ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერნეტ-კომპანიები და პოლიტიკა


ინტერნეტ-კომპანიები და პოლიტიკა

ინტერნეტ-გიგანტი „გუგლი“ და პოპულარული სოციალური ქსელები - „ფეისბუქი“ და „თვითერი“- გლობალური პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდნენ. ეგვიპტის და ტუნისის მოვლენებმა ცხადყო მათი მნიშვნელოვანი როლი ამ რეგიონში ავტოკრატიული რეჟიმების დამარცხებაში.

„გუგლის“ ინციდენტმა ჩინეთში კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, რომ წამყვანი ინტერნეტ-კომპანიები მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენენ იმ ქვეყნებისთვის, სადაც სიტყვის თავისუფლებას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

ვაელ გონიმი „გუგლის“ მარკეტინგს ხელმძღვანელობს ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებში. როცა ის ეგვიპტის უშიშროებამ 12 დღის პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა, იგი თაჰრირის მოედანზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა ისე მიიღეს, როგორც საკუთარი ეროვნული გმირი.

ეგვიპტის მოვლენებში კატალიზატორის როლი ითამაშა „ფეისბუქის“ გვერდმა, რომელიც საპროტესტო აქციების დაწყებამდე შეიქმნა და პრაქტიკულად დემონსტრანტების თაჰრირის მოედანზე მასიურად მოზიდვა უზრუნველყო.

გვესაუბრება მარკუს მესნერი, ჟურნალისტიკის პროფესორი ვირჯინიის უნივერსიტეტიდან.

“მათი გააქტიურება აშკარაა. იმის მიუხედავად, რომ თვით კომპანიებს შორის მცირეოდენი განსხვავებაა მათი გავლენის და როლის მიხედვით ცალკეული პოლიტიკური მოვლენის განვითარებაში, ზოგადად მაინც მზარდი ტენდენცია აღინიშნება“.

მესნერი აღნიშნავს, რომ „თვითერმა“ 2009 წელს ირანში დროებით შეაჩერა დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოები, რათა დემონსტრანტებს ხელი არ შეშლოდათ კომუნიკაციაში. მოგვიანებით, როცა ეგვიპტის მთავრობამ ინტერნეტი გამორთო ქვეყანაში, „გუგლმა“ და „თვითერმა“ სასწრაფოდ ალტერნატიული გამოსავალი მოძებნეს. „თვითერმა“ სისტემა სატელეფონო ქსელს მიუერთა და დემონსტრანტებს საშუალება მისცა მობილური ტელეფონებით ჩაენაცვლებინათ მათი სოციალური ქსელი.

დღესდღეობით „ფეისბუქს“ ნახევარი მილიარდი წევრი ჰყავს. 100-200 პროცენტი წლიური ზრდა აქვს „თვითერსაც“. ამას ემატება „გუგლის“ და „იუ-თუბის“ განუზომელი პოპულარობა. ასე რომ მომავალში ინტერნეტ-კომპანიების საზოგადოებრივ-პოლიტიკური როლის ზრდას კიდევ უფრო მეტად უნდა ველოდოთ. ახლა მთავარი კითხვა ის არის, თუ რამდენად პოლიტიზირებულები დარჩებიან ისინი.

ჯეფრი ქარი, „ფორბსის“ ჟურნალისტი, რომელიც ვირტუალურ უსაფრთხოებაზე პუბლიკაციებში სპეციალიზდება, აცხადებს, რომ „გუგლის“ შემთხვევაში გადამწყვეტი იყო ის თავისუფლება, რომელსაც მენეჯმენტი თავის თანამშრომლებს ანიჭებს.

„ გუგლი“ მართვის სტილით ძალზე გამოირჩევა. მის თანამშრომლებს სამუშაო საათების 20 პროცენტი თავისუფალი აქვთ. ამ დროს ისინი დამოუკიდებელ პროექტებზე, ახალ იდეებზე მუშაობენ. მე ვფიქრობ, ეს იყო გადამწყვეტი ეგვიპტის მოვლენებში და არა ფორმალური კორპორატიული განკარგულება“.

ჰარვარდის უნივერსიტეტში არსებული ცენტრის - „ინტერნეტი და საზოგადოება“ - პროფესორი, ჯილიან იორკი, აღნიშნავს, რომ ეს კომპანიები თავის დროზე პოლიტიკური აქტივისტობისთვის არ შექმნილან. ასე რომ თვითეულმა მათგანმა უნდა ინდივიდუალურად გადაწყვიტოს, თუ რამდენად პოლიტიზირებული იქნება ის მომავალში. „გუგლმა“ უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი ნეიტრალიტეტისკენ, როდესაც ის გამოვიდა ჩინეთიდან. ახლახან მათ ინტერნეტის დამოუკიდებლობას სპეციალური კონფერენციაც მიუძღვნეს. სხვა პოზიციაზეა „თვითერი“. მისმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ დაამტკიცა მათი პრინციპული ერთგულება სიტყვის თავისუფლებისადმი.

XS
SM
MD
LG