ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი -უილიამ ჰეიგი დღეს ლიბიის ოპოზიციის ლიდერებთან შესახვედრად ბენღაზიში ჩავიდა. მასთან ერთად ლიბიელ მეამბოხეთა მხარდასაჭერად ქვეყანას ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების მდივანი ენდრიუ მიტჩელიც სტუმრობს.
უმაღლესი პირების ვიზიტი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ ლიბიაში ახალი საომარი სტრატეგიის განხორციელებას დაემთხვა. დღეს კადაფის მომხრეთა წინააღმდეგ მიმართულ სპეც-ოპერაციაში ნატომ პირველად ჩართო ბრიტანული და ფრანგული საომარი შვეულმფრენები, რომლებიც შედარებით დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ. მათ დაახლოებით 20 სამიზნე გაანადგურეს, რომელთა შორის სპეციალური სარადარო და საკონტროლო ზონებიც იყო.
ლიბიაში ნატოს მისიის ხელმძღვანელი, კანადელი გენერალი ჩარლზ ბუჩარდი აცხადებს, რომ წარმატებულმა იერიშმა საომარი შვეულმფრენების ეფექტურობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მათი უპირატესობა მეტ სიზუსტეში გამოიხატება, რაც მშვიდობიან მოსახლეობას შორის ნაკლებ მსხვერპლს გამოიწვევს. თუმცა, იმის გამო, რომ შვეულმფრენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ, ისინი მტრისთვის ასევე უფრო იოლი სამიზნეებიც არიან.