ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიზანშეწონილი იყო თუ არა ბინ ლადენის მოკვლა?


მიზანშეწონილი იყო თუ არა ბინ ლადენის მოკვლა?
მიზანშეწონილი იყო თუ არა ბინ ლადენის მოკვლა?

პოლიტიკოსებში და უშიშროების ექსპერტთა წრეებში ცხარე კამათი მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის მოკვლა ამ ეტაპზე. და საერთოდ, სწორად მოხდა თუ არა ბინ ლადენის, როგორც ალ ყაიდას მთავარი ლიდერის, განეიტრალება?

აღარავინ დავობს იმაზე, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი შეერთებული შტატებში ბინ ლადენის მოფიქრებული და დაგეგმილია. მაგრამ შედარებით ნაკლებად ცნობილია მისი ზუსტი როლი ალ ყაიდას მმართველობაში. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკამ ბინ ლადენი და მისი მიმდევრები ავღანეთიდან გამოდევნა.

დასავლეთში ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ავღანეთში ამერიკის სამხედრო კამპანიის დაწყების შემდეგ ალ ყაიდას ცენტრალიზებული მართვის ორგანო დაიშალა. ორგანიზაცია ამჟამად მეტი დამოუკიდებლობის მქონე ფილიალების სახით ფუნქციონირებს. ამ თეორიის მომხრეები ბინ ლადენს უფრო იდეოლოგიურ ლიდერად, შთამაგონებელ, სულისჩამდგმელ ფიგურად მოიაზრებენ, ვიდრე განმკარგავ, უშუალო ბრძანებების გამცემ ხელმძღვანელად.

შონ გრეგორი, დიდ ბრიტანეთში ბრეტფორდის უნივერსიტეტის პაკისტანის კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, რომ დასავლეთის უშიშროების სამსახურებში საგრძნობი ცვილებები შეინიშნება. იქ იმ როლის ხელახალი გადაფასება ხდება, რომელსაც ბინ ლადენი ალ ყაიდას მმართველობაში ასრულებდა ან უფრო სწორად, უშიშროებას ეგონა, რომ ასრულებდა.

“უკვე მერამდენედ მესმის ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს მცხოვრები კოლეგებისგან, რომ ბინ ლადენი უკვე დიდი ხნის განწირული იყო. როგორც ჩანს, ის უშუალოდ არ ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს და მისი როლი ალ ყაიდას მმართველობაში გადაჭარბებულად წარმოგვედგინა. იმის მიუხედავად, რომ ის ყველას იცნობდა და თანამოაზრეებს შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, ბინ ლადენი არც ალ ყაიდას გონებრივი ცენტრი იყო და არც სამხედრო მოქმედებების ავტორი“ - აღნიშნავს ბრიტანელი პროფესორი.

აბოთაბადში ბინ ლადენის სამალავიდან ამოღებულმა საბუთებმა კონტრ-არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა წარმოაჩინა. ხშირად მოისმენთ სპეკულაციებს იმის შესახებ, რომ ნაპოვნია რკინიგზის ლიანდაგის აფეთქების გეგმები და ბინ ლადენის შეგონებები საკუთარი თანამოაზრეებისადმი, რომლებშიც იგი ამერიკული სამიზნეების მიმართ უფრო მეტად აგრესიული შეტევისკენ მოუწოდებს. ზოგიერთი ამერიკელი ექსპერტი სამალავს „ბრძანების და კონტროლის ცენტრსაც“ კი უწოდებს.

ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ალ ყაიდას მმართველი ჯგუფის დაშლას, რომელიც ჯერ კიდევ ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ინტერვენციით დაიწყო, მეორე რანგის ლიდერთა დაპატიმრებამაც უთუოდ ხელი შეუწყო. უშიშროების მიერ რამდენიმე ლიდერის განეიტრალებამ, რომელთა შორის ფაიზალ შაჰზადი და მაიორი ნიდალ ჰასანი იყვნენ, ალ ყაიდას ცენტრალურ ორგანოს მნიშვნელოვანი დასაყრდენი გამოაცალა.

ექსპერტები ცდილობენ გაარკვიონ, თუ ვინ შეცვლის ბინ ლადენს, როგორც ალ ყაიდას ლიდერს და ძირითადად მის მოადგილეზე, აიმან ალ ზავაჰირზე, ჩერდებიან. მაგრამ ზავაჰირს ძლიერი ოპოზიცია ჰყავს და ეს საკითხი ჯერ ისევ გაურკვეველი რჩება. დღევანდელ ალ ყაიდას მონოლითურობა აკლია და ფილიალებით იემენში, ავღანეთში და ერთმანეთს საკმაოდ დაცილებულ ქვეყნებში, ის შედარებით დაქსაქსულ ორგანიზაციას წარმოადგენს.

ჯერემი ბინი, ტერორიზმის სპეციალისტი ორგანიზაციიდან - თავდაცვის და უსაფრთხოების ანალიზი - თვლის, რომ ბინ ლადენის გარეშე ალ ყაიდას მოქმედება უფრო ლოკალურ ხასიათს მიიღებს, ვიდრე - გლობალურს.

“ალ ყაიდაში აზრთა სხვადასხვაობაა. ზავაჰირი ბინ ლადენის როლის მორგებას შეეცდება. ადამიანის, რომელსაც ყველა ანგარიშს უწევს და დიდ შეიხს უწოდებს. მე მგონია ეს არც ისე იოლი ამოცანა იქნება“ - ამბობს ის და დასძენს, რომ ბინ ლადენის სიკვდილმა ამერიკელებს კათარზისის დროებითი ილუზია შეუქმნა, მაგრამ ალ ყაიდას ან ჯიჰადისტური ტერორიზმის მოსპობა მომავალში ბევრად უფრო რთული ამოცანა იქნება.

XS
SM
MD
LG