ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხანძარი ომით დაზარალებულ სოფლებში


ხანძარი ომით დაზარალებულ სოფლებში
ხანძარი ომით დაზარალებულ სოფლებში

ცხინვალისპირა სოფლებში ორჯერ ხანძარი გაჩნდა.

ცხინვალისპირა ქართულ სოფლებში ცხოვრება რთული არა მხოლოდ დაუცველობის დიდი რისკისა და სროლის ხმების მოსმენის რეჟიმში ყოფნის გამოა. ომისგან დაზარალებული სოფლებში არანაირი საგანგებო სახელმწიფო პროგრამა არ მუშაობს, რომელიც მიწაოკუპირებული გლეხისთვის ადგილზე დამაგრების რაიმე გარანტიას შექმნიდა.

აქ მცხოვრები ადამიანებისთვის, მათთვის, ვისი ნაკვეთიც ოკუპირებულ მხარეს არ აღმოჩნდა და ნათესების გაკეთების საშუალება მიეცათ, მთელი ზაფხულის მანძილზე წვიმა იყო სანატრელი, რადგან სარწყავი წყალი მხოლოდ ზეციდან თუ მოევლინებოდა ამ მხარეს. სარწყავი არხის ამუშავება კვლავაც შორეულ მითად რჩება. 2008 წლის ომამდე ამ ადგილებს სარწყავი წლით ორი არხი ამარაგებდა, რომლებიც ასევე ოკუპირებულ მხარეს მოხვდა, რის გამოც წყლით ვაჭრობა უკვე კარგა ხანია პოლიტიკურ საკითხად იქცა.

უწყლობისა და გვალვის გამო ამ მხარეში ხანძარმაც იფეთქა და ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ცხინვალისპირა სოფლების მცხოვრებლებს, გაჭირვებით მოწეული ხილი და ხორბლის ყანები გაუნადგურდა. ხანძარი აქ ორჯერ გაჩნდა. თავდაპირველად ამის მიზეზი მაღალი ტემპერატურის გამო გადახურებული კომბაინი აღმოჩნდა, მეორედ კი ცეცხლი აღებული ხორბლის ნარჩენებს მოედო. ზარალი საკმაოდ სერიოზულია. ხელისუფლება ჯერჯერობით არ საუბრობს ზარალის კომპენსაციაზე, რადგან ჯერ დამნაშავეს ეძებენ. ადამიანს, რომელმაც ხორბლისგან დარჩენილ თივას ცეცხლი მოუკიდა.

ერთ-ერთი დაზარალებული, რომელსაც ჩვენ გავესაუბრეთ, ამბობს, რომ ხორბლის აღების შემდეგ დარჩენილი თივისთვის ცეცხლის მოკიდება ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ეს მომავლისთვის სარეველების მოსპობას უწყობს ხელს და როგორც წესი, ყველა ფერმერი, ჩვეულებრივ ასე იქცევა. მისი აზრით, ხანძარი მაღალი ტემპერატურისა და უწყლობის გამო გაჩნდა.

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია ბურჯანაძე ამბობს, რომ ტემპერატურა და უწყლობა ხანძართან კავშირიში არაა და მისი მიზეზი მხოლოდ დანაშაულებრივი ქმედებაა. რაც შეეხება მოსახლეობისთვის ზარალის კომპენსაციას, ამის შესახებ, ხელისუფლებას პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია.

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, თამაზ ქებაძე გამგებლისგან განსხვავებით ამბობს, რომ რომ არა ასეთი მაღალი ტემპერატურა, ხანძარი არ გაჩნდებოდა. მისგან დამწვარი ფართობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მივიღეთ, მაგრამ იზრუნებს თუ არა ხელისუფლება ცხინვალისპირა სოფლების ხანძრით დაზარალებული მოსახლეობისთვის ზარალი ანაზღაურებაზე, კვლავაც უცნობი დარჩა.

ომის შემდეგ უკვე მეორე ზაფხული იწურება, თუმცა ამ დრომდე უწყლოდ დარჩენილი ცხინვალისპირა სოფლების წყლით უზრუნველყოფა ხელისუფლებამ, არაერთი დაპირების მიუხედავად, ჯერაც ვერ შეძლო.

XS
SM
MD
LG