ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქრისტიანები ახლო აღმოსავლეთიდან გარბიან


ქრისტიანები ახლო აღმოსავლეთიდან გარბიან
ქრისტიანები ახლო აღმოსავლეთიდან გარბიან

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ეგვიპტესა და ერაყში მცხოვრები ქრისტიანების წინააღმდეგ ბევრი თავდასხმა განხორციელდა.

ახალ წელს ეგვიპტეში ქრისტიანულ ეკლესიაზე მომხდარ თავდასხმას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლას სარკოზიმ „საზარელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ხსენებული ტერორისტული აქტი იზოლირებული შემთხვევა არ იყო.

ეგვიპტესა და ერაყში ქრისტიანების წინააღმდეგ, ამ ბოლო ხანებში აგორებული ძალადობის ფონზე, სარკოზის საჯაროდ გაკეთებულ შენიშნვნებს გამოხმაურება მოჰყვა. ლონდონიდან "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი სელა ჰენესი იუწყება:

გასულ პარასკევს პრეზიდენტმა სარკოზიმ რელიგიურ ლიდერებს საახალწლო გამოსვლით მიმართა. თავის გამოსვლაში ქრისტიანების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა სარკოზიმ „ახლო აღმოსავლეთში რელიგიური წმენდის უზნეო გეგმად“ შერაცხა.

სარკოზიმ აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების აღმოფხვრა დაუშვებელია.

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, ეგვიპტესა და ერაყში მცხოვრები ქრისტიანების წინააღმდეგ, ბევრი თავდასხმა განხორციელდა.

ერაყში, გასულ ოქტომბერს ბაღდადის ერთ-ერთ ქრისტიანულ ეკლესიაზე განხორციელებულ თავდასხმას ათობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ხოლო ეგვიპტეში, ახალ წელს ეკლესიის შენობის გარეთ აფეთქებული ბომბის შედეგად, ოცზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ათწლეულების მანძილზე ეს ეგვიპტელი ქრისტიანების წინააღმდეგ ყველაზე სისხლიანი თავდასხმა გახლდათ.

ერიკა ჰანტერი აღმოსავლეთ ქრისტიანობას ბრიტანეთში მდებარე აღმოსავლური და აფრიკული კვლევების სკოლაში ასწავლის.

ჰანტერს მიაჩნია, რომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები მეტყველებს იმაზე, რომ რეგიონში ძალზედ შემაშფოთებელი ახალი ტენდენცია შეინიშნება:

„ერაყსა და ეგვიპტეში ქრისტიანების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები უდავოდ ახალ ტენდენციას ასახავს. აღსანიშნავია, რომ ადრე ადამიანების გატაცება და მკვლელობა ხშირი იყო, მაგრამ 31 ოქტომბრამდე ეკლესიებში მლოცავ მრევლზე თავდასხმები არ დაფიქსირებულა “- აღნიშნავს ბრიტანელი მკვლევარი.

ჰანტერს მიაჩნია, რომ თავდასხმები ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ქრისტიანების დაშინებას ისახავს მიზნად. ეგვიპტეში მცხოვრები კოპტი ქრისტიანები შობას გასულ პარასკევს, 7 იანვარს აღნიშნავდნენ.

"მაგრამ შობის დღესასწაულის აღნიშვნის ნაცვლად, ეგვიპტელი ქრისტიანები 1 იანვარს დაღუპულებს იხსენებდნენ "-აღნიშნავს ჰანტერი.

მკვლევარის აზრით, ძალადობის ზრდა ფუნდამენტალისტური ჯგუფების გააქტიურებას უკავშირდება.

ფიონა მაკალუმი შოტლანდიაში მდებარე წმინდა ენდრიუს უნივერსიტეტის თანამშრომელია. მაკალუმის კვლევის საგანი ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ქრისტიანების ცხოვრება გახლავთ.

თავდასხმები ქრისტიანების წინააღმდეგ, ახლო აღმოსავლეთში ფართოდ გავრცელებულ განწყობას არ ასახავს, აღნიშნავს ფიონა მაკალუმი. იგი არ ეთანხმება ბატონ სარკოზის მოსაზრებას, რომ ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმები „რელიგიურ წმენდას“ წარმოადგენს, რომელმაც თითქოს ფართომასშტაბიანი დევნის დონეს მიაღწია.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ თავდასხმების შედეგად ბევრი ქრისტიანი მშობლიურ ქვეყნებს დატოვებს.

მაკალუმის თქმით, ერაყელი ქრისტიანები ერაყიდან უკვე დიდი ხნის მანძილზე გარბიან. ერაყის ქრისტიანული მოსახლეობა, რომელიც ოდესღაც 1.5 მილიონს აღწევდა, ახლა 850,000-ზე ნაკლებია.

მაკალუმს მიაჩნია, რომ ეგვიპტელ ქრისტიანებს შეიძლება იგივე ბედი ეწიოთ:

„უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონს როგორც ქრისტიანები ისე მუსულმანები ტოვებენ. მაგრამ ვფიქრობ, თავდასხმების შედეგად ქრისტიანები თავისი რელიგიური იდენტურობის გამო მთელს რეგიონში უფრო დაუცველები აღმოჩნდნენ “ - დასძინა მაკალუმმა.

გასულ თვეს გაეროს მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, ბაღდადში ოქტომბერში მომხდარი თავდასხმიდან მოყოლებული, დაახლოებით 6,000 ერაყელი ერაყის ჩრდილოეთ ქურთებით დასახლებულ რეგიონში ან სხვა ქვეყნებში გაიხიზნა.

XS
SM
MD
LG