ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბინ ლადენის სიკვდილი ტერორიზმის დაფინანსებას შეასუსტებს


ბინ ლადენის სიკვდილი ტერორიზმის დაფინანსებას შეასუსტებს

პაკისტანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოპოვებულია სადაზვერვო მონაცემები, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას უდავოდ გამოადგება.

ანალიტიკოსთა აზრით, ალ ყაიდას ლიდერის ოასამა ბინ ლადენის სიკვდილის შედეგად მსოფლიო მასშტაბით ტერორისტული საქმიანობის დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდება.

ოსამა ბინ ლადენი საერთაშორისო ტერორიზმის განსახიერება იყო. ბინ ლადენის ფინანსურმა მხარდაჭერამ გასული საუკუნის 80-იან წლებში ავღანეთში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მუჯაჰედინების მიერ გაჩაღებულ ბრძოლაში დიდი წვლილი შეიტანა.

2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, ბინ ლადენის სახელს გლობალურ ასპარეზზე ალ ყაიდასთვის და სამხრეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა თუ ჩრდილოეთ აფრიკაში მოქმედი ალ ყაიდასთან დაკავშირებული ორგანიზაციებისთვის შემოწირულობების შეგროვების მიზნით იყენებდნენ.

სტიუარტ ლევი შეერთებული შტატების ფედერალური ხაზინის ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის განყოფილების მდივნის მოადგილე გახლდათ. იგი ახლა საგარეო ურთიერთობათა საბჭოში მუშაობს.

„ოსამა ბინ ლადენი ძირითად სულისჩამდგმელ ფიგურას წარმოადგენდა, რომელსაც იყენებდნენ როგორც ალ ყაიდაში ახალი წევრების მიღების დროს ისე ფინანსური შემოწირულობების შეგროვების მიზნითაც. ამდენად მისი დაღუპვით მათ დიდი დანაკარგი განიცადეს,“ აღნიშნა სტიუარტ ლევიმ.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ალ ყაიდას ძირითადად საუდის არაბეთში, კუვეიტში, კატარსა და გაერთიანებულ არაბულ საემიროებში მცხოვრები მდიდარი დონორები აფინანსებენ.

ჩამოთვლილი ქვეყნების მთავრობებმა ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული საქმიანობის აღკვეთა არაერთხელ სცადეს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ძალისხმევის გამო ბოლო ხანებში ალ ყაიდას მნიშვნელოვანი ფინანსური შემოწირულობების შეგროვება უჭირს.

ექსპერტების აზრით, მოპოვებული სადაზვერვო მასალების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ალ ყაიდას ასევე უჭირს ტერორისტების მომზადებისა და მათი ოჯახების შენახვის დაფინანსება.

მეთიუ ლევიტი ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტში ანტი-ტერორისტული და სადაზვერვო პროგრამის დირექტორი გახლავთ. ლევიტს მიაჩნია, რომ შეერთებული შტატების საგანგებო დანიშნულების რაზმის მიერ პაკისტანში ბინ ლადენის ლიკვიდირებამ ხელსაყრელი პირობები შექმნა, რათა ალ ყაიდას ორგანიზაცია კიდევ უფრო დაზარალდეს.

„ეს ჩვენ შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს, რათა ალ ყაიდას ქსელს უფრო მეტი ზიანი მივაყენოთ, ფინანსური შემოწირულობებით დაწყებული ორგანიზაციის სხვადასხვა ასპექტებით დამთავრებული,“ აღნიშნავს ლევიტი.

ობამას ადმინისტრაციის ცნობით, პაკისტანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საგანგებო დანიშნულების რაზმის წევრებმა ძალზედ მნიშვნელოვანი სადაზვერვო მონაცემები მოიპოვეს, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას უდავოდ გამოადგება.

საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ცნობების თანახმად, საგანგებო რაზმის წევრებმა დიდი რაოდენობით კომპიუტერები და ინფორმაციის შემნახველი პორტატული მოწყობილობები მოიპოვეს.

„რეიდის შედეგად მოპოვებული სადაზვერვო მონაცემები პოტენციურად ტერორიზმის დაფინანსების შესახებ უაღრესად მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. უფრო მეტიც, მოპოვებული ინფორმაციის მეოხებით ჩვენ თვით ქსელს დავაზიანებთ,“ დასძენს სტიუარტ ლევი.

ანალიტიკოსების შეფასებით, შეერთებული შტატებისა და მოკავშირე ქვეყნების მიერ მიღებულმა ანტი-ტერორისტულმა ზომებმა ალ ყაიდა აიძულა ფინანსური შემოწირულობების შეგროვება უფრო დეცენტრალიზებული გახადოს.

შედეგად, ალ ყაიდასთან დაკავშირებული ორგანიზაციები ფინანსურ სახსრებს დამოუკიდებლად აგროვებენ და ტერორისტულ ოპერაციებს საკუთარი რესურსებით აწარმოებენ ცენტრალური ორგანიზაციისგან მნიშვნელოვანი დახმარების გარეშე.

XS
SM
MD
LG