ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტიქიამ იაპონია-ამერიკის სავაჭრო მოცულობაზე უარყოფითად იმოქმედა


სტიქიამ იაპონია-ამერიკის სავაჭრო მოცულობაზე უარყოფითად იმოქმედა

სავაჭრო ბრუნვის მოცულობის მიხედვით, იაპონია მნიშვნელობით ორივე პორტის მეორე სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს.

ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის მიხედვით, იაპონია შეერთებული შტატების მნიშვნელობით მეოთხე სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა გახლავთ. მიმდინარე წლის პირველი ორი თვის მანძილზე ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა, მაგრამ ყოველივე ეს მიწისძვრამდე და ცუნამამდე შეინიშნებოდა. ახლა სტიქიით გამოწვეული ზარალი შეერთებული შტატების ყველაზე მნიშვნელოვან ორ საზღვაო პორტს დაეტყო, სადაც იაპონიიდან იმპორტირებული საქონლის ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული პროდუქცია ან ავტონაწილები ჯერ იაპონურ პორტებში უნდა გაიგზავნოს, ხოლო შემდეგ კი ოკეანის გადაღმა შეერთებულ შტატებში, რაც სულ ცოტა ორ კვირას იკავებს. მიწისძვრითა და ცუნამით გამოწვეულმა ზარალმა აგრეთვე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა შეერთებული შტატებიდან იაპონიაში მიმავალი საექსპორტო პროდუქციის ნაკადზეც.

ყოველდღიურად ლოს ანჟელესისა და ლონგ ბიჩის პორტებში აზიური ქვეყნებიდან გემები შემოდის. დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ორი პორტი კონტეინერების გადაზიდვების ბრუნვით შეერთებულ შტატებში ყველაზე მნიშნელოვანია. სავაჭრო ბრუნვის მოცულობის მიხედვით, იაპონია მნიშვნელობით ორივე პორტის მეორე სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს.

„20 ან 30 წლის წინ იაპონიამ საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ლოს ანჟელესის პორტში მზარდი სავაჭრო ბრუნვა სწორედ იაპონიის დამსახურებაა “ - აღნიშნავს ლოს ანჟელესის პორტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ფილიპ სანფილდი.

სანფილდის თქმით, იაპონიის წილი ლოს ანჟელესის პორტის საერთო სავაჭრო ბრუნვაში დაახლოებით 15 პროცენტს აღწევს. იაპონიიდან იმპორტის მთავარ სახეობებს ავტონაწილები და ავტომანქანები შეადგენს. მაგალითად, საავტომობილო კომპანია „ნისანის“ ავტომანქანები შეერთებულ შტატებში ლოს ანჟელესის პორტის გავლით იგზავნება. ხოლო „ტოიოტას“ ავტომანქანები კი ლონგ ბიჩის პორტის გავლით. აი რას ამბობს ამასთან დაკავშირებით ლონგ ბიჩის პორტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი არტ უონგი:

„შევიტყვე, რომ ტოიოტა აქ ავტომანქანების გაგზავნას შეამცირებს. არ არის გამორიცხული რომ ტოიოტას მანქანებით დატვირთული გემების რიცხვი შემცირდება. მიწისძვრის გამო ქარხნები დაიხურა. ახლა წარმოება თითქოს ამუშავდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით იგივე დონეს არ აღწევს.“

იგივე შეიძლება ითქვას ავტონაწილებზე, აღნიშნავს ფილიპ სანფილდი. მისი თქმით:

„აქ განლაგებული ავტომანქანებით მოვაჭრეები, რომლებიც ავტონაწილებზე არიან დამოკიდებულნი, გვაცნობენ, რომ ვაჭრობა შენელდა.“

იაპონიიდან იმპორტის შენელების პარალელურად, შეერთებული შტატებიდან იაპონიაში გარკვეული სახეობის პროდუქციის ექსპორტიც შეფერხდა.

ჯო ლობუემ 30 წლის წინ კომპანია „ლობუე ციტრუსი“ დაარსა, რომელიც შეერთებული შტატებიდან იაპონიაში ციტრუსებს აგზავნის. ლობუეს თქმით, ჩვეულებრივად ფორთოხლის ექსპორტის 40 პროცენტი იაპონიისთვის არის განკუთვნილი. მაგრამ მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში მიმავალი ფორთოხლის ექსპორტი 10-15 პროცენტით შემცირდა.

„გაყიდვის მოცულობა შემცირდა და შედეგად ჩვენ დაახლოებით 250,000 დოლარით დავზარალდით “- დასძენს ჯო ლობუე.

ლოს ანჟელესისა და ლონგ ბიჩის პორტების ადმინისტრაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის სრული გავლენა ექსპორტსა და იმპორტზე დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ გახდება ცნობილი. ცხადია, რომ ამერიკა-იაპონიის ვაჭრობის მოცულობა ადრინდელ დონეს მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში თუ დაუბრუნდა.

XS
SM
MD
LG