ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ფეისბუქი“ საჯარო კომპანია ხდება


„ფეისბუქი“ საჯარო კომპანია ხდება
„ფეისბუქი“ საჯარო კომპანია ხდება

აქციების გაყიდვის შემდეგ ის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია გახდება

პირველ თებერვალს „ფეისბუქმა“ საბუთები აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების შესახებ შეიტანა. ანალიტიკოსების აზრით კომპანია ამ გზით დამატებით სულ ცოტა 5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მიიღებს, რაც მსოფლიო ისტორიაში აქციების პირველადი საჯარო გაყიდვებისთვის ერთ-ერთ უდიდეს თანხას შეადგენს.

გასაკვირი არცაა, რადგან „ფეისბუქს“ ინტერნეტის მომხმარებლები „გუგლის“ შემდეგ ყველაზე ხშირად სტუმრობენ. კომპანიის მომხმარებელთა რიცხვმა უკვე 800 მილიონს გადააჭარბა. აქციების გაყიდვის შემდეგ ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კომპანიაც გახდება. მისი შემქმნელი და აქციების 57 პროცენტის მფლობელი, მარკ ცუკერბერგი, კი - ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი.

კაპიტალდაბანდებების სპეციალისტი, ანუპამ პალიტი, ამბობს, რომ როდესაც სოციალურ მედიაზეა საუბარი, „ფეისბუქს“ ვერცერთი შეედრება.

„ამ სივრცეში ის უდიდესი კომპანიაა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ანალოგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით, რომლებიც შარშან გახდნენ საჯარო, „ფეისბუქის“ აქციები ძალზე მომგებიანი იქნება“ - ამბობს ის.

რამდენად მომგებიანი? ისმის კითხვა. წინასწარი მონაცემებით სოციალური მედიის ამ მართლაც უნიკალური ტიპის ღირებულება 50-დან 100 მილიარდ დოლარამდეა.

დევიდ კირკპატრიკი წიგნის „ფეისფუქის ეფექტი“ ავტორია.

„იქნება თუ არა „ფეისბუქის“ პირველადი საჯარო შეთავაზება ამერიკის ისტორიაში უდიდესი? ალბათ - არა. მაგრამ ტექნოლოგიურ და ინტერნეტ-კომპანიებს შორის ის აუცილებლად ყველაზე დიდი გახდება“ - აღნიშნავს ექსპერტი.

სულ რამდენიმე თვეში, როგორც კი გაყიდვები დაიწყება, 27 წლის მარკ ცუკერბერგი არამარტო ამერიკის, არამედ მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელთა სიაში შევა.

აქციების საჯარო გაყიდვებზე პირველად ხელი ინსტიტუციონალურ ინვესტორებს, როგორიცაა ბანკები, სხვადასხვა სახის ფონდები, სადაზღვევო კომპანიები და მსგავსი ორგანიზაციები, მიუწვდება. ეს არც ისე ცუდია, ამბობს აქტივების მენეჯერი ჯიმ ო შაგნესი.

პირველადი საჯარო შეთავაზება უმეტესად ძალზე, ძალზე გადაჭარბებული ღირებულებისაა. ინვესტორები, როგორც წესი, ახლადშექმნილი შესაძლებლობით ძლიერ იხიბლებიან და ნებისმიერი თანხის გადასახდელად მზად არიან, ოღონდ კი აქციები მოიპოვონ. ასეთ დროს ჩვენ მათი შეძენის ინდივიდუალურ მსურველებს ვურჩევთ ხოლმე ერთი წელი მაინც მოიცადონ და ამ ხნის განმავლობაში მათ ღირებულებას ყურადღებით მიადევნონ თვალი“ - აღნიშნავს ბატონი ო შაგნესი და დასძენს, რომ ეს განსაკუთრებით ეხება ინტერნეტ-კომპანიებს. მაგალითად კი „ლინკდინის", "გრუპონის“ და "ზინგას" პირველადი საჯარო შეთავაზება მოჰყავს. მისი აქციების საფასური საჯაროობის შემდეგ 25 პროცენტით დავარდა.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალისტები 2004 წელს „გუგლსაც“ იგივე ბედს უწინასწარმეტყველებდნენ, როდესაც კომპანიის აქციები საჯაროდ ხელმისაწვდომი პირველად გახდა. მაშინ „გუგლის“ თითო აქცია 84 დოლარი ღირდა. აქციის დღევანდელი ფასი კი 600 დოლარს შეადგენს.

არსებული რისკების მიუხედავად ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „ფეისბუქს“ დაინტერესებული ინვესტორების სიმცირე არ ემუქრება.

XS
SM
MD
LG