი შედეგები დაფიქსირდა, რის გამოც ბევრი ანალიტიკოსი დასაქმების დეპარტამენტის ანგარიშისგან ბევრს ელოდა.
გასულ პარასკევს, უოლ სტრითზე აქციების ფასი ნახევარ პროცენტზე მეტით დაეცა.
5 იანვარს გამოქვეყნებული გამოკვლევის თანახმად, კერძო სექტორში დაახლოებით 300,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რის გამოც ბევრი ანალიტიკოსი დასაქმების დეპარტამენტისგან უმუშევრობასთან დაკავშირებით, უფრო იმედისმომცემ მონაცემს ელოდა.
დადებითი ეკონომიკური მაჩვენებლების მიუხედავად, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი დევიდ დრეიერი აღნიშნავს, რომ სამუშაო ადგილების შექმნის ტემპი კვლავინდებურად შეშფოთებას იწვევს:
„უმუშევრობის შემცირება გარკვეულ იმედს გვაძლევს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ სულ 105, 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და არა 150,000, რაც ამჟამინდელი პოზიციის შესანარჩუნებლად არის საჭირო “- აღნიშნა კონგრესმენმა დრეიერმა.
ზოგიერთმა დემოკრატმა დასაქმების დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით, უკმაყოფილება გამოთქვა.
„2011 წლის დასაწყისში ჩვენ სამუშაო ადგილების შექმნის მხრივ იგივე მდგომარეობაში ვიმყოფებით რაც 2010 წელს “- აღნიშნა დემოკრატმა კონგრესმენმა ჯესი ჯექსონმა.
მაგრამ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამ მოსაზრებას არ იზიარებს.
გასულ პარასკევს, მერილენდის შტატში მდებარე ქარხნის მონახულების დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დასაქმების დეპარტამენტის უმუშევრობის ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკას სწორი ეკონომოკური კურსი აქვს აღებული:
„ჩვენ ვიცით, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები შეიძლება ყოველ თვეს შეიცვალოს, მაგრამ ტენდენცია უკვე გამოიკვეთა - თორმეტი თვის მანძილზე კერძო სექტორში სამუშაოა ადგილების ზრდა შეინიშნება, რაც 2006 წლიდან მოყოლებული პირველად დაფიქსირდა “ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.
ბევრი პრეზიდენტს ეთანხმება. ანალიტიკოსი ტონი კრესენცი აღნიშნავს, რომ ოქტომბერსა და ნოემბერში კერძო კომპანიებმა მოსალდონელზე უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს:
„ვფიქრობ, ეკონომიკა წელს 3-3.5 პროცენტით გაიზრდება. გამოქვეყნებული მაჩვენებლები ამას ადასტურებს. აღსანიშნავია ისიც, რომ წინათ გამოქვეყნებულ მონაცემებში გარკვეული კორექტივები შეიტანეს. ამჟამად წარმოებაში, შემოსავლის განაწილებასა და მოხმარებაში დადებითი ციკლები შეინიშნება “- აღნიშნა ანალიტიკოსმა.
მიუხედავად ამისა, სენატის კომიტეტის მოსმენებზე ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ბენ ბერნანკემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკური გამოცოცხლება დიდხანს დაიკავებს:
„ეკონომიკური გამოცოცხლების ამ ტემპით თუ ვიხელმძღვანელებთ, სამუშაო ადგილების ბაზარზე მდგომარეობის ნორმალიზაცია ოთხ ან ხუთ წელიწადში მოხდება “- დასძინა ბერნანკემ.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა იმის გამო, რომ ბევრმა ამერიკელმა სამუშაოს ძებნას თავი დაანება. ანალიტიკოსების აზრით, იმისათვის, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი არ გაიზარდოს აუცილებელია, რომ ყოველ თვეს 125,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნას.