ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქურთული ინიციატივა თურქეთში დაძაბულობას იწვევს


ქურთული ინიციატივა თურქეთში დაძაბულობას იწვევს
ქურთული ინიციატივა თურქეთში დაძაბულობას იწვევს

ქურთებით დასახლებულ ქალაქ დიარბაქირში საგზაო ნიშნები და მუნიციპალური ხელისფულების შენობებზე გაკრული განცხადებები უკვე ორ ენაზე იწერება.

თურქეთის ქურთებით დასახლებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში დაიწყო კამპანია, რომელიც რეგიონში ქურთული ენის შესწავლის გავრცელებასა და რეგიონალური ავტონომიის გაფართოებას ითვალისწინებს.

როგორც "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი დორიან ჯონსი სტამბოლიდან იუწყება, ხსენებულმა ინიციატივამ ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა დაძაბა.

ქურთული ორგანიზაციის დემოკრატიული საზოგადოების კონგრესის თაოსნობით, ქურთების მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ BDP-მ ქურთული საზოგადოების თვალსაჩინო პიროვნებებთან ერთად, თურქეთში ქურთების უფლებების გაზრდის მოთხოვნით ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყო.

კამპანიის მანიფესტში ნახსენები მოთხოვნები დემოკრატიული ავტონომიის დაარსებას, ცალკე დროშის მინიჭებას და ქურთული პარლამენტისა და სამხედრო ძალების შექმნას შეიცავს. მაგრამ ქურთული პოლიტიკური პარტია BDP-ს ხელმძღვანელმა სელაჰატინ დემირტასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა ქურთული ენის გამოყენებას ეხება:

"ჩვენ ხალხს ვაჭრობის წარმართვისას მშობლიური ენის გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეს, აღნიშნავს დემირტასი. კომერციული ფირმების სახელწოდებები, ისევე როგორც სამომხმარებლო საქონლის დასახელებები, ქურთულ ენაზე უნდა დაიწეროს. თურქეთში ქურთი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც საკუთარი ენა გააჩნია. ქურთული ენა ისევე თავისუფლად უნდა გამოიყენებოდეს ქვეყანაში, როგორც თურქული. ეს ჩვენი ხალხის ფუნამენტური უფლება გახლავთ" - აღინშნა ქურთმა პოლიტიკოსმა.

ქურთებით დასახლებულ ქალაქ დიარბაქირში საგზაო ნიშნები და მუნიციპალური ხელისფულების შენობებზე გაკრული განცხადებები უკვე ორ ენაზე - თურქულსა და ქურთულზე იწერება. ზოგიერთი ადგილობრივი რესტორანი მუშტარს კერძების სიას ქურთულ ენაზეც სთავაზობს.

ქურთული ენის კამპანია თურქეთში ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს, რადგან თურქეთის ხელისუფლებამ ქურთული ენა ოფიციალურად მხოლოდ გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს აღიარა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ქურთული ენის გამოყენებაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვები მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მოიხსნა.

ქურთული კამპანიის მოთხოვნები ფაქტობრივად ქურთ მეამბოხეთა ჯგუფის - ქურთების მუშათა პარტიის - მოთხოვნებს ემთხვევა. ქურთების მუშათა პარტია თურქეთის ხელისუფლებას 1984 წლიდან ებრძვის. აღსანიშნავია, რომ ამჟამად მეამბოხეებმა ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს. პოლიტიკური მეცნიერი სოლი ოზელი აღნიშნავს, რომ ქურთული ინიციატივის წამოწყება მეტყველებს იმაზე, რომ თვითგამორკვევისთვის ბრძოლა სამხედრო განზომილებიდან სამოქალაქოში გადადის, რაც თურქეთის მთავრობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა:

„ისინი მთავრობას ერთი ნაბიჯით წინ უსწრებენ და სადავო საკითხებს თვითონ განსაზღვრავენ. ზოგადად, რომ ვთქვათ, ქვეყანა ბოლო 26 წლის მანძილზე მძვინვარე ძალადობისგან უბრალოდ გადიღალა. კონფლიქტმა ხომ 40,000 სიცოცხლე იმსხვერპლა და დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია. ამდენად ძალადობა არც თურქ სამხედროებს და არც ქურთ მეამბოხეებს ხიბლავს" - აღნიშნა თურქმა მეცნიერმა.

მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით მმართველ სამართლიანობისა და განვითარების პარტიას ქურთულ ინიციატივასთან დაკავშირებით რაიმე კომენტარი არ გაუკეთებია. პარტიის განცხადებებში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ ინიციატივა პოპულისტურ ილეთს წარმოადგენს, რომელიც მომავალ წელს დანიშნული არჩევნებისთვისაა გამიზნული.

მაგრამ ახლახან თურქეთის ერთ-ერთმა პროკურორმა განაცხადა, რომ მთავრობა ქურთულ ინიციატივასა და ქურთული პარტიის საქმიანობას გამოიძიებს. ხოლო თურქეთის პარლამენტის სპიკერმა ქურთული პარტიის წევრები გააფრთხილა, რომ პარტია შეიძლება აიკრძალოს კიდეც.

საპასუხოდ BDP-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თუ პარტია დაიხურა, ეს უდავოდ კონფლიქტის ხელახლა გაღვივებას შეუწყობს ხელს. დებატებში მალე თურქეთის სამხედროებიც ჩაერთვნენ. თურქეთის შეიარაღებული ძალების ვებ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც, ქურთული ინიციატივა თურქეთის სახელმწიფოს მთლიანობას საფრთხეს უქმნის. თურქეთის ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის თავჯდომარე დევლეთ ბაჰჩელი თავის გამოსვლაში ქურთული ინიციატივის წინააღმდეგ გაილაშქრა.

ბაჰჩელიმ აღნიშნა, რომ თურქეთის დანაწევრება გეოგრაფიულ რეგიონებად ყოვლად დაუშვებელია:

"მულტიკულტურული, მრავალენოვანი თურქეთის სახელმწიფოებრიობის დაშლას არ დავუშვებთ" - განაცხადა თურქმა პოლიტიკოსმა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამგვარი განცხადებების გამო, თურქეთის ხელისუფლებას ქურთების საკითხთან დაკავშირებით, რაიმე დათმობებზე წასვლა ძალიან გაუჭირდება, რადგან მომავალი წლის არჩევნებში გამარჯვებისთვის, მთავრობაში მყოფ პოლიტიკოსებს თურქი ნაციონალისტების ხმები სჭირდებათ.

ამასობაში მთავრობის ქურთული ინიციატივა ჩიხში შევიდა. პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქურთების მოთხოვნები მომავალი წლის ივნისში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ დაკმაყოფილდება. მაგრამ ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ქურთ მოსახლეობას მოთმინება გამოელია.

XS
SM
MD
LG