ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხო ენები და ბავშვთა გონებრივი განვითარება


უცხო ენები და ბავშვთა გონებრივი განვითარება
უცხო ენები და ბავშვთა გონებრივი განვითარება

ის, ვინც ერთ ენაზე მეტი იცის, უკეთ ართმევს თავს მრავალამოცანიან სამუშაოს, ვიდრე ის, ვინც მხოლოდ ერთ ენაზე მეტყველებს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ჩვილ ბავშვს მშობლიური ენა დაბადებამდე გათავისებული აქვს. პროფესორი ქეთი ჰირშ-პასექი ფილადელფიაში ტემპელის უნივერსიტეტის ახალშობილთა ენის პროგრამის დირექტორია.

„ვფიქრობთ, რომ ენის ათვისების პირველი ეტაპი ბავშვის დაბადებამდე, დედის საშოში იწყება, სადაც ბავშვს გამუდმებით ესმის მშობლიური ენა“ - აღნიშნა მან.

"ამერიკის ხმის" კორესპონდენტი რავი ხანა, ხუთ ენაზე მეტყველებს. ის სულ 3 წლის იყო, როცა პირველი უცხო ენა ისწავლა:

„ეს თავისთავად მოხდა. უბრალოდ ჩემი მეზობლები ბენგალელები იყვნენ და მათგან ბენგალური ვისწავლე“ -ამბობს ის.

იყო დრო, როცა ფიქრობდნენ, რომ ადრეულ ასაკში რამდენიმე ენის ერთდროულად სწავლა ბავშვს დააბნევდა. თუმცა დღეს ასე აღარავინ თვლის. ნიუ იორკის ენების სწავლების კონფერენციაზე მეცნიერებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ ბავშვი ენას ადრეულ ასაკში, ფეხის ადგმამდე სწავლობს. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ენ შენგაზის თქმით, ეს ადამიანის ბუნებრივი მოცემულობაა და ეს უნარი ჯილდოდ გვაქვს ბუნებისგან მონიჭებული.

პროფესორი ჯანეტ ვერკერი კანადის ვანკუვერის უნივერსიტეტში სწორედ ამ საგანს - ბავშვების მიერ უცხო ენების ათვისებას - ასწავლის:

“პატარები, რომლებიც დაბადებიდან ერთდროულად ორ ან მეტ ენას სწავლობენ, არამარტო სიტყვიერ მარაგს ითვისებენ, არამედ ენებს შორის გრამატიკულ ნიუანსებსაც მექანიკურად იჭერენ და სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე მშობლებს სახეზე მიმიკურ სხვაობებსაც კი ატყობენ“ - გვითხრა პროფესორმა ვერკერმა.

ეს იმას ნიშნავს, რომ როცა ვსაუბრობთ, ბავშვები მარტო კი არ გვისმენენ, არამედ ჩვენი ტუჩების მოძრაობასაც აკვირდებიან და ამით უხმოდაც ხვდებიან, რომელ ენაზე ვსაუბრობთ. ისინი ძალზე იოლად, ყოველგვარი სტრესის გარეშე გადადიან ერთი ენიდან მეორეზე ერთი და იმავე დიალოგის განმავლობაში.

პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკანასკნელმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ის, ვინც ერთ ენაზე მეტი იცის, უკეთ ართმევს თავს მრავალამოცანიან სამუშაოს, ვიდრე ის, ვინც მხოლოდ ერთ ენაზე მეტყველებს. ნიუ იორკის უნივერსიტეტის კვლევები კი გვიჩვენებს, რომ ორ ან მეტ ენაზე მოლაპარაკე ადამიანი, როგორც წესი, უფრო სწრაფად და ეფექტურად აკეთებს ინფორმაციის დახარისხება-რედაქტირებას, ანუ: მნიშვნელოვანის წინ წამოწევას და უმნიშვნელოს გადაყრას.

ბავშვები, რომლებიც რამდენიმეენოვან გარემოში იზრდებიან, სხვანაირად ფიქრობენ და ყალიბდებიან. მათ ადრეულ ასაკში უკვე იციან, რომ ერთი მცნების რამდენიმე სხვადასხვა სიტყვით გამოხატვა შეიძლება. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი აზროვნება თავიდანვე მოქნილი და თავისუფალია. ასეთი ბავშვები, ჩვეულებრივ, უფრო წარმატებულნი არიან სკოლაში, ვიდრე მათი ერთენოვანი თანატოლები. და კიდევ: რამდენიმე ენაზე მეტყველი ბავშვი ერთგვარ ენობრივ და შესაბამისად - კულტურულ - ხიდს წარმოადგენს. ოღონდ ის არა მარტო არის ხიდი, არამედ თავადაც კარგად ხვდება ამას. ბავშვს უკვე გააზრებული აქვს ეს ფაქტი, რაც მას ღირსებას, კომპეტენტურობას და თავდაჯერებულობას მატებს. მოგვიანებით ეს თვისებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება თინეიჯერულ ასაკში მიმდინარე ფსიქოლოგიური გარდატეხის დროს.

ასე რომ, ნუ შეგვეშინდება ველაპარაკოთ ბავშვებს უცხო ენებზე, რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან. ეს მათი მომავალი წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG