ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტაბილურობის შენარჩუნება ამიერიდან მხოლოდ ერაყელებზე იქნება დამოკიდებული.

დეკემბრის ბოლოს ერაყის სამხრეთში მდებარე ბაზაზე ამერიკულ დროშებს დაუშვებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის ცხრა წლის შემდეგ, შეერთებული შტატების სამხედრო დანაყოფები ერაყიდან გამოვლენ.

მაიორი ბატლერ კენდრიკი მე 20-საინჟინრო ბრიგადის მეთაურია. ის ერაყში პირველად 2003 წელს - ომის დაწყებისთანავე ჩავიდა და ერთ-ერთი იმ ჯარისკაცთაგანი იქნება, ვინც ერაყს ბოლო დატოვებს.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მაიორი კენდრიკი ახალი ცხოვრების დაწყებას ფიქრობს:

„ჩემს გოგონასთან და მეუღლესთან უფრო მეტ დროს გავატარებ. ვეცდები ცხოვრება მარტივი და მშვენიერი მოვლენებით შევივსო.“

ამ სურვილთან ერთად კენდრიკს შინ ომის საზარელი მოგონებებიც მიაქვს. მისი თქმით, ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით მტკივნეულია. 2007 წელს მან მეგობარი, მაიორი ჯეიმს აირნი დაკარგა, რომელიც მეამბოხეების მიერ გზის პირზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა:

„ის თვითნაკეთ ბომბზე აფეთქდა. იმ დღეს გზის პატრულირებაზე ერთად ვმუშაობდით. ყველაზე მძიმედ მისი გარდაცვალება მახსოვს, იმიტომ რომ ჯეიმსი მარტო თანამებრძოლი კი არა - ჩემი უახლოესი მეგობარი იყო.“

ერაყში სამხედრო ოპერაციის შედეგად, 4400 ამერიკელი დაიღუპა და ათობით ათასი დაიჭრა. ამერიკის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ომი ერაყის დიქტატორის სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად და ერაყელი ხალხისთვის თავისუფლების მისაცემად დაიწყო.

გენერალი ჯეფრი ბუკენანი ამბობს, რომ ერაყში სტაბილურობის მხრივ პროგრესი უდავოდ არის თუმცა, მისი შენარჩუნება ამიერიდან მხოლოდ ერაყელებზე იქნება დამოკიდებული.

„ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელიც ერაყში უკვე 8 წელზე მეტია იმყოფება, რთული იქნება, ვერ დაინახოს დღემდე მიღწეული პროგრესი. მაგრამ, მე არასოდეს დავივიწყებ იმას, თუ რა ფასად დაგვიჯდა ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, ერაყელებს არაჩვეულებრივი შესაძლებლობები გაუჩნდათ, რომლებიც მანამდე არ ჰქონდათ. იმედს ვიტოვებ, რომ ისინი ამ შესაძლებლობებს სასიკეთოდ გამოიყენებენ.“

ერაყელების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამერიკის სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ათობით ათასი მათი თანამემამულე შეეწირა, დანაკარგად არ ღირდა.

ჰაბა ჰიშამის უფროსი და 22 წლის ასაკში დაიღუპა. ის არც თუ ისე მძიმედ იყო დაჭრილი, მაგრამ იმის გამო, რომ საავადმყოფოებს საჭირო მედიკამენტები და ხალსაწყოები არ ჰქონდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.:

„არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რამდენად რთული იყო ცხოვრება სადამის მმართველობის დროს. ამდენი ადამიანის სიკვდილი, ამდენი ნგრევა და ტანჯვა არაფერში გვჭირდებოდა. პრობლემა ისაა, რომ მნიშვნელოვან განსხვავებას ისევ ვერ ვხედავთ, ისევ ხდება აფეთქებები, ისევ იბომბება ქალაქები და ადამიანებიც ძველებურად ეწირებიან ამ კონფლიქტს.“

რვაწელიწადნახევრიანმა ომმა ღრმა იარები დაასვა, როგორც ამერიკელ ხალხსა და ჯარისკაცებს, ასევე ერაყელებსაც.

XS
SM
MD
LG