ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბავშვთა უფლებები საქართველოში


ბავშვთა უფლებები საქართველოში

"საქართველოს ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს" - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე.

გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) საქართველოში ბავშვთა მდგომარეობის შესახებ ახალი ანგარიში წარმოადგინა.

”10 წლის წინ საქართველოში დაბადებული ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებას ნაკლები შანსი ჰქონდა, თუმცა საქართველოს ბავშვების ¼-ზე მეტი კვლავ სიღარიბეში ცხოვრობს” - განაცხადა პარლამენტში გამართულ პრეზენტაციაზე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში რულანდ მონაშმა. მისივე თქმით, მიუხედავად ოჯახის ფინანსური მდგომარეობისა, თითქმის ყველა ბავშვი დადის დაწყებით სკოლაში .მაგრამ სიტუაცია ასეთივე წარმატებული არ გახლავთ სკოლანდელი განათლების სფეროში, სოფლად მცხოვრები ღარიბი ოჯახის ბავშვები სკოლანდელ დაწესებულებებში , ბაღში, ვერ დადიან, მაშინ როცა სკოლანდელ განათლებას აქვს ბავშვის განვითარებისთვის ძალაინ დიდი მნიშვნელობა, განაცხადა პრეზენტაციაზე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა.

”ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე არის სამი დარგი, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა და როგორ ირეკლება საზოგადოება სარკეში” - ამბობს საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი:

”და ზუსტად საზოგადოების სარკე კარგად ჩანს პატიმრებში, ფსიქიურად დაავადებულ ადამიანებში და ბავშვებში. რა თქმა უნდა, ბევრი დადებითი ტენდენცია ჩანს და ვამაყობთ, ასევე, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ელჩი ევროპაში ვამაყობ, რომ ათასწლეულის განვითარების მიზნები ნელნელა მიიღწევა საქართველოში. მაგრამ, რა თქმა უნდა, თითეული ბავშვის და თითეული დედის სიკვდილი არის ტრაგედია და ჩვენ უნდა ვეცადოთ თავიდან ავიცილოთ”..

საქართველოს ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე:

” ის ფაქტი, რომ დღეს 2/3-ით არის შემცირებული 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილობა, ის, რომ 4/3-ით არის შემცირებული დიდ ინსტიტუციებში მყოფი ბავშვების რიცხვი, ის, რომ დღეს უფრო მეტ ბავშვს აქვს საშუალება მიიღოს განათლება, როგორც სკოლამდელი ისე სკოლის განმავლობაში, ის, რომ უკეთეს მდგომარეობაში ცხოვრობენ პირველ რიგში უღატაკეს ოჯახებში ბავშვები და მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული მათი დაცულობა დაბადების დღიდან - ეს ძალიან ბევრზე მეტყველებს. კიდევ მინდა გავამახვილო ყურადღება რეგისტრაციის გაუმჯობესებაზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დამოუკიდებელი კვლევის სტატისტიკის და ჯანდაცვის სტატისტიკის ინფორმაციები და რიცხვები არის იდენტური.

ვაცნობიერებთ, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემაა გადაუწყვეტელი და ძალაინ ბევრ კითხვაზე პასუხი გაუცემელი. სწორედ ამიტომაც საქართველოს მთავრობის 10-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ეფექტური სოციალური დაცვა და ხელმისაწვდომობა ხარისხიან ჯანდაცვაზე”.

როგორც უკვე აღინიშნა, გაეროს ბავშვთა ფონდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვთა სკოლანდელ განათლებას. საქართველოში ახალი სასწავლო წლიდან გაუქმდა უფასო ბაღები. რამდენად შეუძლია ღარიბი მოსახლეობის დიდ ნაწილს, მითუმეტეს სოფლად, თვეში 100 ლარამდე საფასურის გადახდა? - ამ კითხვით პრეზენტაციაზე სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს მივმართე :

”მინდა გითხრათ, საქართველოში თუ ჩვენ პრობლემა გვაქვს, უმეტესი მათგანი სწორედ გამომდინარეობს ეკონომიკური ხასიათის პრობლემებიდან. ამას მოწმობს როგორც ჩვენს მიერ ჩატარებული მონიტორინგი და კვლევები, ასევე ის ინდივიადულური საკითხები, რომლითაც სახალხო დამცველს მიმართავენ ძალიან ხშირად. უმეტეს შემთხვევაში, ვიტყოდი 70% განცხადებების დაკავშირებულია იმასთან, რომ ძალიან ხშირად მშობლებს არ აქვთ საშუალება ბავშვისთვის შეიძინონ, უზრუნველყონ კონკრეტული სერვისი. იმიტომ, რომ მათ არ აქვთ საშუალება რაიმე საფასურის გადახდის. ან კიდევ, ბავშვს პრობლემები აქვს კანონთან, ბავშვს პრობლემა აქვს განათლების ხელმისაწვდომობასთან.. სწორედ იმ პრობლემის გამო, რომ ოჯახი ვერ ყიდულობს მისთვის წიგნს, სასკოლო ფორმას, ჩანთას.. ასევე ძალიან ხშირია, როდესაც მშობლებს არანაირად არ აწუხებს ბავშვი ივლის თუ არა სკოლაში და ისწავლის თუ არა. ისინი პირიქით, მოტივაციასაც აძლევენ ბავშვებს, რომ ქუჩაში გავიდნენ და იქ იმუშაონ. ეს არის მიზეზი, რომ ასეულობით ბავშვი ცხოვრობს და მუშაობს ქუჩაში..

ეს ტენდენცია ახლა გაჩნდა?

"ამ პრობლემას ბოლო რამდენიმე წელია რაც ჩვენ ვუყურებთ. უკვე 2 წელია სახალხო დამცველი ვარ და ამ მხრივ სურათი არც ისე დამაიმედებელია. რა თქმა უნდა, ინდიკატორები, რომელიც დღეს იყო მოყვანილი მიუთითებს არაერთ გაუმჯობესებაზე, რომელიც კონკრეტული მიმართულებით შეინიშნება. ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ადეკვატურია, თუმცა, არაერთი პრობლემა, რომელზეც ვისაუბრე, საკმაოდ აქტუალურია და თუ არ იქნა სოციალური მხარდაჭერა აღმოჩენილი იმ ოჯახებისთვის, სადაც ბავშვები სიდუხჭირეში არიან და სერიოზულ სოციალურ პრობლემებს განიცდიან, ეს პრობლემა არ მოგვარდება”.

გაეროს ბავშვთა ფონდი, (UNICEF)მსოფლიოს 150 ქვეყანაში მუშაობს და ცდილობს ბავშვების უფლება სიცოცხლისა და განვითარებისთვის დაიცვას.

XS
SM
MD
LG